Monday 20 May 2013

წრეზე სიარული




დრო იყო, ყველა თემა სკოლაში თუ მისაღებ გამოცდაზე, ყველა გარჩევა და ლიტ.კრიტიკა ქრესტომათიებში და არა მარტო, იწყებოდა სიტყვებით: ამა და ამ საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე, უდიდესი შემოქმედი, გენიალური, ბუმბერაზი ... იმდენად, რომ ამ სიტყვებმა ერთმანეთი გაახუნეს და არც ერთი მოსწავლე თუ სტუდენტი არ ჩაძიებია, ვინ რატომ იყო ან მართლა იყო თუ არა გენიალური და ბუმბერაზი. უბრალოდ იცოდა, ასე თუ არ დაიწყებდა თემას, ვერც კარგ ნიშანს მიიღებდა.
ალბათ ამის გამო იყო, როდესაც ჰომეროსზე მესმოდა „გენიალური“, ეს სიტყვა არაფერს გამორჩეულს არ მიმანიშნებდა.
 ამხელა შესავალი კი იმიტომ გავაკეთე, რომ ყოველგვარი ეპითეტების გარეშე მინდა ჩავამთავრო ეს მოკლეხნიანი თხრობა, დასკვნები კი მკითხველისთვის მომინდია.
ჰომეროსის წრიული სიმეტრიის პრინციპს ვსწავლობდით (ვისაც შეხება გქონიათ, გეხსომებათ, ვისაც არა და გეტყვით, რომ მთელი ილიადა სიმეტრიულადაა აწყობილი, იქნება ეს განვითარებული მოვლენები, სიმღერათა შინაარსები, კონფლიქტის განმუხტვის განვითარება თუ ა.შ).
მაგრამ დიდი ხნის მერე გამახსენდა ერთი ლექცია, როგორც სიზმარში ნანახი კადრი თუ ბავშვობაში ნანახი ფილმი და ერიჰააა, ვიფიქრე, რამხელა წრეებზე ყოფილა–მეთქი ლაპარაკი.
პროფესორმა დაფაზე რამდენიმე ლათინური ასო დაწერა, მე კი ისე მახსენდება, თითქოს მუზარადიანი მხედრები დაეხატოს. 



აი რას გვიხსნიდა პროფესორი:
ილიადაში ჰომეროსს სამყაროს ერთი რეალობა ჩაუმალავს: არსებობენ A ჩაგრული და B მჩაგვრელი. მერე საიდანღაც A1 კეთილისმყოფელი მოდის და ჩაგრულ A–ს გამოესარჩლება. მაგრამ ახლა ადგილები იცვლება და A1 მჩაგვრელი ხდება,  B კი – ჩაგრული. შემდეგ გამოჩნდება B1 კეთილისმყოფელი და  A1–ს დაჩაგრავს ჩაგრული B–ს სასარგებლოდ, მანამდე, ვიდრე თავად გახდება მჩაგვრელი და მის წინააღმდეგ გამოილაშქრებს ვინმე და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. მუდამ და მუდამ და დავდივართ წრეზე, დავდივართ, დავდივართ, დავდივართ...



პ.ს. აქილევსის ფარს წავაწყდი და ესეც მენიშნა.
ჩაკეტილია წრე?
და ერთი ვიღაც გამახსენდა, საკუთარი ღერძის გარშემო და კიდევ უფრო დიდ წრეებზე რომ დადის და დადის დღედაღამ