Saturday 23 November 2013

თომას მანი „ჯადოსნური მთა“ - მიტოვებული წიგნების სერიიდან

გუშინ, ანუ პარასკევ საღამოს, სამსახურიდან იმ სურვილით მოვედი, დიდი ხნის მიტოვებულ „ჯადოსნურ მთა“-ს ჩავჯდომოდი და ლიმნიანი ჩაითაც გავმასპინძლებოდი საკუთარ თავს, მაგრამ ზუსტად ისე არ გამოვიდა, როგორც წარმომედგინა. არც ლიმონი აღმომაჩნდა და არც შავი ჩაი. არჩევანი ასეთი იყო: მწვანე ჩაი, ვარდის ჩაი (ინდური), შავი ჩაი ბერგამოტის არომატით (ვერ ვიტან), ელ გრეი. ვარდის ნაყენზე შევჩერდი და ალბათ მეტჯერ აღარ გავიმეორებ. ახლა ელ გრეის მივირთმევ, გუშინდელ არჩევანს სჯობს.

წიგნს რაც შეეხება, ურყევად მქონდა გადაწყვეტილი, ჯადოსნური მთა უნდა ყოფილიყო. სანიშნი, რომელიც, როგორც წესი ფურცლის ნაგლეჯია ხოლმე, 665-ე გვერდზე აღმოჩნდა. ვისაც ეს წიგნი გაქვთ, შეხედეთ და მიხვდებით, რომ გამეცინა, ამდენი მქონია წაკითხული და დამთავრებას რაღა უკლდა-მეთქი. დაახლოებით ოცი გვერდი წავიკითხე და ევრიკა! მივხვდი, რატომაც მოხდა ასე.

