Friday 30 August 2013

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი "დიდი გეტსბი"


ზოგს ისეთი ხასიათი აქვს, ონანიზმითაც ვერ დაკავდება, თუკი არ იცის, რომ ვიღაც უთვალთვალებს მაინც.

არ ვიცი, რატომ გამახსენდა ან ამეკვიატა ახლა ეს.

„დიდი გეტსბი“ ადრე წავიკითხე, შეიძლება ითქვას, ბავშვი ვიყავი (თუ საერთოდ ვიყავი ბავშვი ოდესმე).
მახსოვს, რომ მის მხარეს ვიყავი. მახსოვს, რომ უსამართლობისგან გული დამეწვა და ნერვები მომეშალა ბოლოს.

ახლახანს გადავიმეორე.
რა თქმა უნდა, რაღცები სხვანაირად აღვიქვი, ანუ უფრო მძაფრად.
ისევ მის მხარეს ვიყავი.
ისევ დამეწვა გული და ნერვები მომეშალა იმის გამო, რომ ზედმეტად ბევრი რეალობაა, ზედმეტად ბევრი სიმართლეა. რომ ერთი და ორი რამის შეცვლა კი არა, ყველას და ყველაფრის შეცვლა მოგინდება, ან არც.
ბოლო დღეებია ვფიქრობ, როდესაც იმ რეალობას ვერ ცვლი, რომელიც არ მოგწონს, ალბათ რეალობა იწყებს შენს შეცვლას.
ეს მაინც შევაჩერო.
გეტსბისთან დაკავშირებით არ მიფიქრია ეს.
გეტსბისთან დაკავშირებით ვიფიქრე:
1.      იგავ-არაკი რომ იყოს და ვინმეს ჰკითხო, რა არის მისი მორალი, ნეტა თუ გამოიცნობ ადამიანის ხასიათს პასუხის მიხედვით?
2.      ღმერთს ნეტავ თვალების დახუჭვა არ უნდება, როცა ჩვენ გვიყურებს?
როცა ძალიან ვიღლები და გარშემო ყველაფერი საოცარი სიჩქარით მიექანება ჯანდაბისკენ, უბრალოდ მინდება დავჯდე, თვალები დავხუჭო და ვიყო ასე. 


