Monday 26 December 2016

ლენა ანდერსონი, შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი. რომანი სიყვარულზე

შეხვედრა პირველი 
გვერდზე გადავდე სტატიების კითხვა გლობალურ დათბობაზე, კლიმატურ ცვლილებებზე, ვალუტის კურსებზე და ეს ყველაფერი ამ ახირებული ქალის გამო. წიგნის გამო, რომელიც ჯიბეში ეტევა. 
ჯერ მხოლოდ რამდენიმე გვერდი წავიკითხე და არ მასვენებს.
განცდა რომ გაქვს, თითქოს ჩაიდანი დაგრჩა გაზზე, ან ფილმს უყურებდი და რაღაცის გამო დააპაუზე და გინდა, რომ მიუბრუნდე, ან ზარს ელოდები ტელეფონზე.
მოკლედ, ამაფორიაქა.
არადა სათაურს რომ დავხედე და მერე ანოტაცია წავიკითხე, რაღაცნაირად გულჩვილ სასიყვარულო რომანად მივიჩნიე, აი, ცოტა აგდებულად და ცინიკურად რომ გადავფურცლე.




ჩანაწერები წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ

პირველი რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ერთი ფილმი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ ვნახე, მაგრამ არც სათაური მახსოვს და არც რეჟისორი. მახსოვს, რომ ევროპული ფილმი იყო, ურთიერთობებზე, მოძველებულ თუ ახალ ურთიერთობებზე, რაღაც იმედებზე, მოლოდინებზე, მიტოვება-დარჩენებზე, არჩევანებზე და ა.შ., როგორც ხდება ხოლმე. 
ფილმი იყო სადა ფერებში, საშუალო ტემპში, არაფრით გამორჩეული გარეგნობის მსახიობებით, მინიმალური ეფექტებით, მაგრამ ისეთი თემებით და საკითხებით, რომ სადღაც რაღაც მაინც მოგხვდებოდა გულზე. 
ასეთივე განცდა დამიტოვა ლენა ანდერსონის წიგნმაც. 
რაღაცნაირად წერს, რაღაცნაირად გიყვება. არ ვიცი, რა დავარქვა ასეთ სტილს.
აი, მაგალითად, არსად აღწერს მთავარი გმირების გარეგნობას.
შეიძლება გითხრას, რომ თხელი პალტო ეცვა ან მწვანე კურტკა, მაგრამ არ გეუბნება, როგორია ეს პერსონაჟი, როგორ გამოიყურება. თუმცა ისე ახერხებს, რომ ამას წიგნის დასრულების მერე თუ გააცნობიერებ, თორემ მანამდე არ გაწუხებს, არც გრძნობ ამის აუცილებლობას, ისედაც ხედავ შენს პერსონაჟებს.
არ გეუბნება მეგობრების სახელებს, მაგრამ არც არის მნიშვნელოვანი, მთავარია, იმას გეუბნება, რა როლს თამაშობენ და რას ამბობენ.  
ეგ კი არადა, წერილების, მესიჯების და ზოგჯერ დიალოგების ტექსტებსაც კი არ გიკონკრეტებს. არ გეუბნება რა, სიტყვებით უთხრა, მაგრამ სამაგიეროდ, გეუბნება რა უთხრა.
დავფიქრდი და აი, რა აღმოვაჩინე: მწერალი რომ პერსონაჟის ნათქვამს გადმოგცემს, ამით სურს, რომ შენ გარკვეული შთაბეჭდილება  შეგექმნას, რაღაც დასკვნამდე მიხვიდე და ა.შ. ლენა ანდერსონმა კი პირიქით, (ალბათ მკითხველის დროის ეკონომიის, ანდა გაუგებრობის თავიდან აცილების ან კიდევ რაიმე სხვა მიზნით) გამოტოვა კონკრეტული სიტყვები და პირდაპირ ფრაზების შიდა მხარე გვაჩვენა. მაგალითად, გეუბნება, მისწერაო წერილი, სადაც საკუთარ გრძნობებს უმხელდაო ან რაღაც ამგვარი და შენ, მკითხველს, სულაც არ გჭირდება ის კონკრეტული სიტყვები, რადგან ისედაც იცი, რასაც მიწერდა. იცი იმიტომ, რომ ან ოდესმე შენც მიგიწერია, ან გიფიქრია, რომ მიგეწერა ან გეთქვა, ანდაც შენთვის მოუწერიათ ან სხვაგან წაგიკითხავს მსგავსი ან მოგისმენია.

