Monday 2 December 2013

წიგნები-სახლები




 სახლი მე-9 სართულზე
ამ სახლში ცხოვრობდნენ დედა, მამა და სამი შვილი.
აივნიდან როცა ვიხედებოდი, მეგონა, ცაში გამოკიდულ სახლში ვიყავი სტუმრად. ღამით მანქანების ხმა თითქმის ვერ აღწევდა და მხოლოდ ჭერზე გადაირბენდნენ ხოლმე ფარების სინათლეები და ისიც იშვიათად. ჩემთვის ეს რაღაცნაირად მშვიდი და ჯადოსნური შეგრძნება იყო. დღისით კი აივანზე გავიდოდი, პატარა პლასტმასის სასტვენიდან ვუსტვენდი და მეგონა, დაბლა რომ სათამაშოებისხელა მანქანები ჩერდებოდნენ, ჩემი სტვენა ინსპექტორის სასტვენი ეგონათ და საკუთარი ხულიგნობით გახარებული ვიმალებოდი. დღისით და აივანზე ზღაპრებს ოჯახის ვაჟიშვილი მიყვებოდა. მისი ზღაპრები იყო ცელქი და მხიარული.
სამზარეულოში ხის უზარმაზარი კასრი იდგა, წყლისთვის. მე სკამზე ვიდექი ხოლმე და როდესაც შიგნით ჩავიხედავდი, ისეთი ღრმა მეჩვენებოდა, როგორც ზღაპრებში გაგონი ჯადოსნური ჭა. სამზარეულოში ზღაპრებს მეფის ასულებივით ლამაზი და თხელი დები მიყვებოდნენ. მათი ზღაპრები იყო ფერადი, ჯადოსნური და რაღაცას მასწავლიდნენ ყოველთვის.
საძინებლის კარებზე თხელი ფარდები იყო, ცისფერი ყვავილებით. იმ საძინებელში ბავშვები იშვიათად შევდიოდით. როდესაც ვსტუმრობდი, სხვა საძინებელში მეძინა. ჩაძინებამდე მოდიოდა ოჯახის მამა, ჩამომიჯდებოდა და მიყვებოდა ზღაპრებს თავგადასავლებზე და ნადირობაზე. მისი ზღაპრები იყო მხიარული, მიუნჰაუზენის ამბებივით მოულოდნელი და მათი მთავარი გმირი იყო მოლაპარაკე ძაღლი ალიფაშა, რომელიც პატრონთან ერთად იჯდა ხოლმე ცხენზე.
ყველაზე დიდი ოთახი იყო სასტუმრტო ოთახი. კედელთან იდგა დივანი, სადაც მაშინ ვიჯექი, როდესაც ოჯახის დედა მიყვებოდა ხოლმე ზღაპრებს როსტომ როსტომიანზე და ერთ უცნაურ მოგზაურ კაცზე, რომელიც ოცი წლის მერე აღმოვაჩინე ოდისეაში.











სახლი ლესელიძეზე
მატი სახლი მარცხენა მხარეს იყო. პირველ სართულზე. და-ძმა თითქმის ჩემი ტოლები იყვნენ. როდესაც იქ ვიყავი, ხშირად ვთამაშობდით ეზოში. ბევრი შავ-თეთრი ფოტოც გვაქვს ერთად. მათ სახლში ხშირად არ შევსულვარ. მახსოვს ხელმარჯვნივ შავი პიანინო, ძირს ფერადი ხალიჩა. ოთახი არც ისე ნათელი იყო და ისეთი მყუდრო, თითქოს თბილოდა.
ერთ დღეს მივედი და სახლისგან მხოლოდ კედლები იყო დარჩენილი. არსად იყო არც ხალიჩა, არც პიანინო. რაღაც ნივთები ალბათ გადაარჩინეს და თან წაიღეს, როდესაც ახალი ჭერის საძებნელად წავიდნენ.
მამიდამ ჩამკიდა ხელი და ნანგრევებში გადავედით. მახსოვს, რამდენიმე წიგნი ვიპოვეთ და წამოვიღეთ.

ახლა ის ეზო აღარ არსებობს. ვიღაც ბიძიებმა ღრმა საძირკველი ამოჭრეს და მერე მაღალი და სახლი ააშენეს. განცდა მაქვს, იმ მყუდრო ეზოს დაადგეს ზემოდან უზარმაზარი შენობა და ეზოც და ორსართულიანი სახლიც ქვეშ მოიყოლეს.  





წიგნებისხელა სახლი
სადაც გავიზარდე, ის სახლი, რამდენიმე წიგნისხელა თუ იქნებოდა. აივნის მხარეს ჭერიდან იატაკამდე ფანჯრები ჰქონდა და მზიან დღეებში გათბობა არ სჭირდებოდა.
მალინისფერიპალტოების პერიოდში, ზამთრის საღამოები რომ ყველაზე დიდხანს გრძელდებოდა და ბავშვები მეცადინებობას ვწვყვეტდით, რადგან კუსტარულად ჩამოსხმული სანთელი პარპალს იწყებდა და თვალებს გვტკენდა, დედა დიდი ადიელის ქვეშ შეგვყუჟავდა და თითისსიმსხო ფანრის შუქზე გვიკითხავდა გრაფი მონტე კრისტოს თავგადასავალს.
პატარა სახლში დიდი კარადა იდგა წიგნებით და რაც უფრო ზემო თაროებზე ეწყო წიგნები, მით უფრო მეტად ეკუთვნოდა ისინი მამას. მამა ზოგჯერ კითხულობდა ხმამაღლა ლექსებს, რუსულად. დედა ცალი ხელით საწოლს ურწევდა ნაბოლარა ძმას, მეორე ხელში ეჭირა წიგნი.
და უმეტესად გვიყვებოდა ხოლმე წაკითხულს.
რამდენი წელია, ერთად აღარ წაგვიკითხავს წიგნები.



თუმცა ახლა ყველაზე მეტად მისი წიგნების წაკითხვა მიყვარს, ვინც ზოგჯერ მიკითხავს ხმამაღლა, თუ ძალიან ვთხოვე და ვისი ხმაც ყველაზე მეტად მეტკბილება. ჩემთვის ახლა სიტყვას „სახლი“ სხვა ჟღერადობა აქვს.   



No comments:

Post a Comment