Friday 11 November 2016

ნეტოჩკა ნეზვანოვა - ლესბიური რომანი?

ჩემი და დოსტოევსკის ნაცნობობა ცუდად დაიწყო.
ადრე რომელიღაც პოსტში ვყვებოდი, მგონი.
რამდენი წლის ვიყავი, არ მახსოვს, მაგრამ ჩემი უმცროსი ძმა უკვე თავისი სურვილით მოაცუხცუხებდა თბილისიდან სოფელში ზაფხულში წასაკითხ წიგნებს.
ანუ არც პატარა ვიყავი. 
სკოლა დამთავრებული ალბათ არ მქონდა, ან სადღაც ახლომახლო პერიოდი იქნებოდა.
მე "იდიოტი" წავიღე.
ჩემი შინაგანი ტემპი, განწყობა, სისხლის ჩქეფის რიტმი და გულის ცემის ამპლიტუდა საერთოდ არ დაემთხვა დუნე, გაწელილ და როგორც მაშინ აღვიქვი წუწუნით სავსე რომანს. 
შუამდეც ვერ მივედი.
მრავალი წელი გავიდა და დღემდე აღარ მიხლია ხელი "იდიოტისთვის".
მაშინ კი ჩემს ძმას "დათა თუთაშხია" წავართვი და კი არ წავიკითხე, გადავყლაპე.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დოსტოევსკოლოგობას ვერ დავიკვეხნი.

დოსტოევსკის კითხვა ოჩოწიგნებიდან დავიწყე და ამჯერად კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

ნეტოჩკა კარგა ხანია თაროზე მიდევს, მაგრამ რაღაცნაირად თავს ვარიდებდი.
გარდასულ საუკუნეებში რუსეთში მცხოვრები ვიღაც ობოლი გოგოს თავგადასავალისგან რისი იმედი უნდა მქონოდა, არ ვიცოდი და ალბათ ცოტა კიდეც მეშინოდა, რომ ძლივს დალაგებულ ურთიერთობას ბიძია ფიოდორთან ისევ ამირევდა ეს ნეტოჩკა და ისევ იდიოტისეული იმედგაცრუება შემრჩებოდა ხელთ.

ზაფხულში წიგნის კითხვის სურვილი ვერ დავიკმაყოფილე და როცა ხეებს ფოთლები შეუყვითლდათ, დამშეული ვეტაკე წიგნების თაროს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ნეტოჩკას წამოვავლე ხელი და სამსახურში წავიყოლე.
საქმეები გვერდზე გადავდე და კითხვის ცდუნებას მივნებდი.

უცნაურად გამაკვირვა ამ პატარა წიგნმა.
საკუთარი ჩვეულებისგან განსხვავებით მერე რაღაც გარჩევებს და კრიტიკებსაც გადავხედე.
რომანად წერდა.
იძულებული გახდა, შეეწყვიტა.
მერე ადგა და უკვე დაწერილი ნაწილი, რომელსაც პერიოდულად აქვეყნებდა (როგორც მახსოვს), მოთხრობად გადააკეთა.
ნაწილებს სათაურები მოხსნა.
ბოლოს ეს ნეტოჩკა ნეზვანოვა ცნობილი მომღერალი უნდა გამხდარიყოო, სადღაც ეწერა, ასე აპირებდაო.
ვიფიქრე, რომ ალბათ ჯობდა კიდეც, რომ არ დაასრულა.
ან არც ჯობდა.

რამდენიმე ადამიანის ისტორია მოუსწრია და ჩაუტევია.
დოსტოევსკი რის დოსტოევსკი იქნებოდა, სულში რომ ხელები არ მოეფათურებინა.


პირველმა ნაწილმა სინდისის ქენჯნა მაგრძნობინა.
ჯერ ვცდილობდი, ნაცნობები წარმომედგინა და მეთქვა, აი, წაიკითხეთ-მეთქი.
მერე და მერე მივხვდი, რომ ალბათ ყველა ასე ვართ.
ხან ყოველდღიურ რუტინას ვაბრალებთ, ხან ქვეყანას და ხან რას და ხან ვის იმას, რასაც ვერ მივაღწიეთ. 
ადრე, ოდესღაც რაღაც მოთხრობა წავიკითხე კაცზე, რომელიც უცხოეთში აპირებდა წასვლას. მთელი ცხოვრება გეგმავდა და როცა მატარებელი საზღვარს მიუახლოვდა, მატარებლიდან ჩამოხტა.
ახლა მჯერაო, რომ თუ ოდესმე წავიდოდი, სხვანაირ ცხოვრებას შევქმნიდიო და მართლა რომ წავიდე და თვალნათლივ დავინახო, რომ ვერც იქ შევქმენი ვერაფერი, იმედიც ხომ აღარ დამრჩებაო.

ის განცდა თუ გეცნობათ, რაღაცის გაკეთება რომ გინდოდა, საკუთარი უნიათობის გამო თავი ვერ მოაბი და როცა ხედავ, რომ სხვები აკეთებენ, ბრაზობ, თითქოს რაღაც წაგართვეს?

მეორე ნაწილში გამუდმებით იმის განცდა მქონდა, იქნებ რაღაც არასწორად გავიგე-მეთქი.
ძალიანაც სწორად გავიგე.
არ ვიცი, რატომ გამიკვირდა დოსტოევსკისთან ლესბიური სიყვარულის თემის არსებობა.
გარჩევებში ვნახე, რომ არც პირველია და არც უკანასკნელი.

