Saturday 28 November 2015

დროის მანქანა, ყველაზე ძველი მხატვრული ნაწარმოები, უკვდავების საიდუმლო და სხვა ამბები

იდეალები და მისაბაძი მაგალითები არასოდეს მყოლია, ვერ ვიხსენებ. მაგრამ აი შლიმანის ყოველთვის მშურდა.
საერთოდაც, არქეოლოგობა მინდოდა, მგონი.
მთელი ეს უძველესი ნივთები და ნატეხებიდან აწყობილ-აღდგენილი ისტორიები, აი თურმე მათ როგორ უცხოვრიათ საუკუნეების წინ და ა.შ.
იმის აღმოჩენა, რომ ადამიანები, ვინც ისე დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ, რომ ეზოში თითოს თითო დინოზავრი ება, ძაღლის მაგივრად ან ცხენის, ვისი სახლებიც და ქალაქებიც დრომ და მიწის რამდენიმე ფენამ დაფარა და მითოლოგიურ არსებებად წარმოგიდგენია, რეალურები იყვნენ, განა უბრალოდ რეალურები, ჩვეულებრივები, ჩემსავით, შენსავით ჭამდნენ, სვამდნენ, ჭურჭელი, სამკაულები, საოჯახო ნივთები და იარაღები ჰქონდათ, უცნაურ განცდას გვიჩენს.
მუზეუმები დიდად არ მიყვარს, მაგრამ იმ ნივთების ხელშესახებ მანძილზე არსებობა, რომელიც გაუგონრად შორეულ პერიოდს ეკუთვნის, ამაღელვებელია.
ახლა წარმოიდგინე, შინ რომ გედოს რამე ასეთი ნივთი. მე-17 ან მე-15 საუკუნის კი არა, ამ წელთაღრიცხვის დაწყებამდე მე-17 და მე-15 საუკუნის.


თქვენი არ ვიცი და მე ინდიანა ჯონსებიდან და მუმიებიდან დაწყებული, რაც კი რამე მხატვრული ფილმი მინახავს, დისქავერიზე და სხვა მსგავს არხებზე ძველი ცივილიზაციების შესახებ გადაცემები მომისმენია და ძველ წიგნებში ძველისძველი ილუსტრაციების ასლები მითვალიერებია, ყველაფერი ერთად მახსენდება.

წიგნი რომ დროში მოგზაურობის საშუალებაა, ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აქამდე ეს განცდა პირადად მე არ გამჩენია. და თუ განცდა პირადად არ გაგჩენია და შენ არ გიგრძვნია, სხვებმა რაც უნდა თქვან, წინადადებაა, სიტყვათა თანმიმდევრობა და მეტს ბევრს ვერაფერს გაძლევს.

უფროსმა ოჩოპინტრეებმა რომ მითხრეს, გილგამეშიანის გამოცემას ვაპირებთო, ცოტა დავფრთხი. აი, ხომ არის წიგნები, მკაცრ და ოფიციალურ თაროზე შემოსადები, ზედმეტად აკადემიური და რაღაც საკრალურივით, რომ გგონია, თქვენ შორის შუშის კედელია აღმართული.
ვიფიქრე, სად მე და სად გილგამეში-მეთქი.

უნივერსიტეტში რამდენიმე ლექტორი მყავდა, შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხის გარეშე რომ არასოდეს მინახავს, მიმართვისას ბატონო და თქვენობითი ფორმა რომ გჭირდება, მაგრამ მაინც არ იყვნენ შორეული და მიუწვდომელი. ნებისმიერ ახალ და თამამ, ექსპერიმენტულ მოსაზრებას და თეორიას იღებდნენ და ისმენდნენ, გელაპარაკებოდნენ, ხუმრობდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანები იყვნენ, ზემოდან ქვემოთ კი არა, თანაბარ სიმაღლეზე გეკონტაქტებოდნენ.

"გილგამეშიანი" ზუსტად ასეთი წიგნი აღმოჩნდა.
ხელმისაწვდომი, გასაგები, ისეთი, რომელზეც ჩემი საკუთარი აზრი და მოსაზრება გამიჩნდა, რომლის ტექსტთან ერთი-ერთზე ურთიერთობა შევძელი მეცნიერობის, მკვლევარობის და აკადემიკოსობის გარეშე.