მახსოვს, ერთხელ, როდესაც ზევსის საზაფხულო რეზიდენციის მოსანახულებლად მივდიოდი და მამაჩემის ახალგაზრდობისდროინდელი „ზენიტის“ მოზადება დავიწყე თან წასაღებად, ჩემმა უმცროსმა ძმამ დამცინა, რად გინდა, ახვალ აკროპოლისზე და კიბესთან დაგდებულ კენჭს გადაიღებ მსხვილი კადრით ან ვინმეს თითს, წარწერას რომ აყოლებს წასაკითხადო.
ასეცაა. რომ დავფიქრდე, ჩემი გადაღებული ფოტოები არასოდესაა მასშტაბური პანორამა, გაშლილი ხედი, არამედ დეტალები. აღქმაშიც ასე ვარ. სულ ახლახანს ვამბობდი, გამუდმებით ვეწინააღმდეგები-მეთქი ადამიანების ჯგუფებად და კატეგორიებად დაყოფას ან გაერთაინებას, არამედ თითოეულის ცალკე ინდივიდად აღქმას ვცდილობ. მე ის ვარ, ვინც ვერასოდეს ისწავლის საკუთარ შეცდომებზე, რადგან ყოველ ჯერზე ვფიქრობ, წინაზე თუ ასე მოხდა, არ ნიშნავს, რომ ახლაც ასე მოხდება.
მოკლედ, სიტყვა რომ აღარ გავაგრძელო, ვკითხულობდი და მივხვდი, თავს ვგრძნობდი პატარა ბავშვად, რომელიც მოხვდა სუფრაზე, სადაც სულ უფროსები შეიკრიბნენ და რაღაც სრულიად განზოგადებულ საკითხებზე მსჯელობენ და საუბრობენ. მე კი ვზივარ მაგიდის ქვეშ და ვერ ვხვდები, რატომ არავის ანაღვლებს, რისი თქმა უნდოდა იმ ბეღურას, ფანჯრის რაფაზე რომ იჯდა და ოთახში მყოფებს გვათვალიერებდა.
ამ კადრის წარმოდგენის შემდეგ ვიფიქრე, რომ ალბათ ინტელექტი არ მყოფნიდა იმ საკითხების გასაგებად, რაზეც მანი საუბრობდა, მაგრამ არ მომეწონა ასე ფიქრი და შევედავე საკუთარ თავს. საქმე გაგება-ვერ გაგებაში არაა, არაფერს გაუგებარს არ ამბობს. საქმე იმაშია, რამდენად მომწონს ან მაინტერესებს ის, რასაც აგერ უკვე ექვსასი გვერდია მელაპარაკება. ამასწინათ ვწერდი პუბლიცისტურ წერილებზე. დიახ და დიახ, აი რა არ მომწონს. ჩემთვის ასეა, გარკვეულ საკითხებზე საკმაოზე მეტი იფიქრა, ცნობები და ინფორმაცია დაუგროვდა და იმის მაგივრად, ეს ყველაფერი პატიოსნად ჩამოეწიკწიკებინა პუბლიცისტურ წერილში, თავისი გათვლით უკეთესი გამოყენება მოუძებნა და გმირების პირით გამოთქვა. იჯდა ბიძია თომა(სი) და ორი გმირის სახელით ეკამათებოდა საკუთარ თავს. იმის დაჯერება არ მინდა, რომ გვერდების რაოდენობით უნაზღაურებდნენ ჰონორარს და ამიტომ არის ძველი წიგნები სავსე სრულიად უსარგებლო წვრილმანების გრძელი და მომაბეზრებელი აღწერით. (დეტალებსა და წვრილმანებს შორის დიდი განსხვავებაა).
როგორც უნდა იყოს, მე, როგორც მკითხველი თავს მოტყუებულად ვგრძნობ, რომელსაც მხატვრული ნაწარმოების გარეკანში გამოხვეული პუბლიცისტური წერილი, მსჯელობა, აღწერა, ცნობები და ა.შ. შემოაჩეჩეს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ მიყვარს ისტორიული რომანები. თუ მათ ისე და იმიტომ ვკითხულობ, რომ კონკრეტული ისტორიული ფაქტი ან ამბავი მაინტერესებს, რა თქმა უნდა, მშრალ ისტორიულ ფაქტებს ბევრად მირჩევნია, მხატვრულად დაწერილი წავიკითხო (ამ მხრივ სანიკიძე მიყვარს ძალიან), მაგრამ თუკი პირიქით ხდება და რომანის წაკითხვა მინდა და ხელში შემრჩება საინფორმაციო ფურცელი, ნამდვილად უკმაყოფილო ვარ ხოლმე.
ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს განათლებული მწერალი, რადგან ასეთ ნაწარმოებს სიღრმეც მეტი აქვს. მაგრამ ამ განათლების გადმოცემის ხერხებშია საქმე. თუკი მწერლის მიერ მიღებული და მოპოვებული ინფორმაციები ზედაპირზე დევს, ეს არ მომწონს. მანის კითხვა რომ დავიწყე, მალევე შევუთავსე პავიჩი. ისე აღმოჩნდა, რომ ერთდროულად მესაუბრნენ კაბილას ღიმილზე. მანი დეკლამაციური ტონით, პავიჩი - მისტიური.
როდესაც ადამიანები რაღაც ახალს ვიგებთ, რამდენიმე სიზმარში უნდა გამოვატაროთ, დრო მივცეთ, ჩვენში დაილექოს, ფაქტობრივი მონაცემები ცოტა სხვაგვარადაც დაგვამახსოვრდეს და თუ ამის შემდეგ ამ საკითხზე ვისაუბრებთ, იმდენად ჩვენი საკუთარი თავიდან წამოვა, იმდენაც ჩვენებური იქნება, როგორც პავიჩის შემთხვევაში.
კონსტანტინე გამსახურდია წერდა კნუტ ჰამსუნზე: "იმ სახის აღწერისათვის, სადაც სხვებს სიტყვების ნიაღვარი დასჭირდებოდათ, ჰამსუნი ერთ წინადადებაში ხატავს მთელ სურათს.
არაფერი ზედმეტი".
შემედავებით ალბათ, რომ „ჯადოსნური მთის“ მთელი მიზანი ისაა, ადამიანის ფიქრები გადმოგცესო. მაგრამ მე, ვისაც დეტალები უფრო მაინტერესებს, სუნთქვის შეჩერება მისი ფეხის ხმის გაგონებაზე და სხვ. კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს მაშინ, როდესაც ასეთ მასშტაბურ საუბარს ვისმენ დაუსრულებლად. განცდა მაქვს, ორპირ ქარში ვზივარ მაშინ, როდესაც სიმყუდროვე მინდა და უცხო ადამიანები დადიან და ხმამაღლა საუბრობენ.
ერთიცაა, ვაღიარებ, ვიზუალური მახსოვრობა მაქვს და წაკითხული წიგნები კადრებად მამახსოვრდება. აქ კი სულ ერთი კადრია, უცვლელი (ჩემთვის). დრო არ იძვრის, რადგან ასეა იქ, მაღლა, სანატორიუმში. მე კი უძრაობა დისკომფორტს მიქმნის, განცდა მაქვს გამკოჭეს ან თვალები ამიხვიეს.

თუმცა, ალბათ მაინც დავამთავრებ კითხვას.

მანამდე კი, ჰაინრიხ ბიოლის „უკაცო სახლი“ დავიწყე და საშინლად მომწონს.    

No comments:

Post a Comment