Thursday 1 August 2013

კათარზისი ანუ დოსტოევსკი და იატაკქვეშეთი



მახსოვს, ერთ დღეს ვიკითხე, კათარზისი თუ იცით, რა არის-მეთქი. ბევრი არავინ გამოხმაურებია. თუმცა რის თქმას ვაპირებდი მაშინ ან რატომ ვიკითხე, არ მახსოვს.
დოსტოევსკის „იატაკქვეშეთის ჩანაწერებზე“ საუბარს როცა ვაპირებდი, ეს მაშინ, წიგნი რომ ჯერ ქართულად აკინძული არ იყო, დაბეჭდვაზე აღარ ვამბობ, ვფიქრობდი, რომ ეგზისტენციალიზმზე მელაპარაკა, მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ეს ძირითადად სხვების ნაწერის მოკლე შინაარსი გამომივიდოდა, კონსპექტი თუ რაღაც მსგავსი.
რამდენიმე წუთის წინ, ხელებს რომ ვიბანდი (არ ვიცი, ამის აღნიშვნა რა საჭიროა), თან ვფიქრობდი, როგორ დამელაგებინა ტექსტი, მაგრამ აი, დავიწყე წერა და ვხედავ, რომ უმეტესი ნაწილი არ მახსოვს.
სადღაც იმასაც ვამბობდი, რომ ახლა სრულიად არასუბიექტურად აღვნიშნავ-მეთქი (ვიცი, რომ ამას ობიექტური ჰქვია, მაგრამ მაინც ასე ვწერ). იმასაც ვატყობ, რომ ვინც უკვე მოასწრო და წაიკითხა ეს წიგნი, მიხვდება, დაინახავს და შემამჩნევს, რომ ჯერ კიდევ წიგნის გმირის ტონალობაში ვლაპარაკობ.
ამ ცუდ თვისებასაც ვაღიარებდი, რომ ინერციით გამომყვება ხოლმე წიგნის განწყობა, გმირის ხმა და მერე გარკვეულ ხანს ასე ვფიქრობ და ასე ვლაპარაკობ. განსაკუთრებით წერაზე მეტყობა.
სადღაც საკუთარი თავის წიგნის გმირად აღქმაზე, გაპერსონაჟებაზე და მსგავს ამბებზეც ვაპირებდი ლაპარაკს და უცებ მივხვდი, რომ დოსტოევსკიც (-ც უხერხულია, მაგრამ დავტოვოთ მაინც) ამაზე ლაპარაკობს თუ წერს.
მოკლედ რომ ვთქვა ან უფრო სწორედ, როგორც იქნა, სათქმელამდე რომ მივიდე, რა შუაში იყო „კათარზისი“ ?  წიგნი დავასრულე და მივხვდი, რომ ეს ახირებული კაცი მომენატრება (გმირს ვგულისხმობ).
ასევე მივხვდი, რომ „დავიგრუზე“ (ვიცი, ჟარგონია, მაგრამ ძალიან კარგად ჯდება ამ კონტექსტში). თითქოს მე ვილაპარაკე საკუთარ თავზე ამდენი და ახლა თავს ცუდად ვგრძნობ. გეცნობათ ეს განცდა? ჯერ რომ მოგინდება, საკუთრ თავზე ილაპარაკო, გაშიშვლდე, და მერე იმის მაგივრად, რომ გულზე მოგეშვას, უცებ თავს ძალიან ცუდად გრძნობ. გინდა უკან დააბრუნო ყველაფერი, ან ისე შორს გადაიკარგო მათგან, ვინც გისმენდა, რომ ვეღარასოდეს გნახონ.
ახლა გამახსენდა, ადრე, ერთ ფორუმზე იყო განყოფილება „წერილები“. ადამიანები მოდიოდნენ, ლაპარაკობდნენ, ოღონდ არა ერთმანეთთან, არა ერთმანეთში, არამედ თითოეული წერილი ვიღაც სხვას, თითქოს უხილავს მიემართებოდა და მონოლოგების სევდიან არქივს ჰგავდა ეს თემა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს მარტოსული ადამიანების თავშესაფარი იყო და მათ არავინ ჰყავდათ დამლაპარაკებელი.
აზრი გამექცა. აღარ მახსოვს, რას ვამბობდი. თანაც უკვე განცდა მიჩნდება, რომ უნებურად იმაზე მეტის თქმას ვიწყებ, ვიდრე ვაპირებდი, სააშკარაოზე გამომეტანა. ამიტომ იმას, რის თქმასაც ვაპირებდი, ერთ პატარა აბზაცში ჩავატევ:
ამ წიგნმა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთამდე მჯეროდა, ჯიუტად მჯეროდა, ვერ მოახერხა ჩემს სულში შემოჭრა-მეთქი, შემოიჭრაზე მეტიც ქნა. ვატყობ, რომ საკუთარ თავში ქექვა დავიწყე. უნდა ვაღიარო, რომ ათასი რამე გამახსენა, ამდენივეზე ჩამაფიქრა და ჰმ, მართლა როგორ უმოქმედია, არადა მეგონა, ვერ მომერეოდა. შეხედავ, ერთი პატარა წიგნია, ჯიბით სატარებელი. ვერც ერთ დღეში წავიკითხე, როგორც ვგეგმავდი.
და რაც მთავარია, მთელი ეს ტექსტი როგორც საკუთარი, ისე აღმიქვია, განმიცდია, ნერვებიც მომშლია, დამალვაც მომდომებია, უარყოფაც და აღიარებაც...
კათარზისის მთელი არსი ის არის, რომ გმირთან ერთად იტანჯები, მის ტანჯვას შენად იღებ, მისი ამბავი შენსას გახსენებს, რაც გადაგხდა ან შეიძლება (თეორიულად), რომ გადაგხდეს ან გადაგხდენოდა და ბოლოს, როდესაც წარმოდგენა სრულდება, შვებით ამოისუნთქავ, იმიტომ, რომ გაიაზრებ, რომ ეს ყველაფერი, რაც ამდენ ხანს გტანჯავდა, წიგნივით დახურე და გამოხვედი. რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ იზამ.
თუმცა როდესაც საქმე „იატაკქვეშეთის ჩანაწერებს" ეხება, დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი წიგნშივე ჩავტოვე. 
პ.ს. წიგნის უკან დართული კომენტარები ამჯერად არ წამიკითხია (შემედავებით, რომ სწორი ფორმაა "წამიკითხავს", მაგრამ მერე მე შეგედავებით, რომ -ია დაბოლოება უფრო სწორია, რომ ამ აზრზე არიან ძალიან ღვაწლმოსილი და ძლიერი ენათმეცნიერები და ენის პალატის გაუქმების გამო ვერ მოხერხდა -ია დაბოლოების ნორმად რატიფიცირება და სახელმძღვანელოებში შეტანა. თუმცა ეს საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ).