ბევრჯერ აღმინიშნავს, ისეთი ტექსტები მიყვარს, ოკეანესავით რომ არის-მეთქი. იმ სიღრმეზე რომ შეგიძლია შეცურო, სადამდეც ცურვა იცი.
ვისაც სიღრმეებში ჩასვლა მოგინდებათ, იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით.
მაგრამ ჩემსავით უბრალო, მოკვდავი მკითხველებიც ისიამოვნებთ.

ზემოთ ვთქვი, დროში მოგზაურობა და წიგნი-მეთქი.
გილგამეშიანი პორტალია, გახსნი წიგნს და იქიდან 47 საუკუნის წინ რომ ცხოვრობდა, იმ კაცის ამბავი გესმის.
განა მხოლოდ ამბავია უძველესი, თვითონ ნაწარმოებიც ასეა.
ჯერ ამ წიგნზე უფრო ადრინდელი არ გვიპოვია (დაწერის ზუსტი თარიღი არ მახსოვს, ალბათ სადღაც ეგეც წავიკითხე, მაგრამ ფაქტებს თავადაც ნახავთ, მე ემოციებზე გელაპარაკებით).
პირდაპირ თიხის ფირფიტებიდან, ლურსმულად დაწერილი ტექსტიდან გადმოთარგმნილ-გადმოწერილი წიგნი შეგიძლია შინ გქონდეს, თან ატარო (თიხის ფირფიტები მოუხერხებელი იქნებოდა).


რას უნდა ელოდე იმ ნაწარმოებისგან, რომელიც ადამიანს (ამ შემთხვევაში ადამიანში კაცობრიობას ვგულისხმობ), დამწყები მწერლის ამპლუაში უნდა დაეწერა?
ალბათ გულუბრიყვილო, მოუქნელი, პრიმიტიული ტექსტი უნდა იყოს.
გილგამეშიანს თუ ნახავთ, დამეთანხმებით, რომ აქ სულ სხვა დონეა. დასაწყისი, გავითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა, დასასრული.

რაზე წერდა, რაზე ფიქრობდა ჩვენამდე მოღწეული პირველი ნაწარმოების ავტორი?

იმავეზე, რაზეც ჩვენ, დღეს, სიცოცხლის სიმოკლეზე, უკვდავების მოპოვების სურვილზე.
რა დასკვნამდე მივიდა?
აი, ესაა საინტერესო.
და პასუხი წიგნშია

4 comments:

  1. წავიკითხე ეს პოსტი და გამეცინა, რადგან ზუსტად შენნაირი დამოკიდებულება მქონდა "გილგამეშიანის" მიმართ: ამას ალბათ მე ვერ ჩავწვდები და იყოს მაინც, ოდესმე წავიკითხავ მეთქი. ფესტივალზე ვიყიდე "ოჩოებთან" და უბრალოდ შემოვინახე თაროზე.
    მერე ყველაფერი თავისით მიეწყო ერთმანეთს. შემთხვევით ლევან ბერძენიშვილის სტატია წავიკითხე, სადაც გილგამეშის ეპოსიც იყო განხილული, მერე აი ამას ვუყურე >> http://www.imovies.ge/tv/16082 და გადავწყვიტე მეცადა :)
    ესეთი სიამოვნება კაი ხანია არაფრისგან მიმიღია. სრულიად მოვწყდი რეალობას და როგორც ბავშვობის ზღაპრებშია, ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქით ვიყავი რამდენიმე საათი. არაფერია საშიში და ვერგასაბედი. თითქმის ყველა გვერდს ახლავს განმარტებები, რაც გიადვილებს აღქმას და უკეთ გასაგებად ბერძენიშვილის ლექციაც არსებობს იუთუბზე. მოკლედ, არ ღირს ამ სიამოვნებაზე უარის თქმა. კიდევ ბევრჯერ მინდა წავიკითხო.










    ReplyDelete
    Replies
    1. ^_^ მიხარია, შენს ემოციებს და მოსაზრებებს რომ გვიზიარებ ხოლმე.
      გილგამეშიანი მართლაც ზღაპრული წიგნია.
      ლინკმა დამაინტერესა, დავაგემოვნებ :)
      მადლობა

      Delete
  2. პირიქით, შენ მადლობა მშვენიერი პოსტისთვის
    და კიდევ მადლობა უფრო ზემოთ , სხვა ოჩოებს : ))

    ReplyDelete