Saturday 4 July 2015

ვწუხვარ, ძვირფასო ერნსტ, ჯერ არ მოვმკვდარვარ

რა კითხვას დაუსვამდით ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალს, 83 წლის მარტოხელა მოხუცს, რომელმაც 22 რომანი გამოაქვეყნა, არც ერთი მეგობარი არ ჰყავს, სიმსუქნისგან ვერ დადის, მხოლოდ ეტლით მოძრაობს და ახლა მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები მასთან შეხვედრას ცდილობენ, რადგან ხმა გავრცელდა, რომ იშვიათი სიმსივნე სჭირს და ორი თვის სიცოცხლეღა დარჩენია? 
წარმოიდგინეთ, რომ გაგიმართლათ და იმ მცირერიცხოვან ჟურნალისტთა შორის აღმოჩნდით, ვინც მკაცრი გადარჩევის შემდეგ ინტერვიუზე დაუშვეს. რა თემაზე დაუწყებდით საუბარს?


წიგნის პირველი ნახევარი რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ან სადღაც გაგონილ მოსაზრებას დავეთანხმე, რომ "მკვლელის ჰიგიენა" ყველა ჟურნალისტმა უნდა წაიკითხოს. მეტიც, სასწავლო პროგრამაში უნდა შეიტანონ. სკოლაში არა, მაგრამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კი ნამდვილად საჭიროა მისი გავლა.
თუმცა, არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის. 
ამასწინათ ვაპირებდი კამათის ხელოვნებაზე საუბარს და ახირებულმა პრეტექსტატ ტაშმა დიალოგის ხელოვნებაზე დამაფიქრა. 
ერთ-ერთი ჟურნალისტი ეკითხება, რატომ ვერ იტანთ ჟურნალისტებსო. პრეტექსტატი კი მშვიდად პასუხობს, ჟურნალისტებს კი არა, პირადად შენ გერჩიო. 
განზოგადებები ხომ ჟურნალისტების სენია. და წინადადების დასრულებამდე გაკეთებული დასკვნები, "აჰა, ესეიგი...."
კიდევ უარესია, როდესაც გპასუხობენ "გასაგებია" და ამდროს ორივემ, გამომკითხველმაც და გამოკითხულმაც იცით, რომ არაფერიც არ არის გასაგები. 
არც ერთ ასეთ "გასაგებია"-ს არ პატიობს პრეტექსტატი.
ამ დიალოგების წაკითხვისას ალბათ არაერთხელ იფიქრებთ, აი, სულელი ჟურნალისტი, მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი...
ასეთებიც არიან, ინტერვიუდან გამოსულს რომ ჭკუას არიგებენ, მაგრამ როდესაც თავად აღმოჩნდებიან ნობელიანტთან, წინამორბედზე უარეს დღეში ვარდებიან. 

ადამიანი შეიძლება შინაგანად იყო ასეთი და სულაც არაა აუცილებელი პროფესიით ჟურნალისტობა. 
რას ვგულისხმობ?
იმას, რაც აღიზიანებს ხალხს რეპორტიორებში: ზედაპირული დასკვნების გამოტანა, ნათქვამის შებრუნება, არაადეკვატური კითხვების დასმა, ისეთ საკითხზე საუბრის დაწყება, რომელშიც საფუძვლიანად ვერ ერკვევიან.
ყოველ შემთხვევაში ასეთები არიან ის პერსონაჟები, ვისაც ჟურნალისტები ეწოდებათ ამ წიგნში. 

პირველი ნაწილი პრეტექსტატის ირონიის ოსტატობის წყალობით საკმაოდ სახალისო მეჩვენა. 
მერე მოვიდა ნინა. 

წინამორბედი ჟურნალისტები მამაკაცები იყვნენ, ნინა ქალია. 
პრეტექსტატი ქალებს ვერ იტანს.
ზოგადად ადამიანები სძულს, მაგრამ განსაკუთრებით, ქალები. 
და აი, მის წინაშე ქალია.
და ეს ქალი ყველაზე მეტხანს საუბრობს მასთან. მკითხველი აშკარად ხედავს, რომ ნინა ყველა სხვა ჟურნალისტზე კარგად გამოიყურება ამ ორთაბრძოლაში. დიახ, ესეც უნდა ითქვას, პრეტექსტატ ტაშთან ინტერვიუ ორთაბრძოლას ჰგავს. 

მავანმა შეიძლება დაასკვნას, აჰა, ავტორიც ქალია და მაშასადამე, ფემინისტური აზრებით მოქცეულა ასე, უნდოდა, ქალი კაცებზე კარგად წარმოეჩინაო.
უფრო ზემოთ კი ვინმე სხვა ალბათ იმასაც დაასკვნიდა, ამელის ჟურნალისტების მიმართაც რაღაც პირადი ანტიპათიები აქვსო.

ნწ! ასეთი მარტივი, ბანალური და ზედაპირული არც ნოტომია, არც პრეტექსტატი. 

წიგნი ზუსტად 6 საათში წავიკითხე. 
საოცრად დინამიურია, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მოქმედება ძალიან ცოტაა. 
ამ რიტმს დიალოგები ქმნის. 
ავტორის თხრობა რამდენიმე აბზაცი თუ გვერდია დასაწყისში, ორი თუ სამი აბზაცი ბოლოში და აქა-იქ თითო წინადადებით აღწერს პერსონაჟის ქმედებას, როგორც პიესებში, "იცინის", "გადის", "ფარდა". 

როდესაც წავიკითხე, მართლა წავიკითხე? თუ მკითხველი მყვინთავი ვარ?
თითქოს ცუდად არ ჟღერს მკითხველი მყვინთავი, ასოციაცია გიჩნდება, რომ ჩაყვინთა, ბოლომდე ჩაიძირა წიგნში. მაგრამ არც ასე ყოფილა საქმე. ეს ის მკითხველი აღმოჩნდა, ვინც სკაფანდრით, სპეციალური ჩაცმულობით ისე გადაცურა წიგნი, რომ წვეთი წყალიც არ ჩაყლაპა. მას არაფერი შეეხო. 
ხოლო ის, ვინც ისე კითხულობს, როგორც ჭამს, ანუ საკუთარ თავში ატარებს, იშვიათი ნიჭით დაჯილდებული მკითხველი ყოფილა.

ამ მცირე მოცულობის წიგნში განხილულია, ან უფრო ვიტყოდი, მოცემულია სამსჯელო მასალა მრავალ საკითხზე. 
ტაში რასისტი და ქალთმოძულეა, მაგრამ მაინც ღირს მისი მოსმენა.

რატომ დაუყენა ყველაზე უფრო თანასწორ მოსაუბრედ მისოგინს ქალი ამელმა? მე მგონია იმიტომ, რომ მისთვის უფრო მძაფრად წინააღმდეგობრივი გარემო შეექმნა.
ტაში ხომ ასეა მოხიბლული საკუთარ თავთან წინააღმდეგობებში ყოფნით.

ამ წიგნში თუკი რამეს უპირისპირდებიან, იარაღადაც მასვე იყენებენ. თვალთმაქცობას თვალთმაქცობით, ტყუილს ტყუილით და ა.შ. 
სისაძაგლეს სისაძაგლითვე.
ტაშს სურს, გულისრევა გამოიწვიოს მკითხველში, თავის მოკვლის სურვილი.

არის თუ არა ამ წიგნში რაიმე ესთეტიურად ამაღლებული, მშვენიერი, სათუთი და ამის მსგავსი? 
ალბათ.
თუმცა ესეც არაერთგვაროვანია, არასწორხაზოვანი.  
ალბათ ისევე, როგორადაც პრეტექსტატი ახასიათებს ზმნას "შეყვარება", რომელიც ყველაზე რთულად იუღლება.

მიწიერ ედემზე, ბედნიერ ბავშვობაზე, უზადო მშვენიერებაზე საუბარი.
მაგრამ, რა არის ბედნიერება? სილამაზე ან მშვენიერება?


ისე, ამ სქელუასგან სიყვარულზე ლაპარაკი მეხამუშა. ბოლოს და ბოლოს, იმედისმომცემად გულგრილი, ირონიით აღსავსე, სენტიმენტებისგან თავისუფალი ჩანდა დასაწყისში. 
შუა ნაწილს რომ გადავცდით, რაღაცამ შეცვალა.

თვითონ პრეტექსტატის სიტყვებით, წაკითხულმა წიგნმა უნდა შეგცვალოს.
რაღაც, სულ მცირე მაინც უნდა შეცვალოს შენში, ისეთი არ უნდა დარჩე, როგორიც მის წაკითხვამდე იყავი.
"მკვლელის ჰიგიენამ" ჩემში შეცვალა. 

ჩვენ ყველას წაკითხული გვაქვს, უმეტესობას მოგვწონს, ბევრი ვემხრობით, სხვებს კი უყვართ პეპი და პიტერ პენი. ბავშვები, რომლებსაც გაზრდა არ სურთ. რაც მეტად გვემატება ასაკი, მით უფრო მონდომებით ვეძებთ საკუთარ თავში რამე ბავშვურს, მით უფრო ვიხიბლებით მუდამ ბავშვებად დარჩენილი ამ გოგო-ბიჭით. 
"მკვლელის ჰიგიენის" წაკითხვის შემდეგ, ცოტა შეცბუნებული ვარ, ბევრად კი დაფიქრებული, რომ ბავშვური აკვიატება შეიძლება საზიანო იყოს. სადამდე შეიძლება მივიდეს მოზარდის ფანტაზია. 

კიდევ რაღაცებზე დავფიქრდი და კიდევ რაღაცები შეცვალა, რაც ალბათ დროთა განმავლობაში გამოვლინდება, დალექვის შემდეგ.


პ.ს. 25 წლის გოგომ დაწერა ეს წიგნი.
საშიში გოგოა. 
პირადად მე კი, გარეგნობით ნინა ზუსტად მისნაირი წარმომედგინა.   

  
    



   

No comments:

Post a Comment