Wednesday 19 March 2014

გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა...

შეიძლებოდა ასე დამეწყო: კომბინატი დიდია და ძლიერი.
მერე პარალელები გამევლო ბელადის ნათქვამთან და ერთნაირ სახლებზე, ერთნაირ ადამიანებზე, ერთნაირად გათენებულ და დაღამებულ დღეებზე მელაპარაკა და ციტატა წიგნიდან კი არ მომეყვანა, არამედ ...
ან მეთქვა, დილით ვიდრე საბოლოოდ გავიღვიძებდი, გამახსენდა, რომ ბავშვობაში თემის წერისას იმიტომ მოგვყავდა ციტატები, რომ ვიცოდით, სხვაგვარად ნიშანი დაგვაკლდებოდა, მაგრამ არასოდეს არავინ აგვიხსნა, რომ უაზროდ კი არ უნდა ჩაგვეყარა, არამედ...
შემეძლო აქედან ასოციაციურად სხვა დილის პირველი მოგონება გამეხსენებინა და მეთქვა, რომ ქარში უფოთლო ხეების რწევა ყრუ-მუნჯების ცეკვას ჰგავს.

შემეძლო მელაპარაკა სიზმრებზე ან ყრუ-მუნჯობაზე და აქედან ბელადი ბრომდენის თემაზე გადავსულიყავი.
ან შემეძლო ეს ყველაფერი გამომეტოვებინა და იმით დამეწყო, რომ არიან წიგნები, რომლების წაკითხვაც საშიშია და რომ ჩემთვის ასეთი წიგნია "გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა..."
ან შემეძლო აღიარებით დამეწყო, რომ სხვა წიგნებში ავტორს ველაპარაკები და აქ კი გმირები სათითაოდ გაცოცხლდნენ და რომ  სხვა არც ერთი პერსონაჟი არ მგვანებია, როგორც ... და მერე საკუთარ ნათქვამში შემპარვოდა ეჭვი და იმაზე გამეგრძელებინა საუბარი, წიგნის კითხვისას რა ადგილი აქვს ავტორს, პერსონაჟს, როგორც აღვიქვამ იქაურ რეალობას... მერე შემეძლო წიგნების გარკვეული კლასიფიკაციაც მომეყვანა...
შემეძლო ასეც დამეწყო: რამდენიმე დღეა ვცდილობ დავწერო, თითქოს ვიცოდი კიდეც, რის თქმას ვაპირებდი, მაგრამ როგორც სიზმრის გახსენება გიჭირს, შეგრძნებები გახსოვს, მაგრამ როგორც კი სიტყვას ენა უნდა გამოსდო და წარმოთქვა, გისხლტება და ვეღარ პოულობ, ასე ვერ ვიწყებ-მეთქი.
შემეძლო იმაზე ლაპარაკით დამეწყო, რომ დამთხვევების მჯერა. მერე კიდევ რამდენიმე წინადადება მეთქვა და მაგალითისთვის მომეყვანა, რომ თუკი რომელიმე ფერს აღმოაჩენ და ამოიჩემებ, ყველგან ეს ფერი შეგხვდება, ისიც კი მოგეჩვენება, რომ გარშემო ყველამ შენთან ერთად და შენდროულად აღმოაჩინა. მერე ვიტყოდი რომ ასეა წიგნებზეც, ალბათ. ამ შემთხევევაში კი ასე იყო.
რა თქმა უნდა, ფილმის და წიგნის ურთიერთმიმართებაზე ლაპარაკითაც შემეძლო დაწყება ან იმის თქმა, რომ "ხმაური და მძვინვარება" მომაგონა (ფოლკნერი ისევ შუა გზაში მყავს მიტოვებული).
ასე დაწყებაც შეიძლებოდა: თუ დიდხანს არ ილაპარაკებ, ლაპარაკი დაგავიწყდება. თუ დიდხანს არ დაწერ, წერა დაგავიწყდება. თუ დიდხანს იჯდები ერთ ადგილას, სიარულის დავიწყებაც შეიძლება. საკუთარი თავის გამო ვიტყოდი, მაგრამ ამის დამალვას შევეცდებოდი და ან ისევ ბელადს გადავაბრალებდი ყველაფერს, ან იმ შედარებას მოვაყოლებდი, სიზმარივით რომ ვეღარ ვიხსენებ სათქმელს.

როგორც არის ან როგორც უნდა ყოფილიყო, გამოვტოვებ ყოველივე ზემოთქმულს და ფრაგმენტებად გავიხსენებ წიგნის კითხვის პარალელურ ფიქრებს. დღეები არ მახსოვს, მაგრამ შემომრჩა ფოტოები, რომელსაც იმ დღეებში ვიღებდი და რომლებიც მახსენებენ იმ ფიქრებს:


იმ დღეს ნისლი იყო. მინდოდა, ნისლი გადამეღო, მაგრამ ფოტოზე არ გამოჩნდა. იქნებ მარტო მე ვხედავდი ნისლს?
ბელადო, ჩვენთანაც აამუშავეს ნისლის მანქანები, - ვთქვი და გამეღიმა.















ამ სადენებსაც ვერავინ ხედავს? მთელი ქალაქი მავთულებით და სადენებითაა ერთმანეთზე გადაბმული. ჩიტებს შეუძლიათ სადენებზე ჩამოსხდნენ, ჩვენ კი არასოდეს შეგვეძლო ფრენა.

კომბინატი დიდია, არავის ნდობა არ შეიძლება.
ტანსაცმელიც შებრუნებით უნდა გაფინო.












