Wednesday 25 December 2013

ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

დიდი ხანია თაროზე დევს. თითქმის ბავშვობიდან მახსოვს გარეკანი, ოდნავ გაცრეცილი, სქელყდიანი წიგნია, შავში და წითელში ახატია გამხმარი ხე და მზე. „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“. თაროები დავალაგე, რამდენიმე სხვა წიგნთან ერთად სულ ზედა თაროზე შემოვდე, თვალში რომ მომხვედროდა. 
გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“ ან „საბჭოთა საქართველო“ ან რაღაც ასეთი, არ მახსოვს. „საბჭოთა“ კი უეჭველია. წინასიტყვაობას არ ვკითხულობ, როგორც წესი.
პირველ გვერდზე პასტითაა მიწერილი ინიციალები და წელი, 1960. გამოცემის წელიც 1960-ია.
წავიკითხე პირველი 70 გვერდი ალბათ, დაახლოებით.
უსიამოვნო განცდა დამეუფლა.  


დავფიქრდი იმაზე, რომ წიგნების გმირები არ გადმომყავს ჩემს რეალობაში, პირიქით, მე შევდივარ იმ რეალობაში, მოვიკალათებ სადმე ან მივიმალები და ვადევნებ თვალს. აქ ვერ შევედი. შეუძლებელია. ცივა, სველი სიცივეა. გარშემო სიკვდილი. სველი, ცივი სიკვდილი, რომელიც დნება და ჩაგდის ჩექმებში, საწვიმრის საყელოში. ვერც ვერსად გათბები.
თუმცა წიგნზე და მის შინაარსზე მეტად სხვა რამე მაფიქრებს. 1960 წელი. ინიციალები ბაბუჩემის სახელგვარად აღვიქვი. ბაბუა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ ომში იყო. რამდენიმე წლის მერე ყიდულობს წიგნს, იმ ომზე, სადაც თვითონ იყო, რომელიც მისი რეალობა იყო და რომელიც დაწერა მან, ვის ნათესავებსაც მიზანში იღებდა, ესროდა. ვისი ნათესავებიც და მეზობლებიც მას ესროდნენ, ვისი ტყვიაც ჩაფხუტის წყალობით არ აღმოჩნდა ბაბუას, მაშინ რომ ახალგაზრდა, გამხდარი ბიჭი იყო და ვინ იცის, ვინ ენატრებოდა, ან რა სიზმრებს ხედავდა, ან რაზე ოცნებობდა, ხო, მის თავის ქალაში არ აღმოჩნდა ტყვია.
რა გრძნობა უნდა ჰქონოდა, როდესაც ამ წიგნს კითხულობდა. კითხულობდა?
1960 წელს უკვე ცოლიც ჰყავდა. ბებია მის გვარზე გადავიდა და ამის შემდეგ მათი ინიციალები ერთნაირი გახდა. იქნებ ბებიას ხელწერაა? ბაბუას წიგნებს ძირითადად რუსულად აწერია ხოლმე. ბებიამ იყიდა?
ძირითადად ამ ფიქრებში ვარ. ბაბუა არასოდეს მიყვებოდა ომზე. მე საერთოდ ვერ ვიტან ომს. და რაც თავი მახსოვს, ეს სიტყვა სადღაც ახლოს ტრიალებდა. პატარები რომ ვიყავით, ჩვენს თავზე თვითმფრინავებმა გადაიფრინეს. უფროსებმა გვითხრეს, რომ აფხაზეთში დაჭრილი ბიჭები მიჰყავდა სახლში...
ყოველ ღამით ფეიერვერკების ბათქაბუთქი მესმის ახალჩაძინებულს და სხვა აფეთქების ხმებს მაგონებს. ბავშვები საახალწლოდ წინასწარ ყიდულობენ პატარა ბომბებს და საღამოს სიჩუმეში აფეთქებენ. არ მიყვარს საახალწლო სამზადისი.

No comments:

Post a Comment