დიახ, ახირებული ქალია-მეთქი, თავიდანვე ვთქვი.
ასეთ დიალოგებს გამოტოვებს ხოლმე, სამაგიეროდ, ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე გამართული საუბარი შეიძლება დეტალურად აღწეროს.
ანდა სადილად მომზადებული კერძის რეცეპტი თუ არა, ინგრედიენტები მაინც ჩამოაწიკწიკოს.

კიდევ ერთი საინტერესო მიდგომა დავაფიქსირე. პერსონაჟების შესახებ თვითონ ნაკლებად მსჯელობს. გადმოგვცემს მათივე დასკვნებს და ფიქრებს არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ავტორი ნაკლებად ერევა. 
უფრო ზუსტად კი, ერთი პერსონაჟის ფიქრებია. 
ცალი მხრიდან გაჩვენებს ამბავს. ამბის მეორე და სხვა მხარეები მხოლოდ იმ დოზით ჩანს, როგორც მას ხსენებული ცალი მხარე აღიქვამს, ან რასაც მას სხვა მხარეები ეუბნებიან.
იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც ღია და პასუხგაუცემელი რჩება ამ პერსონაჟს, ან თავად მკითხველმა უნდა ამოიცნოს ანდაც ასევე ღია დატოვოს. ავტორი ამას საკუთარ თავზე არ იღებს.
ან იღებს, მაგრამ ირიბად.

ვიდრე ამ პოსტის წერას დავიწყებდი, ვიფიქრე, რომ კათარზისზეც უნდა მელაპარაკა. კლასიკური კათარზისის რამდენიმე განმარტება არსებობს. ერთნი ირწმუნებიან, რომ იგულისხმებოდაო, რომ თეატრალური წარმოდგენის მაყურებელი სცენაზე იმაზე მეტ ტანჯვას ხედავდა, რასაც თავად განიცდიდა რეალურ ცხოვრებაში და ამით მშვიდდებოდა, ჩემი შემთხვევა უკიდურესი არ ყოფილაო (ლენა ანდერსონის გმირებს თუ ყურადღებით მოუსმენთ, გაგახსენდებათ ჩემი ეს შენიშვნა). მეორენი განმარტავენ, რომ კლასიკური კათარზისი სხვაგვარად მუშაობდა, კერძოდო, მაყურებელი თავს იმ ტრაგიკულ პერსონაჟთან აიგივებდაო, მასთან ერთად ტანჯვის უკიდურეს წერტილამდე მიდიოდა და ამდენად საკუთარი ემოციების კულმინაციას განიცდიდაო. სხვანი კი იმასაც ამბობენ, ამ ტრაგიკული კულმინაციის და მოქმედ გმირებთან თანატანჯულობის შემდეგ რომ რეალობას უბრუდებოდა მაყურებელი, იმ განცდებს სცენაზე ტოვებდა და რეალურ ცხოვრებაში მობრუნებული თავს უკეთ გრძნობდაო. ანდაც იმის გაცნობიერება გვრიდა შვებას, ეს ყველაფერი წარმოდგენა ყოფილა, ცხოვრება კი მშვენიერიაო. მოკლედ, როგორც უნდა იყოს, ლენა ანდერსონის ეს წიგნი რაღაც კუთხით და დოზით ამასაც მოახერხებს. 

