Thursday 12 December 2013

"ლოლიტა" მიტოვებული წიგნების სერიიდან

აბა, რას მოგიყვე. სამსახურში ჩაი მითავდება, კარგი იქნება, თუ გამახსენდა და ვიყიდე. რამდენიმე დღეა წიგნამდე ვერ მივაღწიე. ნაბოკოვის ლოლიტა მელოდება. ბუკინისტებში ნაყიდია, რუსული. გადავათვალიერე, წარწერები და ჩანიშვნები აქვს გვერდებზე, ფანქრით, ზოგგან პასტითაც.
მხოლოდ პირველი რამდენიმე გვერდი წავიკითხე. ფილმი არ მაქვს ნანახი. დამაფიქრა იმან, რომ ჯერ ინგლისურად დაწერა, მერე თვითონვე თარგმნა რუსულად. კაცი ერთია, მაგრამ ენა ორი. შეუძლებელია ორივე ენაზე ზუსტად ერთნაირად წერა. თან საკუთარ ნაწერს უფრო თავისუფლად მიუდგები ადამიანი. დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვაობა იქნება ინგლისურ და რუსულ ვერსიებში.
ოდესმე უნდა შევადარო და ვნახო, როგორია საკუთარი თავის თარგმნა.
ჯერ სულ ესაა.



მკითხველის ჩანაწერებიდან: პარასკევი. საღამო.
ჩანაწერების გაკეთება გუშინ დავიწყე, მაგრამ ზეპირად. იგულისხმებოდა, რომ აქ უნდა მიმეთითებინა გვერდი, რომელზეც ვარ გაჩერებული, მაგრამ წიგნი თან არ მაქვს.
შესაბამისად, ვაღიარებ, რომ ეს არაა წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
აქამდე მოვასწარი სამი ზეპირი ჩანაწერის გაკეთება (უფრო ზუსტად, ერთი წერილობითი და ორი ზეპირი):
2. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე წაკითხვას აზრი არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ ის შეუძლია გააკეთოს, რომ ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში რაღაც ხარვეზები გაგიჩინოთ. თვრამეტიდან ოცდასამ წლამდეც არაა საჩქარო, ტყუილად უნდა აღეგზნოთ. ერთი-ორი წელი კიდევ მოიცადეთ და რაღაცებზე რომ დაფიქრდებით, დეტალების წვრილმანებისგან გარჩევას ისწავლით და .. მერე სჯობს დაწყება. ან შეიძლება კიდევ მოგეცადათ და უფრო მერე წაგეკითხათ.
3. (ხუთშაბათი საღამოს ჩანაწერი) მგონი, უმჯობესია, სხვა წიგნზე გადავიდე - ეს ვიფიქრე და წიგნის დაწერის თარიღით დავინტერესდი (ნაბოკოვის ლოლიტაზეა საუბარი). 50-იანი წლები. ისიც ამოვიკითხე, მსოფლიო კლასიკადაა აღიარებული. ვფიქრობ, მხოლოდ ეროტიულობის გამო არ მოიპოვებდა მსოფლიო აღიარებას და კლასიკადაც არ შერაცხავდნენ. კითხვა უნდა განვაგრძო, რადგან თავად მინდა დავრწმუნდე, რა ღირსებები აქვს იმის მიღმა, რომ თავს თხუთმეტი წლის ბიჭად ვგრძნობ, ბნელ ოთახში მშობლებისგან მალულად რომ განმარტოებულა და "ისეთ" ფილმს უყურებს ან ჟურნალს ათვალიერებს და საკუთარ თავს იკმაყოფილებს. თანაც წიგნში (რუსულენოვანში და ძველში), ფანქრით ხაზგასმული სიტყვები და მინაწერებია, რომელსაც ჩემთვის უცნობი ადამიანი აკეთებდა. საინტერესოა ისიც, რა მონიშნა.


.. პარასკევ საღმოს მინაწერი: დღეს წიგნის გარეშე ვარ. თავს ვგრძნობ, როგორც მწეველი, რომელსაც სიგარეტი არ აქვს. ვფიქრობ იმაზე, რომ ფსიქოლოგიის კუთხით მეტ საინტერესოს ვნახავ. მაგრამ მორალს რაც შეეხება, საკუთარ თავზე მეტად დავფიქრდე, ჯობია. ოღონდ ზომიერად.


იმავე პარასკევის გვიანი საღამო და მომდევნო შაბათის დასაწყისი:
გვერდი არ მახსოვს, მეჩვიდმეტე თავს გავცდი, მგონი, მეოცესაც. მანამდე მოვასწარი გადამეკითხა მოლის ბლუმის პოსტი (რომელიც არ  მიცნობს, მე კი მხოლოდ მისი ანოტაციები ვიცი და რატომღაც ჩავთვალე, რომ გოგოა, ალბათ სახელის გამო ან ფერადი გვერდის) და დამამახსოვრდა, რომ ამერიკისა და ევროპის განსახიერებად წარმოადგინა დედა-შვილი (მომეწონა ინტერპრეტირება, თუმცა, მე ასე არ აღმიქვია,  ყოველ შემთხვევაში ჯერ ან შესაძლოა, ავტორს მაგდენი სიმბოლიზაცია არც ჩაუფიქრია. ევროპის ქალის სახით წარმოდგენა, ხოლო მისი საყვარლის სახით - პატარა ქვეყანა თავისი ტკივილებით და იქვე თეთრი ხარი და ევროპე ბერძნული მითოლოგიიდან ჩემთვის საყვარელ პავიჩს აქვს კარგად გადაწნულ-ჩახუჭუჭებული და მინიშნებაც საკმაოდ პირდაპირია. აქ გამიჭირდა ასე გაგება. თუმცა მწარედ დამამახსოვრდა პოსტის ავტორის შენიშვნა, რომ თუ სიღრმეში ვერ ჩავედი, განათლება არ მყოფნის და ორიოდე მომენტი დამახსოვრდა კიდევ კომენტარებიდან: 1. ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“ უფრო ღრმა და მრავალფეროვანიაო და ისე არ დავეთანხმე, რომ დამამახსოვრდა (შესაძლოა, იმიტომ, რომ  ძალიან ადრე წავიკითხე და ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი რომანია) და 2. ნაბოკოვს რომანზე ადრე ლექსი დაუწერია ლოლიტაზე ან ლილიტზე.
როდესაც შინმობრუნებულმა წიგნის კითხვა განვაგრძე და ჰუმბერტმა თავისი თავი ადამს შეადარა, პაზლის ნაწილებივით დამილაგდნენ გონებაში - ლოლიტასთან შეხება გამუდმებით ედემის ბაღთან ასოცირდება მისთვის, პირველ ინტიმურ სცენას წინ უძღვის ლოლიტას შემოსვლა ვაშლით და ხაზგასმულია ეს ატრიბუტი და სახელი ლოლიტა - ლილიტი. ამ თემას მოგვიანებით ჩავუღრმავდები.

აქვე უნდა ვაღიარო, რომ უფრო მეტად ამქვეყნიურ-ფსიქოლოგიური კუთხით ვკითხულობ, ვიდრე სიმბოლურ-ალეგორიული. გადავხედე და ვეცადე გამეხსენებინა ანტიკურობაში მსგავსი სიუჟეტი, დედა-შვილის ინტერესთა კონფლიქტი მამაკაცის გამო. ერთადერთი ელექტრა-კლიტემნესტრას დუეტი მახსენდება, თუმცა მათი უთანხმოება განსხვავებული თემატიკისაა, მაგრამ მიზეზი მამაკაცი, ერთის ქმარი და მეორის მამაა. ამაზე კი ნაბოკოვის ხაზგასმამ დამაფიქრა, რომ დედა მამრობითი სქესის გარდაცვლილ შვილზე მეტს ლაპარაკობს, ხოლო ქალიშვილი ჩვილობიდან არ უყვარს.
რაც შეეხება ჰუმბერტს, არა იმდენად მასზე, არამედ საკუთარ თავზე ვფიქრობ, როგორ მიიღვწის მიზნის ასრულებისაკენ (ადამიანის ლტოლვა საკუთარი „მინდა“-ს დასაკმაყოფილებლად. ამ შემთხვევაში არ ვამახვილებ ყურადღებას სურვილის შინაარსზე) და როგორ მიმუშავებს ტვინი, ახლა რა უნდა ქნას, როგორ დააღწიოს თავი შექმნილ მდგომარეობას და ამის გამო განცდა მაქვს, რომ მისი თანამძრახველი ვარ, კაცის, რომელიც ყოველმხრივ ამორალურად მიმაჩნია.       


მინაწერი ბევრი დღის შემდეგ: 
წიგნი ჯერ თანამშრომელს ვათხოვე, მერე დავიბრუნე, უჯრაში მედო, მერე სახლში წავიღე და თაროზე დავდე. 
ოდესმე ალბათ განვაგრძობ კითხვას. 
ბოლოსკენ მახსოვს გავიფიქრე, ზრდასრულ ქალთან გონებრივი თამაში და ინტელექტუალური ინტრიგა უფრო საინტერესოა, ვიდრე პატარა გოგოს შეცდენა. გადავწყვიტე, რომ აღარ მაინტერესებდა, მაგრამ მალევე გადავიფიქრე საბოლოოდ მიტოვება, რადგან ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი გვერდია წინ და ნეტა რით უნდა შეავსოს ნაბოკოვმა? 
ალბათ ოდესმე წავიკითხავ. 







No comments:

Post a Comment