Monday 26 December 2016

ლენა ანდერსონი, შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი. რომანი სიყვარულზე

შეხვედრა პირველი 
გვერდზე გადავდე სტატიების კითხვა გლობალურ დათბობაზე, კლიმატურ ცვლილებებზე, ვალუტის კურსებზე და ეს ყველაფერი ამ ახირებული ქალის გამო. წიგნის გამო, რომელიც ჯიბეში ეტევა. 
ჯერ მხოლოდ რამდენიმე გვერდი წავიკითხე და არ მასვენებს.
განცდა რომ გაქვს, თითქოს ჩაიდანი დაგრჩა გაზზე, ან ფილმს უყურებდი და რაღაცის გამო დააპაუზე და გინდა, რომ მიუბრუნდე, ან ზარს ელოდები ტელეფონზე.
მოკლედ, ამაფორიაქა.
არადა სათაურს რომ დავხედე და მერე ანოტაცია წავიკითხე, რაღაცნაირად გულჩვილ სასიყვარულო რომანად მივიჩნიე, აი, ცოტა აგდებულად და ცინიკურად რომ გადავფურცლე.


Friday 11 November 2016

ნეტოჩკა ნეზვანოვა - ლესბიური რომანი?

ჩემი და დოსტოევსკის ნაცნობობა ცუდად დაიწყო.
ადრე რომელიღაც პოსტში ვყვებოდი, მგონი.
რამდენი წლის ვიყავი, არ მახსოვს, მაგრამ ჩემი უმცროსი ძმა უკვე თავისი სურვილით მოაცუხცუხებდა თბილისიდან სოფელში ზაფხულში წასაკითხ წიგნებს.
ანუ არც პატარა ვიყავი. 
სკოლა დამთავრებული ალბათ არ მქონდა, ან სადღაც ახლომახლო პერიოდი იქნებოდა.
მე "იდიოტი" წავიღე.
ჩემი შინაგანი ტემპი, განწყობა, სისხლის ჩქეფის რიტმი და გულის ცემის ამპლიტუდა საერთოდ არ დაემთხვა დუნე, გაწელილ და როგორც მაშინ აღვიქვი წუწუნით სავსე რომანს. 
შუამდეც ვერ მივედი.
მრავალი წელი გავიდა და დღემდე აღარ მიხლია ხელი "იდიოტისთვის".

Thursday 16 June 2016

ყველაზე სევდიანი წიგნი - ჩარლზ ბუკოვსკი "ქალები"

რას ფიქრობთ ერთგულებაზე? 
მონოგამიაზე? პოლიგამიაზე? 
სასიყვარულო ურთიერთობებზე? 
დღეისათვის სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას არ გულისხმობს. 
თუმცა ჩინასკის ქალები ერჩივნა.
ერთ ქალს ორი ერჩია, ორს - სამი, სამს - ათი, ათს - ასი და საერთოდაც, ფიქრობდა იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, იმდენი ქალი ჰყოლოდა, ყოველდღე სხვასთან ყოფილიყო და ვერც ჩხუბი მოესწრო მათთან, ვერც ურთიერთობაზე ფიქრი.