Thursday 1 August 2013

კათარზისი ანუ დოსტოევსკი და იატაკქვეშეთი



მახსოვს, ერთ დღეს ვიკითხე, კათარზისი თუ იცით, რა არის-მეთქი. ბევრი არავინ გამოხმაურებია. თუმცა რის თქმას ვაპირებდი მაშინ ან რატომ ვიკითხე, არ მახსოვს.
დოსტოევსკის „იატაკქვეშეთის ჩანაწერებზე“ საუბარს როცა ვაპირებდი, ეს მაშინ, წიგნი რომ ჯერ ქართულად აკინძული არ იყო, დაბეჭდვაზე აღარ ვამბობ, ვფიქრობდი, რომ ეგზისტენციალიზმზე მელაპარაკა, მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ეს ძირითადად სხვების ნაწერის მოკლე შინაარსი გამომივიდოდა, კონსპექტი თუ რაღაც მსგავსი.
რამდენიმე წუთის წინ, ხელებს რომ ვიბანდი (არ ვიცი, ამის აღნიშვნა რა საჭიროა), თან ვფიქრობდი, როგორ დამელაგებინა ტექსტი, მაგრამ აი, დავიწყე წერა და ვხედავ, რომ უმეტესი ნაწილი არ მახსოვს.
სადღაც იმასაც ვამბობდი, რომ ახლა სრულიად არასუბიექტურად აღვნიშნავ-მეთქი (ვიცი, რომ ამას ობიექტური ჰქვია, მაგრამ მაინც ასე ვწერ). იმასაც ვატყობ, რომ ვინც უკვე მოასწრო და წაიკითხა ეს წიგნი, მიხვდება, დაინახავს და შემამჩნევს, რომ ჯერ კიდევ წიგნის გმირის ტონალობაში ვლაპარაკობ.
ამ ცუდ თვისებასაც ვაღიარებდი, რომ ინერციით გამომყვება ხოლმე წიგნის განწყობა, გმირის ხმა და მერე გარკვეულ ხანს ასე ვფიქრობ და ასე ვლაპარაკობ. განსაკუთრებით წერაზე მეტყობა.
სადღაც საკუთარი თავის წიგნის გმირად აღქმაზე, გაპერსონაჟებაზე და მსგავს ამბებზეც ვაპირებდი ლაპარაკს და უცებ მივხვდი, რომ დოსტოევსკიც (-ც უხერხულია, მაგრამ დავტოვოთ მაინც) ამაზე ლაპარაკობს თუ წერს.
მოკლედ რომ ვთქვა ან უფრო სწორედ, როგორც იქნა, სათქმელამდე რომ მივიდე, რა შუაში იყო „კათარზისი“ ?  წიგნი დავასრულე და მივხვდი, რომ ეს ახირებული კაცი მომენატრება (გმირს ვგულისხმობ).
ასევე მივხვდი, რომ „დავიგრუზე“ (ვიცი, ჟარგონია, მაგრამ ძალიან კარგად ჯდება ამ კონტექსტში). თითქოს მე ვილაპარაკე საკუთარ თავზე ამდენი და ახლა თავს ცუდად ვგრძნობ. გეცნობათ ეს განცდა? ჯერ რომ მოგინდება, საკუთრ თავზე ილაპარაკო, გაშიშვლდე, და მერე იმის მაგივრად, რომ გულზე მოგეშვას, უცებ თავს ძალიან ცუდად გრძნობ. გინდა უკან დააბრუნო ყველაფერი, ან ისე შორს გადაიკარგო მათგან, ვინც გისმენდა, რომ ვეღარასოდეს გნახონ.
ახლა გამახსენდა, ადრე, ერთ ფორუმზე იყო განყოფილება „წერილები“. ადამიანები მოდიოდნენ, ლაპარაკობდნენ, ოღონდ არა ერთმანეთთან, არა ერთმანეთში, არამედ თითოეული წერილი ვიღაც სხვას, თითქოს უხილავს მიემართებოდა და მონოლოგების სევდიან არქივს ჰგავდა ეს თემა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს მარტოსული ადამიანების თავშესაფარი იყო და მათ არავინ ჰყავდათ დამლაპარაკებელი.
აზრი გამექცა. აღარ მახსოვს, რას ვამბობდი. თანაც უკვე განცდა მიჩნდება, რომ უნებურად იმაზე მეტის თქმას ვიწყებ, ვიდრე ვაპირებდი, სააშკარაოზე გამომეტანა. ამიტომ იმას, რის თქმასაც ვაპირებდი, ერთ პატარა აბზაცში ჩავატევ:
ამ წიგნმა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთამდე მჯეროდა, ჯიუტად მჯეროდა, ვერ მოახერხა ჩემს სულში შემოჭრა-მეთქი, შემოიჭრაზე მეტიც ქნა. ვატყობ, რომ საკუთარ თავში ქექვა დავიწყე. უნდა ვაღიარო, რომ ათასი რამე გამახსენა, ამდენივეზე ჩამაფიქრა და ჰმ, მართლა როგორ უმოქმედია, არადა მეგონა, ვერ მომერეოდა. შეხედავ, ერთი პატარა წიგნია, ჯიბით სატარებელი. ვერც ერთ დღეში წავიკითხე, როგორც ვგეგმავდი.
და რაც მთავარია, მთელი ეს ტექსტი როგორც საკუთარი, ისე აღმიქვია, განმიცდია, ნერვებიც მომშლია, დამალვაც მომდომებია, უარყოფაც და აღიარებაც...
კათარზისის მთელი არსი ის არის, რომ გმირთან ერთად იტანჯები, მის ტანჯვას შენად იღებ, მისი ამბავი შენსას გახსენებს, რაც გადაგხდა ან შეიძლება (თეორიულად), რომ გადაგხდეს ან გადაგხდენოდა და ბოლოს, როდესაც წარმოდგენა სრულდება, შვებით ამოისუნთქავ, იმიტომ, რომ გაიაზრებ, რომ ეს ყველაფერი, რაც ამდენ ხანს გტანჯავდა, წიგნივით დახურე და გამოხვედი. რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ იზამ.
თუმცა როდესაც საქმე „იატაკქვეშეთის ჩანაწერებს" ეხება, დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი წიგნშივე ჩავტოვე. 
პ.ს. წიგნის უკან დართული კომენტარები ამჯერად არ წამიკითხია (შემედავებით, რომ სწორი ფორმაა "წამიკითხავს", მაგრამ მერე მე შეგედავებით, რომ -ია დაბოლოება უფრო სწორია, რომ ამ აზრზე არიან ძალიან ღვაწლმოსილი და ძლიერი ენათმეცნიერები და ენის პალატის გაუქმების გამო ვერ მოხერხდა -ია დაბოლოების ნორმად რატიფიცირება და სახელმძღვანელოებში შეტანა. თუმცა ეს საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ).