Monday 29 July 2013

მკითხველის დღიურიდან


გულახდილად რომ ვთქვა, აღარც მახსოვს, ზუსტად რის წაკითხვას ვგეგმავდი ამ თვეში. მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ რამდენიმე დღეა ვაპირებ, მოგიყვეთ, რა წავიკითხე და ახლა რას ვკითხულობ. ისიც მახსოვს, რომ ეს „ვაპირებ“ იმ დღეს დაიწყო, მილორად პავიჩის „ხაზარული სიტყვისკონა“ რომ დავამთავრე. დავამთავრე და ზოგადად სიტყვა დასასრული პავიჩთან და განსაკუთრებით „ხაზარულ სიტყვისკონასთან“ ძალიან პირობითია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. უფრო ზუსტი იქნება ვთქვა „დროებით შევწყვიტე ამ ეტაპზე, ვიდრე ხელახლა ჩავეფლობი და ისე მოგაბეზრებთ თავს“. გადახვევა პირველი: „ხაზარული სიტყვისკონა“ 
თუ კითხვის პროცესს ჭადრაკის თამაშს შევადარებთ (არც ვიცი, რატომ უნდა შევადაროთ, მაგრამ რატომღაც ახლა ასე წამომცდა), მაშინ პავიჩი ყველაზე საინტერესო მოთამაშეა. ვერც ერთი სვლა ვერ გამოვუცანი. მომიგო, - ვთქვი და მიხაროდა, რომ ასე მაგრად მომიგო.
ყოველ წაკითხვაზე მგონია, რომ პირველად ვკითხულობ. სულ 244 გვერდში როგორ ჩაატია ყველაფერი, ვერ ვხვდები. ვამპირები, მკითხავები, სიზმრები, რეალობები, ომები, სიყვარული, გეოგრაფია, ისტორია, კულინარია, ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი, ვარსკვლავთმრიცხაობა, დრო ადამიდან დღევანდლამდე, ჯოჯოხეთები და გეჰენიები, სიცოცხლე და სიკვდილი, მითოლოგია, ლიტერატურა, ათასობით კითხვა და პასუხი, მოგზაურობა და დაბრუნება, მუსიკა, პოეზია ... აღარც ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ლილიტიც აქ არის და ენათმეცნიერებიც, წერილების მწერალი რომანტიკოსებიც და ხმლის დაკვრის დიდოსტატებიც. საყვარლების თუ ცოლ-ქმრის საწოლშიც არაერთხელ აღმოვჩნდი. რომელი თემა და საკითხი და სფერო უნდა გაინტერესებდეს, რომ რაიმე საშენო ვერ ნახო ამ წიგნში, არ ვიცი.
ყველაზე საინტერესო კი სულ ბოლოს აღმოვაჩინე. აღმოვაჩინე პავიჩის კეთილი და მეოცნებე ბუნება. ცოტა მეწყინა კიდეც, რატომ გამოსცეს ქართველებმა მდედრული და მამრული ცალი ერთმანეთზე გადაბმულად. მილორად ბიძიას სურდა (როდესაც გავიგე, რომ გარდაცვლილა, ისე დამწყდა გული, როგორც მეგობრის დაკარგვისას. ჰო, მართლა, რა არის სიკვდილი, სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ არსებობს თუ არა და რა ფორმით, ამაზეც ბევრს ფიქრობს და მსჯელობს პავიჩი, ოღონდ უფრო ვრცლად ამაზე „სხვა სხეული“ უნდა გადაიკითხოთ). იმას ვამბობდი, რომ მილორად ბიძიას სურდა, რომ ქალებს მდედრული ცალი წაეკითხათ, კაცებს - მამრული და მერე ერთმანეთი ეპოვათ ამ წიგნებით, როგორც ეს „საწერი მოწყობილობების ზანდუკში“ ხდება.
იმედია, ოდესმე ასეც გამოსცემენ. მანამდე კი, ვიდრე თავფეხშექცევით მცხოვრებ და ერთმანეთზე მიკრულ მდედრულ-მამრულ ცალს ხელახლა წავიკითხავდე, ჩემი საკუთარი სიზმრების ნახვას განვაგრძობ.

პავიჩის კითხვა შინისაკენ მიმავალმა დავასრულე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საღამო ხანს. იმავე ღამეს განვაგრძე თომას მანის „ჯადოსნური მთა“, რომელიც ერთი წლის წინ სადღაც შუა გზაზე ჩანიშნული დამრჩა და ერთგულად დევს ჩემს მაგიდაზე და ელოდება თავის რიგს. დილით სელინჯერი წამოვიყვანე სამსახურში და ისევ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომიწია კითხვა. უნდა შევწყვიტო ეს დავიწყებული და ხელახლა აღდგენილი ჩვეულება, თორემ თავს ისე მატკივებს, ყველაფრის სურვილს მიკარგავს. შინდაბრულებულმა ისევ ვცადე სელინჯერთან ურთიერთობა, მაგრამ არ გამომივიდა. ძილისწინ რჩეულიშვილი გადავფურცლე. „მუნჯი ახმედი და ზღვა“. ვიცოდი, მატკენდა, მაგრამ მაინც გადავიკითხე. უფრო ბოლოსკენ და ასე დავიძინე. 

დილით ხულიო კოსრტასარის მოთხრობები გამოვიყოლე, მაგრამ შინმიბრუნებულმა აღარ განვაგრძე, მიუხედავდ იმისა, რომ მომეწონა და ისევ ჯადოსნური მთის გაგრძელება ვცადე.
ამდროს შემომეშველა დოსტოევსკის  "იატაკქვეშეთის ჩანაწერები"
პრეზენტაციის მეორე დილას, ლოგინშივე დავიწყე კითხვა. კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
პ.ს. სადღაც ისიც მოვასწარი, სტივენ კინგის „უიმედოთა ქალაქი“ დამეწყო.
ჯერჯერობით, მგონი, ამ ბოლო ორზე შევჩერდები.