რომ გაეგრძელებინა რომანი, ალბათ უკვე დიდობაში შეახვედრებდა გოგოებს ერთმანეთს.
ერთისთვის ის ძველი სიყვარული ისევ მნიშვნელოვანი იქნებოდა, მეორისთვის - წარსულის რაღაც ნაწილი, რომლის დამალვა და წაშლაც ენდომებოდა.
და იქნებოდა ემოციათა ჭიდილი.
რატომღაც ასე მგონია.

ერთი რამ კი ფაქტია, ქალთა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველები ალბათ ნაკლებად იცნობენ ამ რომან-მოთხრობას, თორემ მასში ბევრია ისეთი მომენტი, რომლის განხილვა, ტრენინგების თემად ქცევა და საინტერესოდ გაშლაც იქნებოდა შესაძლებელი.

მესამე ნაწილი შედარებით ბანალური მომეჩვენა.
უფრო რომანტიული რომანების ავტორების სტილს რომ შეეფერება, ისეთი.

ყველაზე მეტად კი ერთი კითხვა არ მასვენებს.
უფროსი თაობა, რომელიც კლასიკას კითხულობდა და ნეტოჩკა ნეზვანოვაც წაკითხული ექნებოდა, მაგრამ ტაბუირებულ თემად და "იმნაირობად" მიიჩნევდა ჰომოსექსუალური ურთიერთობების საკითხს, როგორ აღიქვამდა დოსტოევსკისთან კატიას და ნეტოჩკას ურთიერთობას?

უბრალო მეგობრობად თვლიდა? 
ერთი ოპტიკური ილუზიის თამაშია, ორგვარად შეიძლება ნახატის დანახვა: წყვილი სექსუალური აქტის დროს ანდა დელფინები.
ამ სურათზე უფროსები სექსუალურ აქტს ხედავენო, ბავშვები კი დელფინებსო.

ლოლიტაც წაკითხული ექნებოდათ და უფროსი მამინაცვლის მიმართ ნეტოჩკას ლტოლვას ალბათ გაცილებით მშვიდად მიიღებდნენ, ასე მგონია.

და რაც ყველაზე საინტერესოა, მთავარი გმირის მეტყველი სახელია.
არის კი იგი ქალი ოდისევსი, ნემო, აპირებდა თუ არა ავტორი, რომ საკუთარი თავის შეცნობის გზაზე მრავალი წელი ეტარებინა უჩვეულო შეგრძნებებს შორის?
და რას აღმოაჩენდა ბოლოს?
როგორი იქნებოდა გზის დასასრული?

ახლა და ამ ფორმით თითოეულ მკითხველს შეუძლია საკუთარი ფინალი შექმნას. 

2 comments:

  1. ჰაი:) რამდენი ხანია პოსტი არ გამოგიქვეყნებია, არადა რა გემრიელად წერ :)
    "ნეტოჩკა" რომ გამოეცით, მაშინვე გადავსანსლე და კიდევ მეტად განმიმტკიცდა აზრი, რომ დოსტოევსკი ჩემთვის გამორჩეული მწერალია. იმხელა სიამოვნება მივიღე ამ რომანისგან...
    როცა ბოლო გვერდს მივადექი და აზრი გაწყდა, კინაღამ ინფარქტი მივიღე.
    მერე რამდენიმე დღე ვფიქრობდი გაგრძელების შესაძლო ვარიანტებზე.
    მაგ წიგნის დაუსრულებლობა დიდი სევდაა :(

    ReplyDelete
    Replies
    1. პატ :) სასიხარულოა შენი სტუმრობა.
      გამოლაპარაკება კიდევ მეტად.
      შექებისთვის მადლობა ^_^

      ჰო, რომ დავფიქრდი ახლა, წიგნი ისეთ მომენტზე სრულდება (ჩერდება ან წყდება უფრო სწორი იქნება), რომ შესაძლოა იმ რამდენიმე სერიალივით დაგტოვოს გაგრძელების მოლოდინში, აგერ უკვე წელიწადიც შემობრუნდა და მეტიც, რომ აღარ მაღირსეს შემდეგი სერიები.

      თუმცა პირადად მე ნეტოჩკას შემთხვევაში ალბათ წინასწარ ვიყავი შემზადებული, რომ დაუსრულებელი რომანი იყო და ამის გამო პირიქით, ისეც კი მომეჩვენა, რომ გარკვეულწილად ლოგიკურად შეწყდა. რაღაც მონაკვეთის თხრობა ასე თუ ისე დასრულდა.
      თანაც, გულახდილად რომ ვთქვა, პატარობისას ერთი ცოდვა მქონდა :) ზოგჯერ მიყვარდა ხოლმე უცხო ბიბლიოთეკებში წიგნების გადაშლა სადღაც შუაში, სათაურსაც არ დახვედავდი ხანდახან, ვკითხულობდი, სადამდეც მაცლიდნენ და მერე ასე დაუსრულებლად ვდებდი თავისივე ადგილას.
      დანარჩენს საკუთარი ფანტაზიით ვაგრძელებდი ანდაც უბრალოდ იმ ფრაგმენტებს ვიტოვებდი.
      განსაკუთრებით მომწონდა ძველი წიგნები, რომლებსაც ყდა და პირველი რამდენიმე ფურცელი აკლდა

      Delete