Monday 25 May 2015

რძიანი ჩაი ბრიტანულად და 90-იანი წლები ჩვენებურად

რძიანი ჩაი ალბათ მთელი მსოფლიოსთვის ლონდონთან ან ინგლისის რომელიმე სხვა კუთხე-კუნჭულთან ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის არც თუ ისე შორეული ან საკმაოდ შორეული 90-იანი წლების გემო აქვს.
წლებია, აღარ დამილევია.
არა მგონია, მშობლებს ბრიტანეთის სიყვარული გახსენებოდათ მაშინ, როდესაც რძიანი ჩაი მოიგონეს. ამ სასმელს სხვა დატვირთვა ჰქონდა. რძე ცოტა იყო და ყველა ბავშვს რომ ჰყოფნოდა, ჩაის ურევდნენ. მხოლოდ მდუღარე წყლით შევსებას ასე სჯობდა. და შემთხვევით, სამეფო კარის სასმელს გვასმევდნენ თურმე. 
არც ახლა მახსენება ხოლმე ლონდონი.

Sunday 24 May 2015

ზაფხულში საკითხავი წიგნები

წინასწარ არასოდეს ამირჩევია, რა უნდა წამეკითხა ზაფხულში. ბავშვობის ზაფხულებს სოფელში ვატარებდი და ქალაქიდან თან მიმქონდა ძირითადად და ტრადიციულად მათმატიკის დამატებითი სავარჯიშოების წიგნი, თოფურია, ცისფერ სქელ ყდაში გამოწყობილი და მძიმეწონიანი, რომელსაც თან ახლდა ასფურცლიანი რვეული და იგულისხმებოდა, რომ ზაფხულის ბოლომდე სავარჯიშოებით უნდა გამევსო, მაგრამ ცარიელი მომქონდა უკანვე ან მაქსიმუმ, ჯოკერის ანგარიშებით და დოკუმენტური მასალით ყოფილიყო შევსებული. ქალაქიდან მიმქონდა ინგლისურენოვანი, ადაპტირებული საკითხავიც, რომელიც ასევე ხელუხლებელი მომქონდა უკან.

Friday 15 May 2015

წიგნების უკანა მხარე

გუშინ საღამოს შინისაკენ მეტროთი მივდიოდი, ხალხს ვუყურებდი და გამახსენდა, ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე, ძალიან შეიცვალა ბუნებაო. როცა კი ამას იტყოდა, ვფიქრობდი ხოლმე, რომ ბუნება კი არ შეიცვალა, ბებია დაბერდა.