10 comments:

  1. უბრალოდ ვიტყოდი რომ ზოგადად ადამიანი ან ხარ ისეთი,რომელიც საკუთარ ადამიანში ''იქექება'' ან არ ხარ.ამას ალბათ დოსტოევსკი ვერ დაგაწყებინებს..კათარზისს რაც შეეხება, ''ჩანაწერები'' ჩემი აზრით დოსტოევსკის ის ნაწარმოებია რომელიც ზუსტადაც რომ არ განგაცდევინებს კათარზისს,რადგან თავად გმირი სხვა ნაწარმოებების გმირებისგან განსხვავებით 'რჩება' ტრაგიზმში და არც აპირებს გამოსვლას.. (თუმცაღა შეიძლება მისთვის აღარცაა ტრაგიზმი)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა საინტერესო კომენტარისათვის.
      და ზოგადად, მადლობა გამოხმაურებისათვის.
      რაც შეეხება კათარზისს, ეს არაა დამოკიდებული თავად გმირის განწმენდაზე, მორალურ ზრდაზე ან აპოთეოზზე.
      წმინდა ბერძნული ტრაგიკული კათარზისი გულისხმობს, რომ სცენზე (ნაწარმოებში) მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები მაყურებელში/მკითხველში იწვევენ მისი პირადი ემოციების დაძაბვას, აღელვებას, იგი გარკვეულწილად აიგივებს თავს გმირთან და მის ამბავთან, განიცდის ან მასთან ერთად, ან საკუთარ ამბავს (ხშირ შემთხვევაში ეს არის "ვაითუ მეც ასე დამემართოს" განცდა). მაყურებლის/მკითხველის ემოციები პიკს აღწევს და კათრზისი ან განწმენდა ხდება მას შემდეგ, რაც ეს ემოიური ფონი მოიხსნება: ანუ დასრულდება ნაწარმოები/პიესა/ტრაგედია, მაყურებელი ან მკითხველი გაიაზრებს რომ ეს რეალურად კი არ ხდებოდა, არამედ დადგმული იყო ან მესამე ვარიანტია, რომ აღმოაჩენს, მისი პირადი "ტრაგედიები" და ის, რაც თავსდატეხილ უკიდურეს საშინელებად მიაჩნდა, არც ისეთი საშინელი და ტრაგიკული ყოფილა იმ ადამიანის/გმირის/პერსონაჟის ბედთნ და ისტორიასთან შედარებით, როგორც აქამდე ეჩვენებოდა.
      ცოტა გრძელი კომენტარი კი გამომივიდა, მაგრამ შენმა საინტერესო შენიშვნამ მომცა ამის საშუალება.
      ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ აქ კათარზისში არ მიგულისხმია გმირის კათარზისი, არამედ პირადი, ჩემი, მკითხველის.
      თუმცა იმასაც დავამატებდი, რომ ეს წმინდად ბერძნული კათრზისიც არ იყო. კიდევ რაღაც სხვა ნიუანსია, სხვაგვარი კათარზისია

