Monday 13 February 2017

ოჩოპინტრეს მისტიკური ამბები ანუ თეოფილ გოტიეს ფანტასტიკური მოთხრობები

სიტყვა მისტიკა-ს ეტიმოლოგიას თუ ვენდობით, საქმე საიდუმლოებებით მოცულ რამესთან უნდა გვქონდეს.
ბევრი წლის წინ, მაშინ, როდესაც ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი ნაკლებად იყო, მაინცდამაინც არც ელექტრო ენერგიით ვიყავით განებივრებული და სანთლის შუქზე ვკითხულობდით თუ რამე იყო წასაკითხი, სახლში ყოველკვირეულ გაზეთს ვპოულობდი ხოლმე. გაზეთში იყო ცალკე რუბრიკა, რომელსაც სათაური ბევრჯერ შეეცვალა, მაგრამ ჟანრი იგივე რჩებოდა. ამ გვერდზე ეწერა ხოლმე დაახლოებით ისეთი ამბები, როგორებსაც უშუქობაში ღუმელთან გასათბობად ერთად შეყუჟული ადამიანები ყვებოდნენ, ისეთები, როგორებსაც ლაშქობაში ან ბანაკში წასულები ყვებიან ხოლმე ღამით კოცონთან და ვიდრე არ ინათებს, თითქმის ყველა ამჯობინებს სავსე შარდის ბუშტით იჯდეს, ვიდრე რამდენიმე მეტრით მოშორებით მარტო გავიდეს, მითუმეტეს, რომ ზურგი ისედაც ეწვის და ყველა პატარა გაფაჩუნებაც აკრთობს, თუნდაც არ იმჩნევდეს.

ძველი აღმოსავლური ზღაპრები, სიკვდილიდან მობრუნებული ადამიანები,
სიზმარში გამოცხადებული ნაცნობები თუ უცნობები, რომლებიც საიდულმოებებს ხდიან ფარდებს, უებარი წამლების რეცეპტებს ამხელენ ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ ვინმეს, უძველესი კალენდრები, ამოუხსნელი ნახატები და ნიშნები, დეჟავუები, სანთლის შუქზე დატრიალებული თეფშები და ჯადოები, მოჩვენებებით სავსე სახლები, ვამპირები, რელიგიური მისტიკები და მისთანანი.
როგორ მიყვარდა პატარობისას და თან როგორ მეშინოდა მიტოვებული სახლების, ჩაბნელებული სარდაფების, რომლებში ჩაჭყეტვაც ჩამსხვრეული ფანჯრებიდან შეიძლებოდა და ძლივს გასარჩევად მოჩანდა წლების მანძილზე დახვავებული ხარახურის სილუეტები. ბავშვებს კარგად გამოგვდიოდა მერე საკუთარი ფანტაზიით ათასი ამბის გამოგონება და ერთმანეთის და საკუთარი თავების შეშინება. თანაც თუ უფროსები გვეტყოდნენ, იქ ნუ მიდიხართო, ინტერესიც ხომ გვემატებოდა და იმის დასტურადაც ვიღებდით, რომ იქ მართლაც უჩვეულო და მისტიური რამე ხდებოდა. აბა იმას ხომ არ ვიფიქრებდით, რომ ბინძურ ნამსხვრებეზე ხელი ან ფეხი არ გავიჭრათ და ინფექცია არ შეგვეჭრას ანდაც სხვის საკუთრებას რომ ვუკირკიტებთ ანდაც რამე უფრო პრაგმატული მიზეზის გამო გვიშლიანო? სულაც არ იქნებოდა საინტერესო.
ეგ კი არადა, მარტო მცხოვრებ მოხუცებსაც ვუგონებდით ამბებს და როლებს, მითუმეტეს, თუ სახლიდან იშვიათად გამოდიოდნენ.
დაკეტილ სახლებზეც ჩვენი ამბები გვქონდა.
და არა მხოლოდ პატარები ვიქცევდით თავს ამ გზით.
დაახლოებით ასეთი რამე ხდება თეოფილ გოტიეს მოთხრობებში.
რომელი ერთი გითხრათ, ვამპირზე შეყვარებული მღვდლის ამბავი, სატანის როლის შემსრულებელი მსახიობი, რომელსაც თამაში დაუწუნეს, თავად სატანამ დაუწუნა, არასწორად მასახიერებო თუ იმ ბიჭის ამბავი, პირველი სექსუალური გამოცდილება არც მეტი, არც ნაკლები, ნახატიდან გადმოსულ ქალთან რომ ჰქონდა.
გეღიმებათ ალბათ, ყოჩაღ ბიჭს, კარგი ფანტაზია ჰქონიაო ანდაც ეგ ვის არ უქნიაო ან შეიძლება, სულაც სიზმარს მიაწეროთ მისი თავგადასავალი, მაგრამ ის, რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ მოთხრობებში, არის ფინალური მცირე დეტალები, რომელიც გაბრკოლებს, ასე ხელაღებით მიაწერო მთელი ამბავი მთავარი გმირის ფანტაზიის თამაშს.
მაგალითად, მისტიური ამბის დასრულების შემდეგ რეალურ, რუტინულ
ყოველდღიურობაში აღმოჩენილი ნივთი, რომელიც სხვაგვარად იქ ვერ მოხვდებოდა, თუკი ის, რაც სიზმარს ან ჰაშიშით გამოწვეულ ფანტაზიას ჰგავდა, მართლა არ მოხდა.
ამ მოთხრობების კითხვისას გაგახსენდებათ ინდიანა ჯონსები, მუმიები, თავიანთი დაბრუნებებიანად, მოჩვენებებისა და ძველებური სახლების შესახებ ნანახი ფილმები თუ გადაცემები და სხვ.
აქ ღამ-ღამობით ცოცხლდებიან ნივთები, კედელზე ჩამოკიდებული სურათებიდან და ხალიჩებიდან გადმოდიან ადამიანები, ეგ კი არადა, ვულკანის ლავით დაფარული პომპეის ქუჩებიც კი შეიძლება აღდგეს და გაიარ-გამოიარო.
მთავარი გმირები კი ცუდ დღეში არიან. საკუთარ ფსიქიურ სიჯანსაღეში ეჭვი ეპარებათ, რადგან მხოლოდ თვითონ ხედავენ ამ ყველაფერს და ამით პირადად მე კიდევ უფრო მეტად მაგონებენ იმ ძველ, მისტიკურ ამბებს, კოცონებთან თუ შეშისა და "სალიარკის" ფეჩებთან რომ მომისმენია.



        

No comments:

Post a Comment