Monday 13 February 2017

ფანტასტიკა, ფენტეზი და ფანტაზიები

თავიდან მინდოდა, პოსტის სათაურად ამერჩია "ფანტასტიკური ოჩოპინტრე" ან "ფანტასტიური".
ეს კ-ები რაღაც ზედმეტად მკვეთრად ჩამესმის ეროტიკულშიც, ფანტასტიკურშიც და კიდევ სხვა მსგავს სიტყვებში, მაგრამ სწორი ფორმა ასეაო და დავმორჩილდი. (თუმცა, ლიმონიანს არ ვემორჩილები და ჩემთვის ჩაი ყოველთვის ლიმნიანია).
პოსტი იმით უნდა დამეწყო (დიდი ხნის წინ ვიფიქრე ასე), რომ ერთი პატარა ამბავი მომეყოლა. აი, ისიც: ერთხელ ჩემმა ეშხიანმა თანამშრომელმა გოგომ იკითხა, რა განსხვავებაა ფანტასტიკას და ფენტეზს შორისო. მე არ მეკითხებოდა, სულ სხვას მიმართავდა და არც წიგნებს ეხებოდა საქმე, რომელიღაც საიტზე ფილმების ჟანრებს ათვალიერებდა. მან, ვისაც შეკითხვა დაუსვეს, პასუხი დააყოვნა და არამკითხე მოამბის თუ მოპასუხის როლიც მომენტალურად მოვირგე და ენამ მანამდე დაიწყო ლაპარაკი, ვიდრე გონება საერთოდ აზრზე მოსვლას მოასწრებდა, რაში იყო საქმე და სად გავერიეთ.
რომ დავფიქრებულიყავი, ალბათ ვუპასუხებდი, რომ უბრალოდ ზოგი თარგმნის ამ სიტყვას და წერს "ფანტასტიკა" ან "ფანტასტიკური", ზოგიც პირდაპირ ინგლისურიდან სესხულობს "ფენტეზს"-მეთქი.
თუმცა არ ვიცი, ეს პასუხი სწორი იქნებოდა თუ არა.
არც ის ვიცი, რამდენად სწორია პასუხი, რომელიც გავეცი, მაგრამ როდესაც ვამბობდი, საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა. სრულიად კომპეტენტური იერით განვაცხადე, რომ ფანტასტიკა არის ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკის სტილი, მომავალზე და ა.შ. ხოლო ფენტეზი უფრო ზღაპრული, უფრო მეტად წარსულზე, ლეგენდებზე და ა.შ.
ეს მსჯელობა არ ვიცი, რამდენად მართებული იყო, მაგრამ მოგვიანებით დავფიქრდი იმაზე, რომ ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურა ჩემთვის ნამდვილად არის ამ ორი სტილის: სამეცნიერო ფანტასტიკა და ზღაპრული. მაგრამ კიდევ სხვებიც არის, მაინცდამაინც რომ არც იქით მიეკუთვნება და არც აქეთ.
საერთოდ რა არის "ფანტასტიკური ჟანრის" განმარტება? ალბათ ადამიანის ფანტაზიით შექმნილი არარეალური ამბავი.
ეს განმარტება შეიძლება მთელ მხატვრულ ლიტერატურას მიესადაგოს.
მკვლელის ჰიგიენა, პროცესი, ანგელოზთა აჯანყება ფანტასტიკაა?
მაშინ ალეგორიები და სხვა მსგავსი რამეები რომელ კატეგორიაში შევიყვანო? კიდევ კარგი, ბიბლიოთეკარი არ ვარ და წიგნების ჟანრების მიხედვით დახარისხება არ მიწევს.
ზოგადად რეალობასა და არარეალობას შორის მკვეთრი ზღვარის პოვნა არ მგონია მარტივი ამბავი.
ახლა რომ ვუფიქრდები, არ მახსენდება, რომელიმე წიგნის წაკითხვისას განცდა გამჩენოდა, რომ რაღაც ისეთს ვკითხულობ, რაც არასოდეს მომხდარა ან ვერ მოხდება.
თუმცა არის ისეთი წიგნები, რომელშიც ცალკე სამყაროა, გარშემო ყველაფერი ფანტასტიკურია, იქაური გეოგრაფიაც, დროც და ცოცხალი არსებებიც, ადამიანები იქნება თუ სხვა რაღაც-ვიღაცები.
არის ისეთი წიგნებიც, რომელშიც ალეგორიას, იგავს ხედავ.
ანდაც ისეთები, რომელშიც მოახლოებულ მომავალს გრძნობ. (თუ დიდი ხნის წინ დაიწერა და მწერლისთვს მომავალი იყო, მაგრამ შენთვის აწმყოს უტოლდება, აღგაფრთოვანებს, რა კარგად გამოუცვნიაო).
მაგრამ განსხვავებულ შეგრძნებას იწვევს წიგნი, რომელშიც მოქმედი გმირები ისეთივე სრულიად რეალური და ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც შენ ხარ. გარემოც ჩვეულებრივია, სრულიად არაფანტასტიკური და უცებ საიდანღაც ამ ყოფით რეალობაში უცნაური ამბავი ხდება, სადღაც სხვა სამყაროდან შემოდის ენერგია, ან ვიღაც ანდაც იმ სამყაროში მიჰყავთ ეს ჩვეულებრივი პერსონაჟი.
მისტიკა.
აი, ვიპოვე სწორი შესატყვისი. ეს ჟანრი უფრო მისტიკაა ჩემი შეფასებით და ძალიან მომწონს.
გადაწყდა, შემდეგი პოსტის სათაურია ოჩოპინტრეს მისტიკური ამბები ანუ თეოფილ გოტიეს ფანტასტიკური მოთხრობები.


  

1 comment: