Monday 21 July 2014

"ანგელოზების აჯანყება" ნაწილი პირველი. კერპების მსხვრევა

ზაფხულის ცხელი დღეები ბავშვობას მახსენებს. იმ პერიოდს, ბებია რომ ხელს მოგვხვევდა შვილიშვილებს და სოფელში მივდიოდით. შუადღის სიცხის დროს ვერც სახლში გაჩერდებოდი, თამაშის თავიც ნაკლებად გვქონდა და ყველანი კაკლის ხეების და თხილის ბუჩქების ჩრდილში ვიკრიბებოდით. ჩამოგვქონდა სკამ-ლოგინები, „ლეჟანკები“ (ვერაფრით ვურჩევ ქართულ სახელს), ტახტების გადასაფარებლები, პლედები, გავშლიდით ძირს და ზოგი თვლემდა, უმეტესობა წიგნებს ვკითხულობდით.
ბებია იჯდა ქვის მრგვალ მაგიდასთან, ვიდრე ჩვენ დავლაგდებოდით, კალთაში მოგროვილ ვაშლებს ამოაწყობდა მაგიდაზე და რადგან ძირს ნაყარს და დაბეჟილს ვიწუნებდით (ხეზე აძრომა და მკვახე ვაშლის ჭამა გვერჩია), თლიდა, იმდენ ნაჭრად ჭრიდა, რამდენი შვილიშვილიც ვიყავით, გვინაწილებდა და ბედნიერი იყო, რომ ვიტანიმებით გვამარაგდებდა. მე კი ქართული ზღაპრებიდან ოქროსთმიანი ვაჟიშვილის დაბადების ამბები და ვაშლის რვა და ცხრა ნაწილად გაჭრა მახსენდებოდა, ოქროსთმიან ვაჟზე - დალი და ამირანი და ა.შ.
პატარობისას დეიდა მიყვებოდა ხოლმე მითებს და ზღაპრებს.
სიცხე ზოგჯერ ჩვენც და ჭრიჭინებსაც ისე გვაწუხებდა, გულშეღონებული ვჭრიჭინებდით, ერთი მობერვა ნიავიც კი გვიშველიდა ამ დროს (მდინარე შორს იყო ძალიან). დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ახერხებდა ბებია, მაგრამ ასეთ დროს ნელა, გამბულად და თანაბრად დაუსტვენდა და ფოთლები აშრიალდებოდნენ ხოლმე. ერთხელაც არ მომხადარა, ბებიას დაძახილზე ნიავი არ მოსულიყო.
გვიყვებოდა, როდესაც მის ბავშვობაში გვალვები დაიჭერდა ბავშვებს რიტუალს ასრულებინებდნენ, მგონი, ფეხშიშველები და ხელში ცარიელი ჭურჭლით დადიოდნენ ეზოში და მღეროდნენ: ახ, ლაზარე ლაზარე... აღარ გვინდა გოროხი, ღმერთო მოგვეც წვიმა...
შელოცვის ტექსტი რომ ზუსტად არ მახსოვს, ფაქტია, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო. წვიმების დროს პირიქით სთხოვდნენ, წვიმა აღარ გვინდაო.
ეს ცრურწმენები ნაკლებად იყო, უძველესი მითოლოგიის კვალია შემორჩენილი.
ქართული მითოლოგიის ანარეკლები ძველ ხალხურ ზღაპრებში, რამდენიმე ცეკვაში, მთის ზოგიერთ სიმღერაში და ცოტა თქმულებაშია შემორჩენილი. სულ ესაა და ეს.
წმინდა ნინოს ცხოვრებიდან გემახსოვრებათ კერპების მსხვრევა.
კერპებთან ერთად მთელი ძველი რელიგია ანუ მითოლოგია მთელი თავისი გამოვლინებებით, კულტისთვის დამახასიათებელი ატრიბუტებით და ყველაფრით დაიმსხვრა და გადაიყარა.
თუმცა, მთაში ისეთი მყარზღუდეშემორტყმული და ურყევი აღმოჩნდა ეს ძველი რწმენა-რელიგია თავისი რიტუალებიანად, რომ აქ ახალმა სარწმუნოებამ ერთი ხელის მოსმით ვერაფერი ვერ დაამსხვრია და პროცესი ბერძნული სცენარით წარიმართა: ანუ მოდიფიცირებით.
საქართველოში ყველაზე პოპულარული წმინდანი წმინდა გიორგია. განსაკუთრებით კი, მთაში. თუ გიორგობასთან დაკავშირებულ რიტუალებს დააკვირდებით, ლომისობას საკლავის სისხლში ამოსვრილი მლოცველები, სისხლით შუბლზე ჯვრის გამოსახვა და სხვა ამდაგვარები, დიდი სჯა-კამათი არ უნდა, რომ წმინდად ქრისტიანული რიტუალი არ არის. საქმე იმაშია, რომ მთაში კოპალას, იახსარის, ღვთისშვილების და ამირანის სახის მოდიფიცირება მოხდა, ისინი წმინდა გიორგისთან გაიგივდა, დევებთან მებრძოლი ღვთისშვილების ხატი ადვილად მიემსგავსა და გაუგივდა გველეშაპთან მებრძოლ წმინდა გიორგის და რადგან ეახლობლა, ხალხმაც ადვილად მიიღო და შეიყვარა.
საბერძნეთში, სადაც მითოლოგია კულტურის დონეზე იყო აყვანილი და ანტიკური ხანის
ყველა ცნობილი მწერალი მითოლოგიდან საზრდოობდა და თავისი ვერსიებით ამდიდრებდა და ავსებდა მითოლოგიას, ახალი რელიგია ვერ დაუპირისპირდებოდა ასე შესისხლხორცებულ რწმენას, რიტუალებს, საუკუნეების მანძილზე უამრავი ღმერთის სახელზე აგებულ ტაძრებს, მთელ ბერძნულ კულტურას. ამიტომ მოხდა შერწყმა, როგორც ღვთისშვილების და წმინდა გიორგის შემთხვევაში. ამის გამოა, რომ დღეს საბერძნეთში ნახავთ ტაძრებს, რომელსაც საძირკველი აქვს ანტიკური პერიოდის აპოლონის ტაძრის, კედლები და სახურავი კი ქრისტიანული ეპოქის და ხალხი მას ქრისტე-აპოლონის ტაძარს ეძახის. მეთევზეთა კუნძულზე არის ქალთევზა-ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც გამოსახულია ღვთისმშობელი, წელსქვემოთ თევზის კუდით, ხელში გემით და პოსეიდონის სამკაპით ...


