Friday 20 December 2013

სელმა ლაგერლოფის "მეეტლე-მოჩვენება"

წიგნი დაახლოებით ორ საათში იკითხება. გვერდზე გადადების ან შეწყვეტის სურვილი არ გამჩენია. მაგრამ იმის განცდა, რომ წიგნი წავიკითხე, არ მაქვს. უფრო მოთხრობის წაკითხვის შემდგომი განცდა მაქვს. 
სულ 140 გვერდია. 100 გვერდი რომ ჩავამთავრე, ვიფიქრე, წიგნების შკალას თუ გავაკეთებთ, ან დონეებს ფერებით დავყოფთ, აღმოჩნდება რომ ზოგი წიგნი იმ ზონაშია, რომელსაც უკვე გასცდი, ანუ ის დონე დახურე უკვე და თუ ამ ზონიდან კითხულობ წიგნს, ის ბევრს ახალს ვეღარაფერს გმატებს. სხვა წიგნები კი უფრო შემდეგი საფეხურიდანაა, ვიდრე შენ ხარ და მათი წაკითხვით ახალ სირთულეზე გადადიხარ. 
მოკლედ, მე-100 გვერდზე ვიფიქრე, რომ ეს წიგნი ჩემთვის ისეთივეა, როგორც მეათეკლასელისთვის მეექვსეკლასელის მათემატიკური ამოცანა. ავტორის სურვილი, წიგნის დაწერის მიზანი და პრინციპში, ფინალიც, თავიდანვე ნათელია. იმას ვერ იტყვი, ისეთი საკითხებია წამოჭრილი, მხოლოდ ერთ კონკტერულ დროში ან სივრცეში იყოს გამოკეტილიო. პირიქით, სიკვდილ-სიცოცხლე, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, სასაუბროს პოვნაც შეიძლება. 
უბრალოდ, წავიკითხე, დავხურე და დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. ზემოხსენებულ შკალაზე ავცდით ერთმანეთს. თუმცა, მაინც კმაყოფილი ვარ, რომ დღეს თან წამოვიყოლე. 
ხომ არის, ზოგჯერ ისეთი წიგნის წაკითხვა გინდა, მზესუმზირასავით რომ არის, არც ბევრ ფიქრს აგიშლის, არც ჩაღრმავებას მოგთხოვს, თუ თვითონ არ აუხირდი. მსუბუქად, ძალდაუტანებლად გაატარებ რამდენიმე საათს, თან წიგნს კითხულობ, თან ისვენებ. 
ხო, მართლა, ავტორი პირველი ქალი იყო, ვინც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში.

1 comment: