Friday 20 December 2013

მკითხველთა ტიპები (ნაწილი პირველი)

დავფიქრდი, რომ თუკი მკითხველების კატეგორიებს გამოვყოფთ, არის ერთი ასეთი ტიპი "მკითხველი-ხამიჩოკ" (ზაზუნა). 
ისინი საკუთარ ოთახში, თაროზე, საწოლის ქვეშ ან სადაც მოეხერხებათ ზიდავენ და აგროვებენ წასაკითხ წიგნებს, რომლებსაც წლების მანძილზე ემატება და ემატება. 
ამ წიგნების წაკითხვა იგეგმება და იმედი მუდამ რჩება. 

იგი წიგნებს იმარაგებს და ვიდრე არ წაიკითხავს, არ მოეშვება. მაგრამ ეს "ვიდრე" აგვიანებს ხოლმე მოსვლას და ახალი წიგნები კი ემატებიან და ემატებიან საცავს. 






მკითხველის კიდევ ერთი ტიპია "მკითხველი-რომანტიკოსი". იგი ირჩევს ძირითადად ცხენების, გრძელი კაბების და დუელების პერიოდის რომანებს, თქვენობითი მიმართვის ფორმებით, წერილებით, ტრაგიკული სიყვარულის ისტორიით.
იგი ხშირად აიგივებს საკუთარ თავს ყველაზე უფრო ტრაგიკული ხვედრის გმირთან და იმდენად გადადის წიგნში აღწერილ ეპოქაში, რომ ცრემლების მოსაწმენდად მაქმანებიან ცხვირსახოცს ეძებს მიჯნურის ინიციალებით. 
რეალობაში დაბრუნებულს გული უტყდება, რომ ამ ეპოქაში დაიბადა.












მკითხველი-სნობი: იგი კითხულობს წიგნებს, რომელიც მოდაშია. კითხულობს გამოსვლისთანავე და აუცილებლად ყიდულობს გაპიარებულ მაღაზიებში. იტაცებს ძვირადღირებული და მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნები. 
მისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ავტორების კითხვა. აგრეთვე მნიშვნელოვანი ფაქტორია წაიკითხოს რომელიმე უცხო ენაზე, რომელიმე საერთაშორისო ავტორის ის წიგნები, რომელიც ჯერ არაა ქართულად ნათარგმნი და ხაზგასმით აღნიშნოს ეს ამბავი.
აგრეთვე აუცილებლად უნდა მოახერხოს წაკითხულ წიგნებზე საუბარი ცნობილ (ან ცნობად) სახეებთან ან სახელებთან და ამის შესახებაც ხაზგასმით აღნიშნოს.
თუმცა გულში ის შეიძლება მკითხველი-რომატიკოსიც კი იყოს და მარტოდარჩენილი ძველ და ყდაშემოცრეცილ წიგნებსაც კი კითხულობდეს. 










არის მკითხველის ასეთი კატეგორიაც: 
იგი წინასწარ არ არჩევს წასაკითხ წიგნს, არამედ იღებს, გადაშლის და აგრძელებს ურთიერთობას იქამდე, ვიდრე სიამოვნებს. 
იგი ადვილად შეიძლება გაიტაცოს მრავალი დაწყებული წიგნიდან რომელიმემ და მიატოვოს სხვა დანარჩენი, თუმცა დასრულების შემდეგ დიდხანს არ ჩერდება მარტო და ახალ ურთიერთობას იწყებს. 
ძირითადად იზიდავს წიგნები, რომელიც სხვას აქვს დაწყებული და შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, დაეუფლოს ამ წიგნს.
მის კისერზეა მრავალი დაწყებული და მიტოვებული წიგნი.
თუმცა ურთიერთობის პერიოდში არის კომფორტული, სასიამოვნო და ყოველ მათგანში ცდილობს დადებითის დანახვას. 









მკითხველი-ფისო: მას უყვარს სითბოში კითხვა. არ შეუძლია ხმაურში, ხალხმრავალ ადგილას ან მიუჩვეველ ადგილას კითხვა. 
ძირითადად კითხულობს შინ. აქვს კითხვისთვის ამოჩემებული ადგილები, სავარძელი, რომელიმე კუთხე. კითხვისთვის აუცილებელ პირობად მიაჩნია პლედი, ბუხარი (გამათბობელის სხვადასხვა სახეობები). 
აგრეთვე უყვარს ფანჯარასთან მოკალათებაც.








მკითხველი-ფისოს სრული ანტიპოდია მკითხველი-ექსტრემალი. 
მკითხველი-ექსტრემალი კითხულობს ყველგან და ყოველთვის. მისთვის წარმოუდგენელია კითხვაში ხელისშემშლელი პირობები. 
მას შეხვდებით ყველგან, განსაკუთრებით იქ, სადაც ლოგიკურად არ უნდა ხვდებოდეთ. 
მკითხველი -ექსტრემალის ყველაზე გავრცელებული ქვეტიპია მკითხველი-პერიპატიკოსი (მოსიარულე მკითხველი): იგი კითხულობს ტრანსპორტში ან ფეხით სიარულისას. 
მკითხველი-ექსტრემალი კითხულობს რიგში, გაჩერებაზე, ექსკალატორზე, გაჭედილ ტრანსპორტში ცალფეხზე მდგარი, სამსახურის ტუალეტში, შხაპის მიღებისას, გზაზე გადასვლისას და სხვ.
მას ხელს არ უშლის ხალხმრავლობა და სხვა პირობები, რადგან კითხვის დროს იმდენად ეფლობა წიგნში, კარგავს გარესამყაროს აღქმის უნარს.
ამ მიზეზით ხშირად ჯდება სხვა ტრანსპორტში, გასცდება დანიშნულების ადგილს, ვერ იგებს ხანძრის ან ევაკუაციის სასიგნალო ზარს და სხვ.





მკითხველი-კაჭკაჭი (მასვე უწოდებენ მკითხველ-კოლექციონერს, ხოლო თავდაპირველ წყაროებში მოიხსენიებოდა, როგორც მკითხველი-ხიშნიკი). 

იგი თხოულობს შენს წიგნს რამდენიმე დღით და შემდეგ ვეღარ აგნებ ვეღარც წიგნს და ვეღარც ამ წიგნის კვალს. 
იგი შენს წიგნს უცვლის სხვას (დროებით) სხვა წიგნში, ხოლო იმ სხვა წიგნს კიდევ სხვას უცვლის სხვა წიგნში. 
წლების მანძილზე მისი თაროები ივსება და ახლდება წიგნებით, რომელთა პატრონებსაც წარმოდგენა არ აქვთ თავიანთი წიგნების ადგილსამყოფელის შესახებ, ხოლო ამ გატაცებულ წიგნთა შორის მინიმალური შანსიც არ გაქვს იპოვო შენი დაკარგული წიგნი.

გადმოცემის თანახმად, მკითხველ-ხიშნიკს აქვს განსაკუთრებული საწყობი სარდაფში ან სხვენში ან კედლის უკან, სადაც მალავს იმ წიგნებს, რომელთა პატრონიც შესაძლოა მის სახლში აღმოჩნდეს და წიგნი დაიბრუნოს.

2 comments:

  1. მკითხველი-ხამიჩოკი, მკითხველი- ფისო და თქვენ წარმოიდგინეთ მკითხველი - ექსტრემალი ვარ.. ♥♥ სამივე მთელი თავისი დახასიათებებით.. :D ♥

    ReplyDelete