      Delete
  2. "ჯერ რომ მოგინდება, საკუთრ თავზე ილაპარაკო, გაშიშვლდე, და მერე იმის მაგივრად, რომ გულზე მოგეშვას, უცებ თავს ძალიან ცუდად გრძნობ. გინდა უკან დააბრუნო ყველაფერი, ან ისე შორს გადაიკარგო მათგან, ვინც გისმენდა, რომ ვეღარასოდეს გნახონ." <<<ეს მართლა მაგარი რამე თქვი. წიგნის კითხვის პროცესში სულ ეს განცდა მქონდა!

    ესაა ის "პატარა, ჯიბით სატარებელი" წიგნი, რომელზეც ერთი შეხედვით ვითომ ფიქრობ რომ მეორე დღეს დაამთავრებ, მაგრამ........... მოკლედ, ამის კითხვისას მე ისე ვიყავი, რომ ძალიან ბევრი მოვლენის აღწერისას ვცდილობდი რაღაც-რაღაცეები არ მეღიარებინა ჩემს თავში, მაგრამ იმდენად გამოაქვს სააშაკარაოზე თითოეული პიროვნება, რომ შედავებას და პაექრობას აზრი არ აქვს. მისი სიტყვების ამოკითხვისას, შეკითხვა გიჩნდება და შემდეგ იმ შენსავე შეკითხვას რომ მომდევნო გვერდზე წააწყდები ისეთივე პასუხით რომ აქაც გიკარგავს შეკამათების სურვილს! არ აღიარებ, გინდა წინააღმდეგობა მაგრამ იმდენად გბოჭავს საკუთარ თავთან რომ ბოლოს იძულებული ხარ "დანებდე" და აღიარო ის სიმართლე, რაც ამ "ჯიბით სატარებელ" წიგნშია.

    ReplyDelete
    Replies
    1. როგორ მიხარია, რომ ასეთი სიტყვები მესმის.
      მადლობა, ასეთი დადებითი და ტევადი შეფასებისთვის.
      პატარობაში მეუბნებოდნენ, სათამაშოები თაროებზე რომ ალაგია მაღაზიებში, ღამით იღვიძებენ და ერთმანეთს ელაპარაკებიანო და ყველას ის კითხვა აწუხებს, ნეტა როგორი პატრონი შეგვხვდება, ვის ხელში მოვხვდებითო.
      მე მგონია, რომ წიგნებიც ასევე ფიქრობენ ხოლმე.
      და ამ კომენტარიდან გამომდინარე მგონია, რომ წიგნი კარგი მკითხველის ხელშია

      Delete
  3. იცი ბერძნების ტრაგიკულ კათარზისს მეც ვიცნობ ასე თუ ისე (თუ ეს ზედმეტად ხმამაღალი განაცხადი არაა)... მაგრამ ბერძნები მე მგონია,რომ ტრაგიკულ კათარზისს იმ მძაფრ,ძალიან დრამატულ თეატრალურ წარმოდგენებში არსებული კულმინაციის განმუხტვითაც იღებდნენ..თუმცა ძალიან ბევრ წარმოდგენას ეს ''განმუხტვა'' სულაც არ ჰქონდა და აქ ტრაგიკული კათარზისი ისე 'მიმდინარეობდა' როგორც შენ აღწერე... ნუ ალბათ ეს თემა მრავალმხრივად გაიგება სხვადასხვას მიერ...

