Wednesday 25 December 2013

კნუტ ჰამსუნი "შიმშილი"

კადრი, რა თქმა უნდა, ბანალურია: წიგნი და ჩაის ჭიქა, ლიმონი მითუმეტეს. მაგრამ მართლა ასე იდო, ბუნებრივად, თავისთავად და ჯობია ახლა თავის მართლებას მოვრჩე. საერთოდ ძალიან გამარტივდა ფოტოს გადაღება და მოპოვება. დამუშავებაც.  იქნებ ერთმანეთის გემოვნებაზეც ვახდენთ  გავლენას და ერთ კოლექტიურ გემოვნებად ვაქცევთ უფრო ადვილად, ვიდრე სხვა დროს, როდესაც სოციალური ქსელები არ არსებობდა და ტელეფონები ფოტოებს ვერ იღებდნენ. უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც ტელეფონები საერთოდ არ არსებობდა. ამასწინათ ვკითხულობდი რაღაც ნარკვევს კინოხელოვნებაზე, ძველ წიგნს, რუსულად გამოცემულს. თავიდან ფოტოს გადაღებას რამდენიმე საათი სჭირდებოდა და მხოლოდ ხილის ნატურმორტებს იღებდნენ. ძლიერი განათებისგან ხილიც ვერ გამოიყურებოდა მაინცდამაინც ცინცხლად. ადამიანების გადაღება რომ დაიწყეს, ოცი წუთი მაინც სჭირდებოდა და ფოტო ყოველთვის დახუჭული თვალებით და გაოფლილ-დაღლილი ადამიანებით გამოდიოდა. ამაზე მერე კიდევ დავწერ, ახლა უბრალოდ რამდენიმე სიტყვის თქმა მინდოდა კნუტ ჰამსუნის „შიმშილზე“. ზოგადად შიმშილის თემაზეც შეიძლება რამე ვთქვა მოგვიანებით, რას გამიგებ.
ორი დღის წინ სელინჯერს ვკითხულობდი (ამაზეც მოსაყოლი მაქვს) და მეორე დღისთვის „ხმაური და მძვინვარება“ მომინდა, მაგრამ სულაც წიგნის გარეშე გამოვედი სახლიდან. საღამოს კი ვიფიქრე, დილისთვის „თუნუქის დოლი“ გამეყოლებინა, მაგრამ „შიმშილმა“ მძლია. ჯერ მხოლოდ 18 გვერდი წავიკითხე.
პირველი, რაც გამახსენდა ან არ გამახსენდა და ვიფიქრე, ზოგჯერ ხდება, სხვა წიგნი იმ წიგნს გახსენებს, რომელიც ოდესღაც წაიკითხე, განა იმიტომ, რომ ერთნაიარია, უბრალოდ ემოციით და თითქოს აგრძელებ. ერთი მოთხრობა გამახსენდა, ანდონის სამარაკისის, კაცზეა, ჯიბეში უკანასკნელი კაპიკები რომ უდევს და სამსახურს ეძებს, ბინის პატრონს ემალება, რადგან ვერ უხდის და შიმშილისგან ძალაგამოცლილი დაეხეტება... მოკლედ, თითქმის იგივე კადრია.
მაგრამ უფრო ღრმად და მეტად სხვა ფიქრი მოვიდა. ათერეიანი ფანქარი. ოცთეთრიანი პასტები იყო ჩვენთან. (შემეძლო, ხუთერეიანი მონეტები გამხსენებოდა კარლსონიდან). ოცი თეთრი ღირდა ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობაც. თუ არ გქონდა, ფეხითაც შეიძლებოდა. ფეხით სიარული კარგია, როდესაც იმიტომ დადიხარ, რომ გინდა. არც ისე სასიამოვნოა, როდესაც იმიტომ დადიხარ, რომ იძულებული ხარ.
ვუყურებ გარეკანს და განცდა მაქვს, ჩემი ძველი ფოტოა. სიზმრის ფოტოები არსებობს?
სიზმარს როდესაც უყურებ, გრძნობ, რომ შენც იქ ხარ, მაგრამ საკუთარ სახეს ვერ ხედავ (სიზმარში სარკეში არასოდეს ვიყურები). სხვა ყველაფერს კი შენი გმირის თვალებით ხედავ, როგორც ზოგიერთ კომპიუტერულ თამაშში ან ზოგ წიგნში, რომელსაც კითხულობ და ხედავ და იყურები მისი თვალებით, ვინც ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში ჩემი რომელიღაც თავი მგონია. ნაცნობი შეგრძნებებით, ფიქრებით, გაღიზიანებით, ნაბიჯებით, რომლის ახირებულობაც გესმის და მაინც დგამ.
არსებობს რეალური წარსული და თითქმის მოგონილი წარსული, ისევე, როგორც არსებობს რეალური მომავალი და გამოგონილი მომავალი, რომელიც ისე გახდება წარსული, რომ აწმყოდ ვერასოდეს იქცევა.
რაც მეტ სიზმარს ხედავ, მით მეტად გაურკვეველი ხდება, რა მართლა იყო და რა მხოლოდ შენს გონებაში ან უბრალოდ, სხვა დროსა და სივრცეში შეიძლებოდა ყოფილიყო.

ასეა თუ ისე, არ ვიცი, ჩემს რომელ „მე“-ზე, რომელ გამოვლილ დღეებზე ვკითხულობ ახლა, მაგრამ განცდა მაქვს, გარეკანზეც მე ვარ, აბზაცებშიც და სტრიქონებს შორისაც. თითქოს საკუთარ იმ ჩანაწერებს გადავაწყდი, დიდი ხნის წინ უკვე თავიდან მოშორებული რომ მეგონა და სადღაც მაინც შემონახულა და ახლა ვკითხულობ, ვიდრე საბოლოოდ გავანადგურებდე.  

No comments:

Post a Comment