ეს შენობა რომ რამდენიმე წლის წინ მენახა, ისტორიებს მოვიგონებდი, ვინ ცხოვრობდნენ, როგორც ცხოვრობდნენ, რატომ არის ახლა მხოლოდ დანგრეული ფასადი, ალაგ-ალაგ შემორჩენილი ცისფერი საღებავით და კლიტე ადევს ჭიშკარს, რომელიც ამ ნანგრევებს აცალკევებს დანარჩენი ქალაქისგან.
არ ვიცი, რატომ გამახსენდა სიტყვა "საგიჟეთი".
მაგრამ არც ერთი ისტორია არ მომიგონია, უბრალოდ იმაზე დავფიქრდი, რომ ძველი უბნები ასეთი შენობების იდუმალების და მიწისპირა ფანჯრების გამო მიყვარს, ჩავლისას რომ თვალს შეავლებ და გარეთ თუ ბინდია, სითბო მოყვება შიგნიდან გამოსულ ყვითელ სინათლეს.

პატარა ბიჭები ისხდნენ იქვე, დიალოგი ზუსტად არ დამამახსოვრდა. ერთმა თქვა, ოღონდ აქედან წავიდე და საქართველოს დედაცო. მეორემ ჰკითხა, სად გინდა წასვლაო. კიდევ რამდენიმე წინადადება იყო, ვიდრე ისე შორს არ აღმოვჩნდი, რომ ვეღარაფერი გამეგონა. შინაარსი? ოღონდ აქედან წავიდე და რა აზრი აქვს, სად...
ჯერ სკოლაც არ ექნებათ დამთავრებული.
თითქოს მინდოდა, მივსულიყავი, მეთქვა, ეგრე ნუ-მეთქი, მაგრამ არაფერი ვთქვი.

ხიდზე გადასვლისას ვფიქრობდი, რომ ზოგჯერ ჩვენდა უნებურად ვუბიძგებთ ადამიანებს რაღაცისკენ. როდესაც ქუჩაში წიგნით ხელში დავდივარ და ვკითხულობ, განცდა მაქვს, ვიღაცას შეიძლება გამბედაობა შევმატო, ვიღაცას წიგნის კითხვის სურვილი გავუჩინო, ჩემზე პატარებს განსაკუთრებით, თუნდაც ის მაინც დააინტერესებთ-მეთქი, ვფიქრობ, რა არის ამ წიგნში ასეთი, ეს ადამიანი სახლამდე რომ ვერ ითმენს და აქვე კითხულობსო...

მაკმერფი - კატალიზატორი. ადამიანები კატალიზატორები ვართ, მაგრამ მან იცოდა, რა გავლენის მოხდენა შეეძლო. რა ნაცნობია ეს ბრძოლა, უფრო მეტად შენს გუნდში მყოფების მიმართ, რომ გინდა, ხმა ამოაღებინო, აამოქმედო. შენთან რომ ამბობენ, რომ იცი, რა აზრის არიან და საქმე საქმეზე რომ მიდგება, მარტო შენ რომ ყვირი ყველას მაგივრად...

უცებ მივხვდი, რომ არ ვიცი, რა უნდა დავწერო ამ წიგნზე.
შეიძლება იმიტომ, რომ ისეთი წიგნებიდანაა, ყველაზე მეტად პირადული რომ არის და საკუთარ თავზე ლაპარაკის გარეშე ვერ გამოვა, საკუთარ თავზე ლაპარაკი კი არ გინდა.
ან იქნებ იმიტომ, რომ იმდენი ასოციაციაა, იმდენი მომენტია, რომელზეც გავიფიქრე, აი ეს ფრაზა, მხოლოდ ეს ფრაზაც საკმარისია, რომ მთელი არსი გადმოსცე-მეთქი.

ვილაპარაკებდი იმაზე, როგორ აქცია ბელადი მაკმერფიმ ისევ დიდ ბიჭად, როგორ დაპატარავდა მამა და როგორ იზრდებოდა დედა, ვილაპარაკებდი დაღლაზე, არასწორ აღზრდაზე, სისტემაზე და მეამბოხეებზე, სიზმრებზე, მოლანდებებზე, ვიმსჯელებდი, რატომ არ გადავიდა მაკმერფი ფანჯრიდან და ღირდა თუ არა მისი მსხვერპლი და ა.შ.

მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შევედავები წიგნის გარეკანზე გაკეთებულ ანოტაციას, რომ რაღაც და რაღაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კენ კიზის ასეთი წიგნი დაეწერა. და ვიტყვი, რომ არც ერთ გვერდზე, არც ერთ აბზაცში წიგნს იმედი არ გაუცრუებია, არაფერი ზედმეტი, არაფერი ნაკლები.
ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, ერთი ამოსუნთქვით რომ მეკითხება და მგონია, ყველამ თავისთვის უნდა წაიკითხოს და საკუთარი ასოციაციები ამოარჩიოს.

   















   

2 comments:

  1. ამაზე უკეთ რა უნდა დაგეწერა ^^ სხვაგვარად ათასჯერ გადაღეჭილი განხილვა გამოგივიდოდა.
    აი, ხომ არსებობს რევოლუციური წიგნები, რომ შეგძრავს, საგულდაგულოდ დალაგებულ აზრებს დაგინგრევს. ეგეთია "გუგულიც". კითხვისას რომ გბურძგლავს და გტკენს ისეთი წიგნია. იდეალური სულ რამდენიმე მახსენდება და ერთ-ერთი ეს არის. არცერთი სიტყვით მეტი ან ნაკლები. პირველივე გვერდიდან ბოლომდე შედევრი.

    ReplyDelete
    Replies
    1. რევოლუციური წიგნი - ნამდვილად. ამ წიგნმა შეიძლება სისტემა დაგანგრევინოს

      Delete