    ReplyDelete
    Replies
    1. კათარზისის ცნება საკმაოდ არაერთგვაროვანი საკითხია. არისტოტელეს მთარგნმელ-განმმარტებელნიც ცალსახად და ვიწროდ არ განიხილავენ ამ საკითხს და რამდენიმე ვერსიას გვთავზობენ, რას გულისხმობდა "განწმენდაში".
      შემდეგ და შემდეგ "კათარზისი" ისევე, როგორც ანტიკური სიუჟეტები მრავალმა ავტორმა მოირგო.
      წინა ვრცელ კომენტარში უბრალოდ შევეცადე განმემარტა, რა დატვირთვით გამოვიყენე ან რატომ და როგორ დავუკავშირე ამ წიგნს "კათარზისი" ანუ ის, რომ აქ გმირის არც ბედი, არც მომავალი ცხოვრება და არც მისი სულიერების თუ შეგნების დონე ან ევოლუცია არ მიგულისხმია, არამედ მკითხველის, ამ შემთხვევაში ჩემი ემოცია, რაც თავად კითხვის პროცესმა გამოიწვია.
      სუბიექტურად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი წიგნის ის ნაწილი მოქმედებს შენზე, რომელსაც საკუთარ თავთან აკავშირებ გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად.
      მიხარია, რომ ამ პოსტმა საინტერესო საკითხებზე საუბრისკენ გვიბიძგა.

      Delete
    2. გასაგებია...მე ამ ნაწარმოების წაკითხვისას მივხვდი რომ ბევრ ჩვენთაგანს აქვს გავლილი ამგვარი მომენტები...უბრალოდ ზოგს ''გვინდა'' და გამოვდივართ აქედან,ზოგს არა...

      ჰო:) როგორ შეიძლება დოსტოევსკმა საინტერესოდ არ აგალაპარაკოს...

      Delete
  4. პლატონს უთქვამს ადამიანის სულს სწადია იტიროსო და დოსტოევსკის არაერთი გმირიც სწორედ ტრაგიზმისკენ მიისწრაფის...და შეიძლება ითქვას სწორედაც ამით არიან განსაკუთრებულნი...

    ReplyDelete
  5. მინდა ერთი რამ მოგიყვეთ ოჩოებო ^^
    ზამთარში საზღვარგარეთ მომიწია წასვლა . რადგან კითხვის გარეშე სუნთქვა არ შემიძლია , ბევრ ხარახურასთან ერთად ჩემოდანში ქინდლი და "იატაკქვეშეთის ჩანაწერებიც" ჩავაწყვე . ორი თვის განმავლობაში დოსტოევსკი არც გამხსენებია , ხან რომელი წიგნით ვირთობდი თავს და ხან რომლით . ერთ საღამოს , როგორც ახირებულ მკითხველებს გვჩვევია , ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა , მივხვდი რაც მჭირდებოდა და "იატაქვეშეთის ჩანაწერების " კითხვას შევუდექი . ყავა გამიცივდა , დამავიწყდა ჭამა . უჰ როგორ მძულდა და მებრალებოდა ერთდროულად მთავარი გმირი . იმხელა სასოწარკვეთილებასა და ტკივილს ვგრძნობდი , მეგონა ყელში გაჩხერილ ბურთსაც ვეღარ გადავყლაპავდი .
    მეორე დღეს სამსახურში , შესვენებაზე მოვახერხე რამდენიმე გვერდის დაგემოვნება , გზაშიც მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი და ერთი სული მქონდა სახლამდე როდის მივაღწევდი . საბოლოო ჯამში წიგნი ორ დღეში შემომეკითხა და მომდევნო რამდენიმე დღე გაბრუებულმა გავატარე . ჩემს მეგობარს უსასრულოდ ვექაქანებოდი პირად შთაბეჭდილებებზე და არც იმის თქმა დამვიწყებია , რა მაგარი ბიჭები და გოგოები ყოფილან ეს ოჩოპინტრეები , რომ ეს წიგნი გამოსცესთქო.
    პ.ს ჰო , ხვალ მესამე ოჩო-წიგნის მოშინაურებას ვგეგმავ და წინასწარ ვხარობ ^^

    ReplyDelete
    Replies
    1. ^_^ როგორ უხარიათ მერე ოჩოპინტრეებს ასეთი ემოციები თუ იცი?
      კარგი მკითხველის და კარგი წიგნის შეხვედრის ამბავში რომ რამენაირად ჩვენც ვურევივართ, ისე ვხარობთ, ენთუზიაზმი გვემატება და ერთი სული გვაქვს, კიდევ მეტ ასეთ ისტორიაში გავერიოთ <3
      მადლობა ემოციის გაზიარებისთვის და უუუდიდესი მადლობა შექებისთვის ^_^

      Delete