Monday 27 July 2015

ამბოხი თუ მორჩილება? "ორეული" და "პროცესი"

თავიდან ვაპირებდი, "ორეული"-ს შესახებ დამეწერა და სათაურად რამე ასეთი შემერჩია: ქცევითი აშლილობა, შიზოფრენია, პიროვნების გაორება და სხვა თავგადასავლები. მაგრამ გეგმა შეიცვალა. 

ფრანც კაფკას "პროცესი" და ფიოდორ დოსტოევსკის "ორეული" თითქმის ერთ წიგნად წავიკითხე. თანმიმდევრობა პირიქით იყო, ჯერ "ორეული", მერე - "პროცესი".  შუალედი თითქმის არც მქონია, ან მაქსიმუმ - რამდენიმე საათი. თუ რამეს დავწერ, ორივეზე ერთად, თორემ ცალკ-ცალკე თავს ვერ ვაბამ.    





იოზეფ კ.-სა და იაკობ გოლიადკინის შედარებითი დახასიათება 
ანუ "ორეულისა" და "პროცესის" ანალიზი


მხოლოდ იმის ბრალია, ასე რომ დავუკავშირე ერთმანეთს, ასე მიყოლებით რომ წავიკითხე? არამგონია. 
ორვე წიგნი მთავარი გმირის გაღვიძებით იწყება მისთვის საბედისწერო დღეს. 
იოზეფ კ.-ს იმ დღეს 30 წელი შეუსრულდა, იაკობ გოლიადკინიც, ჩემი პირადი დაკვირვებით, 30-35 წლის უნდა იყოს. 
ორივე მათგანი საოფისე ტიპის სამსახურში მუშაობს, არცთუ დაბალ საფეხურზე. ერთი ტიტულარული მრჩეველია, მეორე - ბანკის პროკურისტი. გულახდილად რომ ვთქვა, არც ერთი ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს და არც მეორე, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე თანამდებობა პატივსაცემია, ბიჭებს უშრომიათ, რაღაც მდგომარეობისთვის მიუღწევიათ, ძირითადად კაბინეტთან და დოკუმენტებთან აქვთ საქმე, ორვეს ჰყავს სამსახურებრივი მეტოქე, რომელიც მისი საქმის, სახელის და ა.შ. მითვისებას ცდილობს. 
ხო, ორივე მარტო ცხოვრობს. მარტოხელა ახალგაზრდა მამაკაცები. თუმცა, ერთს მოსამსახურე ჰყავს, უმაქნისი პეტრუშკა, მეორე ელზასთან დადის ხოლმე, ქალთან, რომელიც ღამით ღვინის სარდაფში მუშაობს, დღისით კი სტუმრებს მხოლოდ საწოლში ღებულობს. 
ორივე ამბავი უაღრესად ბუნდოვანია. არიან ისინი, ვიღაცები, უხილავი, მიუწვდომელი, ძლევამოსილი. ისინი, ვინც მართავენ პროცესებს.
პროცესები კი მთავარი გმირების, იოზეფ კ.-სა და იაკობ გოლიადკინის თავს, წინააღმდეგ და მათდა სავალალოდ მიმდინარეობს. 
ორივე შემთხვევაში უცნაურია ის, რომ საზოგადოებამ ყველაფერი იცის, იმაზე მეტი იცის, ვიდრე თავად მან, ვისაც ეს ყველაფერი ეხება. 
ორივე მამაკაცი (თუმცა 30-35 წლისას მე ბიჭს უფრო დავუძახებდი და როდესაც ასე ვიხსენიებ, გული უფრო მეტად მისივდება), დიახ, ორივე ბიჭი დაბნეულია, ვერც ხვდებიან, როგორ უნდა იმოქმედონ. იაკობ გოლიადკინი ცდილობს მორჩილებით მოტეხოს თავისი მტრები, იოზეფ კ. პირიქით - დაუმორჩილებლობით.  
მაგრამ საბოლოოდ, შედეგი ერთია. ერთი ტყეში მიჰყავთ, მეორე - ველზე, ქალაქგარეთ და დასასრული მართლა დასასრულია. 
 იაკობ გოლიადკინმა თითქოს თავიდანვე იცოდა, რომ მტრები ამას უმზადებდნენ. თითქოს ისიც იცის, ვინ არიან "ისინი". მკითხველმა არ იცის, მკითხველს ესმის დაწყებული და დაუსრულებელი წინადადებები. რომ "ასე და ასეო", რომ "ისა და ესაო", პირადად ჩემთვის ნებისმიერ საუბარში აუტანელი მინიშნებები და ნაცვალსახელები, რაღაცები რომ იგულისხმება და რომ გეჩურჩულებიან, პირზე ხელს იფარებენ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გელაპარაკებიან და ხომ ხვდებიო, გეუბნებიან და ამ დროს, ვერაფერსაც ვერ ხვდები. 