თავიდან ისე სადად, მარტივად და უბრალოდ შეგიყოლიებთ (რატომღაც ასე მგონია), რომ რაღაც პარალელებსაც გაავლებთ. ან იმ პერსონაჟად იგრძნობთ თავს, გვერდით რომ სამი თუ მეტი წლის შეყვარებული უწევს და ნელ-ნელა გრძნობს, რომ მისთვის საკმარისი აღარ არის. ან იმ პერსონაჟად, რომელსაც ქარიშხალივით დაატყდა თავს სიყვარული და ვნება და საყვარელი არსებისკენ მიილტვის. ან იმ პერსონაჟად იგრძნობთ თავს, მეორე მხრიდან წამოსული იმპულსები და მინიშნებები და მისი ქცევები რომ გაუგებრობაში აგდებს. ანდაც იმ პერსონაჟად, რომელსაც გარკვეული ურთიერთობისგან თავის დაღწევა სურს და ვერ ახერხებს. ან ორ ცეცხლს შუა აღმოჩენილად, ან ცალმხრივად შეყვარებულად. ანდაც იმად, ვისაც ვრცელ სასიყვარულო წერილებს უგზავნიან, მაგრამ სიყვარულის მოთხოვნას და საყვედურებს უფრო ჰგავს იმის გამო, რასაც არ დაპირებია. იქნებ თავი დაქალთა საბჭოს წევრად იგრძნოთ ანდაც იმ პერსონაჟად, რომელიც დაქალთა საბჭოს განხილვის საგნად ქცეულა.
მოკლედ, არჩევანი საკმაოა.

აქვე შეგვეძლო გვესაუბრა გენდერულ ბალანსზე, სასიყვარულო ურთიერთობების ტრადიციულ და თანამედროვე საზღვრებზე და დაუწერელ წესებზე. განგვეხილა, შემოაქვს თუ არა ურთიერთობებში დამატებითი გაუგებრობა სექსუალურ თავისუფლებას და ფიზიკური კონტაქტი აკისრებს თუ არა ვალდებულებებს ერთს ან მეორეს. შეგვეძლო გარკვეული ხნით იმაზეც გვემსჯელა, როდის აქვს და საერთოდ აქვს თუ არა ერთ ადამიანს უფლება, რაიმე მოითხოვოს მეორისგან, მითუმეტეს, როდესაც საქმე გრძნობებსა და ემოციებს ეხება. ღიმილში შეგვეძლო ანდაც არ შეგვეძლო გაგვეტარებინა ფრაზა, რომ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ კაცებს არ ესმით ქალებს, არამედ ქალებისთვსიაც გაუგებარია კაცების საქციელი და ღია თუ ფარული მესიჯები. 
და საერთოდაც ფართოდ გაგვეშალა თემა, რამდენად სწორი და მართალია, ადამიანების ქცევების სქესობრივ-გენდერული დაყოფა და სხვ. 

მაგრამ ამ ყველაფერზე პირდაპირ თუ ირიბად თავად ლენასთან და მის პერსონაჟებთან ისაუბრებთ. ამიტომ, მე აღარ ჩავერევი. 

კარგა ხანია ასეთი წიგნი არ წამიკითხია, ანდაც საერთოდ არ წამიკითხია, რადგან ვერ ვიხსენებ.
როგორი ასეთი? რაღაცნაირად ზედმეტად რეალური. მესიჯებით, მეილებით, ავტობუსებით, სადაც არანაირი მომავალი ან წარსული არ იკითხება, აქვეა, უბრალოა, სადა, მარტივი, ხელშესახები. 
და მაინც რაღაც ისეთებზე საუბრობს, რაც გეცნობა, რაც ადრეც წაგიკითხავს, იმიტომ რომ ადრეც დაუწერიათ და მომავალშიც დაწერენ. ფილმებსაც გადაიღებენ და სპექტაკლებსაც დადგამენ.
რაც უნდა იყოს და სადაც უნდა ვიყოთ, მაინც ურთიერთობების და ადამიანების გარშემო ვტრიალებთ. 