ამირანზე მინდოდა, კიდევ ერთი ორი სიტყვა მეთქვა. ამირანი, რომელიც რეალურად ქართული მითოლოგიიდან შემორჩენილი ერთადერთი პერსონაჟია, ამირანი, რომელიც ღმერთს ეომება და კავკასიონის კლდეზეა მიჯაჭვული, ბერძნული მითოლოგიის პრომეთეა. შემდეგ ნაწილში დაწვრილებით მოგიყვებით პრომეთე-ზევსის ჭიდილზე, პრომეთეს კომპლექსზე, როგორ აისახა ეს ყოველივე ფრანსის „ანგელოზების აჯანყება“-ში და სხვ.
მანამდე კი იმის თქმა მინდა, რომ ამირანის სახე ქართველებს არ აგვიღია ბერძნებისგან. ასე არ იფიქროთ. აქ უფრო კომპლექსურადაა ჩახლართული ამბავი. პრომეთე-ამირანი კავკასიური ღმერთია. ბერძნული წყაროების მიხედვითაც კი, როდესაც ისინი საბერძნეთის ტერიტორიაზე დასახლებას იწყებდნენ, იქ დახვდათ წინარებერძნული კულტურა, რომელსაც შემდეგ დაეფუძნა მათი კულტურა. სარწმუნო კვლევების მიხედვით ის წინარებერძნული კულტურა სწორედ მედეას სამშობლოდან წასული კულტურაა. (მედეას და არგონავტების შესახებ ალბათ სხვა დროს მოგიყვებით, თუმცა მოკლედ რომ მიგანიშნოთ, კოლხებს არგო არ გაჰკვირვებიათ, ყურადღებაც არ მიაქციეს ამ უზარმაზარ გემს, მათ ნაპირებს რომ მოადგა, ბერძნები კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაკვირვებულები იყვნენ ხან ჩანჩქერით, ხან მიწის დამუშავების ტექნიკით და ხან დაცვის სისტემით).
ამ მონაკვეთის დასკვნა ალბათ ის იქნება, რომ ახალი რელიგია ყოველთვის ცდილობს განდევნოს ძველი. თუმცა ზევსის ამბავი ვისაც გახსოვთ, ისიც გეცოდინებათ, რომ მამა-პაპიდან მოსდევდა ტახტისთვის ბრძოლა.
       

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ: "ანგელოზების აჯანყება". ნაწილი მეორე. საღერღელის აშლა
"ანგელოზების აჯანყება". ნაწილი მესამე. ვინ არიან ღმერთი და სატანა?
„ანგელოზების აჯანყება“. ნაწილი მეოთხე. რისი წაკითხვა შეიძლება წიგნში ანუ მცირე კატალოგი
   

No comments:

Post a Comment