Wednesday 25 December 2013

რისი იმედი უნდა გქონდეს უიმედოთა ქალაქში


პატარა ბავშვივით ვარ, სხვის ხელში რომ ვხედავ წიგნს, ის წიგნი მინდა. უჰ, სადმე თუ დატოვეს მერე სანიშნჩადებული, ხელიდან არ გავუშვებ. 
ასე აღმოჩნდა, რომ სტივენ კინგის „უიმედოთა ქალაქი“-ს კითხვა მე და ჩემმა ორივე ძმამ ერთდროულად დავიწყეთ. გარეკანმა და წარწერამ „Lord, help me to remember, that you are my creator” სათაურთან კომბინაციაში, უკვე დამაინტერესა. 

მინდა თუ არა წიგნის წაკითხვა ან მომწონს თუ არა, ჩემი მეთოდით ვამოწმებ. უბრალოდ გადავშლი და ვიწყებ კითხვას. ადრე ვიტანჯებოდი ხოლმე, რომელიმე გაწელილ ადგილს რომ მივადგებოდი, სახლის, მამულის ან ბუნების გრძელ აღწერას, წინ რომ ვეღარ მივდიოდი, რამდენიმე ფურცელს გადავშლიდი, ოდნავ წინ წავიკითხავდი, ინტერესს აღვიძრავდი, სტიმულს მივცემდი თავს და მერე ისევ ტანჯვით ჩავიკითხავდი იმ უინტერესო ადგილს. გამოტოვებით არ ვტოვებდი. რაც გავიზარდე. ასეთ ადგილს თუ გადავაწყდი, წიგნს გვერდზე ვდებ და სხვა წიგნით ვინტერესდები, რაღაც დროის მერე ვბრუნდები. ზოგჯერ მავიწყდება დაბრუნება. თანამედროვე წიგნები იმით მომწონს, რომ ასეთი ადგილები ფაქტობრივ არ მხვდება. დასაწყისიც ეფექტურია, პირდაპირ ამბის შუაგულში აღმოჩნდები, ეგრეთწოდებული „ექშენი“ მეტია. გმადლობთ, გულწრფელად. თორემ წიგნი რომ იმის მოყოლით იწყება, ვინ ვისი შთამომავალია და ეს მამული ან სახლი როგორაა აშენებული, ძალიან მიმძიმს. ალბათ იმიტომაც, რომ ყველაფრის წარმოდგენას პატიოსნად ვცდილობ და თავი ამტკვივდება ხოლმე.
„უიმედოთა ქალაქი“ კი ისე დაიწყო, რომ უუუჰ. დაიწყო ფილმივით, ამერიკული, ვესტერნული, უდაბნოთი და ცარიელი გზატკეცილით. პოლიციის მანქანამაც არ დააყოვნა. პრინციპში, დასაწყისი დასასრულს ჰგავდა.
შენ ეგ არ მოგეწონება, - ერთხმად გადაწყვიტეს ჩემმა ძმებმა. თუმცა რატომ ამბობდნენ ასე, არც ერთს არ უცდია ახსნა.
რაც წინ მივიწევდი, მიხვდი, ალბათ იმ საშინელი ამბების გამო თქვეს ასე, რაც იქ ხდებოდა და მე ხომ სასტიკად არ მიყვარს ძალადობის გამოვლინებები.
მაგრამ წიგნი ხელიდან ვერ გავაგდე.
მისტიკა? რა გითხრა, მისტიკად არ აღმიქვია ან ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი. ჩემთვის რაღაცნაირად რეალური წიგნი იყო.
ეს რომ ფილმი ყოფილიყო, ყველაფერი საათნახევარში, მაქსიმუმ ორ საათში მორჩებოდა. წაკითხვით რამდენიმე დღე დამჭირდა. ვცდილობდი, სწრაფად წამეკითხა, რადგან განცდა მქონდა, ის ხალხი გასაჭირში მივატოვე. პატარობაში რომ ღრმა თეფში მქონდა, რომლის ძირზეც გემი ეხატა რამდენიმე მეზღვაურით და წვნიანის ჭამა რომ არ მინდიდა, მეუბნებოდნენ, თუ არ შეჭამ, დაიხრჩობიანო და მეც თავს ვწირავდი მათ გადასარჩენად და ბოლომდე ვათავებდი საჭმელს. ახლა წიგნი უნდა ჩამემთავრებინა. თან ისიც ვაღიარე, ავტორი ძალიან მაგარი ფსიქოლოგია-მეთქი. ის იყო, ვიფიქრებდი, დამთავრდება ახლა ყველაფერი-მეთქი და იმედის ისეთ სხვივს შემოჭრიდა, ამოივისუნთქავდი. მოდუნების საშუალებას დიდხანს არ მომცემდა და ისევ ისე გაართულებდა ყველაფერს, გადამიწურავდა ყველა იმედს. ცივი და ცხელი შხაპის თერაპია ემოციებისთვის.
კიდევ რაღაცების თქმა შეიძლებოდა, მაგრამ აღარ მახსოვს. მახსოვს, რომ წიგნი როდესაც დავხურე, ავტორისთვის ტაშის დაკვრის სურვილი გამიჩნდა. ან მადლობის თქმის.
რაში ჭირდებოდა ამდენი ძალადობა? იმისთვის, რომ ...
იმედის გამონათებები რომ მქონდა, უმცროსმა ძმამ მითხრა, ეს კინგია, ბედნიერ დასასრულს არ ელოდეო.
საერთოდ არ მიყვარს, როდესაც სათქმელი ზედაპირზე დევს, როგორც მდინარიდან ამოყრილი თევზი, ლამში რომ გდია და იხრწნება და სუნი ასდის. როდესაც რაღცას პირდაპირ მაწოდებენ, პროტესტის განცდა მიჩნდება.
აი, სტივმა (ხომ შეიძლება, ასე მივმართო?) ჩამკიდა ხელი და მტვერში და სიბინძურეში მატარა და მაბოდიალა, ხან გავიკაწრე, ხან სიბნელეში უკან მიხედვისაც შემეშინდა, ხან გვერდით მდგომის მიმართ უნდობლობის განცდა გამიჩნდა...
ბოლოს კი, ბოლოს, წიგნი რომ დავხურე, გამეღიმა, ყოჩაღ სტივენ, ყოჩაღ. ახლა გასაგებია, სად და რატომ ვიარეთ. მადლობა

5 comments:

  1. ზუსტად ასეთი განცდა მაქვს უინტერესოდ გაწელილ ადგილებზე და ასე ვიქცეოდი მეც ბავშვობაში... დამაინტერესა წიგნმაც, მადლობა ასეთი საინტერესო აღწერისათვის : )))

    ReplyDelete
    Replies
    1. მიხარია, რომ მოგეწონა ^_^ და რაც მთავარია, რომ დაგაინტერესა წიგნმა

      Delete
  2. რამდენი ხანია ამ წიგნის წაკითხვა მინდა ! ამ პოსტის მერე რომ არ წავიკითხო უნამუსობა იქნება და მეტი არაფერი :))

    ReplyDelete
    Replies
    1. ვაჰ, როგორ გამიხარდა, რომ ასე დადებითად იმოქმედა პოსტმა : )

      და კიდევ, მადლობა კომენტარისთვის. მდუმარედ რომ გადიან, ვერც ვიგებ, თუ წაიკითხეს ხოლმე : )

      Delete
  3. მარტო ესეთი გადმოცემის გამო ღირს წაკითხვა :))

    ReplyDelete