ვფიქრობ, ამ წიგნის წაკითხვა ყველასთვის არ უნდა იყოს მიზანშეწონილი.
ამიტომაც, რეკომენდაციის სახით ვურთავ:

უკუჩვენება:
ლენა ანდერსონის "შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი" არაა რეკომენდებული :
- ჰიპერმგძნობელობის მქონე მკითხველებისთვის
- ახლადდაშორებული მკითხველებისთვის
- გულგატეხილი მკითხველებისთვის
- არეული ურთიერთობების და ურთიერთობებში გაუგებრობების მქონე მკითხველებისთვის
- ეჭვიანობის ნიადაგზე მოსვენებადაკარგული მკითხველებისთვის
- ახლადშეყვარებული მკითხველებისთვის
- ასევე, სიფრთხილით ინიშნება საჩუქრად, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი ფიქრები 

ანდაც სულ პირიქით, სწორედ მათთვისაა ზედგამოჭრილი.
წაიკითხეთ და თავად გადაწყვიტეთ.

პ.ს. იკითხება ერთ დღეში, კლირენსი კი დამოკიდებულია მკითხველის სულიერ მდგომარეობაზე და გარემო პირობებზე. 






2 comments:

  1. ამ წამს მოვრჩი. წერის სტილზე გეთანხმებით. თუმცა უნდა აღვნიშნო რომ ესთერმა საშინლად გამაღიზიანა. ასეთი ქალები არსებობენ, ჭკვიანები ვიტყოდი შემდგარები, მაგრამ სიყვარული რომ გონებას უთიშავს და თავმოყვარეობას აკერგვინებს. რამდენჯერ მინდოდა ესთერს საკუთარ თავზე გაემარჯვა, მაგრამ არა, იმიტომ რომ მას არ უნდოდა ეს. უნდოდა დინებას გაყოლოდა, მერე რა რომ თავად ზარალდებოდა, მას ხომ არც ღირსების და არც შიშის გრძნობა გააჩნია. ასეთი ქალების ერთგვარად მესმის, მაგრამ საოცრად მაღიზიანებენ. მგონია, რომ საკუთარ თავს არ სცემენ პატივს. სიყვარული ყველაფერს ვერ ამართლებს.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, რომ შენი აზრი გაგვიზიარე ^_^
      რადგან მთავარ გმირს გულშემატკივრობდი და გინდოდა, რომ საკუთარ თავზე გაემარჯვა, ვფიქრობ, წიგნმა მოახერხა, რომ შენს ემოციებში შემოეღწია, ახლობელი გამხდარიყო და შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ურთიერთობა შედგა.
      ესთერს და თავმოყვარეობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, პირადი და სუბიექტური მოსაზრებით, არც ისე მარტივადაა საქმე.
      მთელი ეს წიგნი ფსიქოლოგიური ჭიდილია. იმის ილუსტრაციაა, რომ ოპტიმიზმსა და თავის მოტყუებას შორის ძალიან თხელი და თითქმს შეუმჩნეველი საზღვარია და ადამიანს ხშირად უჭირს ამ ზღვარის დანახვა და იმის შემჩნევა, როდის იქცევა იმედი მისივე ჩამძირავ ქვად. თანაც, ძველი ქართული გამოთქმა ხომ გახსოვს, იმედი ბოლოს კვდებაო. ან არც იმ ბოლოს.
      მხოლოდ ქალებში არ არის საქმე, მე მგონი. გეტსბის მწვანე შუქის მსგავსი ამბავია.
      სიყვარულსა და აკვიატებას შორისაც არ არის მარტივი გამყოფი ხაზის პოვნა.

      Delete