გოლიადკინი თავიდანვე კომპლექსებიანი, ჩაკეტილი, არეული ადამიანი ჩანს. ქცევითი აშლილობა და პიროვნული გაორება პირველივე ქმედებებიდან აშკარაა. ექიმთანაც მიდის, თუმცა იქაც სრულიად გაუგებრად ლაპარაკობს. ექიმი კი ყოვლისმცოდნეა, მოხუც ბერიკაცს ბუასილის წამალს უწერს, იაკობ გოლიადკინს კი, სავარაუდოდ, რაღაც ფსიქოტროპულებს. სადღაც ბოლოსკენ ისიც კი ვიფიქრე, ექიმის გამოწერილი წამლები ჰალუცინაციებს ხომ არ იწვევს-მეთქი მასში. მაგრამ გოლიადკინ უმცროსს, ანუ იაკობ გოლიადკინის ორეულს ყველა ხედავს. მეტიც, ორეული ინტრიგებს ხლართავს მის წინააღმდეგ, სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში მის ადგილს იკავებს. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იაკობი კომპლექსებისგან დატანჯული, მოუხერხებელი, დაბნეული ადამიანია, უხერხულ სიტუაციას რომ კიდევ უფრო მეტ უხერხულობას მატებს და უკიდურესი სირცხვილით გატანჯული თავს ირწმუნებს, მე რა, მე მე არა ვარო. სწორედ ამ დროს გადაეყრება თავის ორეულს. შიზოფრენიაა, ფანტასტიკა, ალეგორია, ავი სულების მხილება თუ კიდევ სხვა რამ, თითოეულმა მკითხველმა სათავისოდ გადაწყვიტოს. 
არადა, ვისზე რა ნაკლები ბიჭი იყო? სახლიც ჰქონდა, სამსახურიც, შინამოსამსახურეც კი ჰყავდა და ტკიცინა დანაზოგიც ედო საფულეში, მაგრამ ქალებთან ვერა და ვერ ააწყო ურთიერთობა და იქნებ საბოლოოდ ქალებმაც კი დაღუპეს. 
სამაგიეროდ, იოზეფ კ. თავიდანვე მიხვდა, ქალები დიდი ძალააო და როგორც კი აღმოაჩინა, რომ გასაჭირში იყო, ქალების გადმობირებას შეუდგა. დიდი ძალისხმევა არც დასჭირვებია, აქეთ ეკიდებოდნენ კისერზე. საერთოდაც, იაკობ გოლიადკინს არც შეედრება, ისე ვაჟკაცურად, მეამბოხურად შეხვდა მის წინაშე წამოჭრილ პრობლემას. არავის რჩევას არ ათხოვა ყური, დამორჩილდიო და მთელი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლისთვის განეწყო.
არც ისეთი გარიყული ჩანს, როგორც იაკობ გოლიადკინია. მრავალი ვიღაც ჰპირდება დახმარებას, აიმედებენ. ბოლოსწინა თავში იგავს უყვებიან. იგავი ერთ წიგნად ღირს. 
ბოლო თავში იოზეფ კ.-ს ვეღარც იცნობ. აღარავითარი ამბოხი, აღარავითარი წინააღმდეგობა. 
ბოლო თავებში ორივე გმირი საოცრად ჰგავს ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვლეს გზა მანამდე, ახლა ორივე მორჩილად მიყვება მას, ვისაც ქალაქგარეთ მიჰყავს. მიდის ბედს და ხალხს დამორჩილებული და მთელი სიცხადით იაზრებს საკუთარ დასასრულს. 

კი მაგრამ, რისთვის? 
ან შეგვიძლია კი, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენ, თითოეული, დაცული ვართ იმისგან, რომ ერთ დილასაც მსგავს სიტუაციაში არ გავიღვიძებთ? რომ ყველაფერი ზემოთქმული ჩვენს თავს არ დატრიალდება? 
და თუ ასე მოხდა, რა უნდა ვქნათ? 
მე ვერც ერთის და ვერ მეორის მაგალითზე ვერაფერი ვისწავლე. 

No comments:

Post a Comment