Saturday 3 June 2017

ჩვენ - პირველი სამუშაო მიმოხილვა

იმის ნაცვლად, რომ ახალდაბეჭდილ "გარდასახვაზე" ან "პინგვინთა კუნძულზე" ვწერო, ვწერ წიგნზე, რომელიც გზაშია, ქმნის პროცესშია და დღე-დღეზე ველოდებით მის დაბადებას.
ქართულად, თორემ ორიგინალი 1920-იან წლებში, ადრეულ ოციანებში, ან სულაც 20 წელს ან 21-ში მოევლინა ქვეყანას (რატომღაც არ ჩავთვალე ამ ეტაპზე იმდენად მნიშვნელოვნად დაწერის ზუსტი თარიღი, რომ გადამემოწმებინა. მერეც მოვასწრებთ).

იშვიათად მქონია ასეთი განცდა წიგნზე, რომ კითხულობ და ისე მოგწონს, ქვეცნობიერში წარმოქმნილ ასოციაციებს ვეღარც ეწევი, იმდენია და იმდენად კომპლექსური და ისე გიხარია, დიახ, განა უბრალოდ მოგწონს, გიხარია. რა გიხარია?

Monday 13 February 2017

ოჩოპინტრეს მისტიკური ამბები ანუ თეოფილ გოტიეს ფანტასტიკური მოთხრობები

სიტყვა მისტიკა-ს ეტიმოლოგიას თუ ვენდობით, საქმე საიდუმლოებებით მოცულ რამესთან უნდა გვქონდეს.
ბევრი წლის წინ, მაშინ, როდესაც ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი ნაკლებად იყო, მაინცდამაინც არც ელექტრო ენერგიით ვიყავით განებივრებული და სანთლის შუქზე ვკითხულობდით თუ რამე იყო წასაკითხი, სახლში ყოველკვირეულ გაზეთს ვპოულობდი ხოლმე. გაზეთში იყო ცალკე რუბრიკა, რომელსაც სათაური ბევრჯერ შეეცვალა, მაგრამ ჟანრი იგივე რჩებოდა. ამ გვერდზე ეწერა ხოლმე დაახლოებით ისეთი ამბები, როგორებსაც უშუქობაში ღუმელთან გასათბობად ერთად შეყუჟული ადამიანები ყვებოდნენ, ისეთები, როგორებსაც ლაშქობაში ან ბანაკში წასულები ყვებიან ხოლმე ღამით კოცონთან და ვიდრე არ ინათებს, თითქმის ყველა ამჯობინებს სავსე შარდის ბუშტით იჯდეს, ვიდრე რამდენიმე მეტრით მოშორებით მარტო გავიდეს, მითუმეტეს, რომ ზურგი ისედაც ეწვის და ყველა პატარა გაფაჩუნებაც აკრთობს, თუნდაც არ იმჩნევდეს.

ფანტასტიკა, ფენტეზი და ფანტაზიები

თავიდან მინდოდა, პოსტის სათაურად ამერჩია "ფანტასტიკური ოჩოპინტრე" ან "ფანტასტიური".
ეს კ-ები რაღაც ზედმეტად მკვეთრად ჩამესმის ეროტიკულშიც, ფანტასტიკურშიც და კიდევ სხვა მსგავს სიტყვებში, მაგრამ სწორი ფორმა ასეაო და დავმორჩილდი. (თუმცა, ლიმონიანს არ ვემორჩილები და ჩემთვის ჩაი ყოველთვის ლიმნიანია).
პოსტი იმით უნდა დამეწყო (დიდი ხნის წინ ვიფიქრე ასე), რომ ერთი პატარა ამბავი მომეყოლა. აი, ისიც: ერთხელ ჩემმა ეშხიანმა თანამშრომელმა გოგომ იკითხა, რა განსხვავებაა ფანტასტიკას და ფენტეზს შორისო. მე არ მეკითხებოდა, სულ სხვას მიმართავდა და არც წიგნებს ეხებოდა საქმე, რომელიღაც საიტზე ფილმების ჟანრებს ათვალიერებდა. მან, ვისაც შეკითხვა დაუსვეს, პასუხი დააყოვნა და არამკითხე მოამბის თუ მოპასუხის როლიც მომენტალურად მოვირგე და ენამ მანამდე დაიწყო ლაპარაკი, ვიდრე გონება საერთოდ აზრზე მოსვლას მოასწრებდა, რაში იყო საქმე და სად გავერიეთ.