Friday 25 July 2014

ამბავი ერთი დღისა და ერთი წიგნისა. წამკითხველი

ზოგჯერ კონკრეტული ფიქრი იმის მიხედვით გახსენდება, სადაც ჩაიარე ამ ფიქრის დროს ან რაც დაინახე.
წუხელ შინ რომ ვბრუნდებოდი, ვიწრო ქუჩით გადავედი, სადაც ლამპიონი საკმაოდ მგრძნობიარეა, მიახლოებისას ინთება, სხვა მხრივ მყუდროდ ჩაბნელებული ქუჩაა
, ხელმარჯვნივ პატარა ბაღით, ერთი ორი ხის სკამი და ერთი ორი საქანელა რომ დგას. დღისით აქ ბავშვები თამაშობენ, საღამოს უბნის ბიჭები იკრიბებიან და მერე ბარბაცით მიდიან სახლებისკენ. აი, ბიჭო, ოპიუმივით არის, კანქვეშ შეგყავს... კიდევ რაღაცას ამბობდა, აღარ გამიგონია. ლამპიონი ჩემს მიახლოებაზე აინთო და საერთო ჯგუფს გამოყოფილი ორი ტიპიდან იმის თვალები, რომელიც მეორეს იდუმალი ხმით ჰპირდებოდა რაღაც "ყველაზე კაი პონტს" ისეთი დაფეთებით შეეჩეხნენ ჩემს თვალებს, რომ თავი ისევე უხერხულად ვიგრძენი, როცა პატარობისას დაუდევარი ბავშვი რომ ხარ, ზაფხულში აქეთ-იქით დაბოდიალობ და ხან რომელ კარს შეაღებ, ხან რომელ არასაჭირო ადგილას აღმოჩნდები და უფროსების მზერაში უხერხულობის და გაბრაზების ამოკიხვასაც ვერ ასწრებ, ისე გარბიხარ აწითლებულ-თავჩაქინდრული.
როდესაც ჩავიარე "წამკითხველ"-ზე ვფიქრობდი. უფრო სწორედ კი იმაზე, რომ ერთი სული მქონდა, შინ მივსულიყავი და დამესრულებინა.
ფიქრი გამექცა იმაზე, რომ იქ დღისით ბავშვები თამაშობენ. პატარობისას ეზოში ჩვენც ხშირად ვპოულობდით შპრიცებს.
მერე ისევ წიგნზე გავაგრძელე ფიქრი. წიგნი, რომელიც ერთი დღით ვითხოვე და რომლის შესახებაც არაფრის დაწერას არ ვაპირებდი. არც ახლა ვაპირებ, მაგრამ ვწერ.
русская рулетка როდის გამახსენდა, არ ვიცი. მაგრამ წიგნებთან დამოკიდებულების ერთ-ერთ სახეობას რომ დავარქვი ასე, ეს ვიცი. როგორც კი მცირედი თავისუფალი დრო მივარდება ხელში და სადმე ახლომახლო წიგნი მოიპოვება, მნიშვნელობა არ აქვს, რა წიგნია, ვშლი და ვიწყებ კითხვას. შეიძლება პირველი ფურცლიდან არც დავიწყო, მითუმეტეს თუ ვიცი, რომ მცირეხნიანი ურთიერთობაა. არც იმას აქვს იმწამს მნიშვნელობა, გაგრძელდება თუ არა ეს ურთიერთობა მერე.
ასე დაწყებული წიგნების უმეტესობამდე ვეღარც მივდივარ ან მგონია, რომ წაკითხული მაქვს და უბრალოდ ბოლომდე აღარ მახსოვს.
ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე საოფისე სამუშაოს ვასრულებ და ოფისიც ისეთი კი არ არის, საცხოვრებელი სახლის მეორე და უფრო ზემო სართულზე რომ ხარ, სადაც ვიდრე დაინტერესებული პირი მოგაგნებს ჯერ ეზოში სათამაშოდ ტრუსის ამარა გამოტანტალებული ბავშვების და მათ უკან ღამის ქოთნით დადევნებული დედებისთვის უწევს გვერდის ავლა, არამედ ისეთი ოფისია, საქმიანად ჩაცმული ხალხით, საქმიანი და მკაცრი იერით, შინაგანაწესითაც კი და რაც მთავარია, უამრავი საოფისე მოხელით, რომლებსაც სამუშაო დროს სხვა აქტივობების უფლება არ აქვთ. თუმცა ამ ხალხმრავლობაში და რუტინულ ერთფეროვნებაში მკითხველებიც ვართ შემოპარული. და დამახასიათებელი ამოსაცნობი ნიშნების საშუალებით ერთმანეთი შემჩნეულიც გვყავს და კიდეც გვიხარია, მაგრამ არც ერთმანეთს და არც სხვებს ამის შესახებ არაფერს ვეუბნებით.
ბოლო პერიოდში უკვე ორჯერ მოხდა ისე, საქმე მალე დავამთავრე და სამუშაო დღის ბოლომდე საკმაოდ დრო მრჩებოდა. ჩუმად მივედი ერთ-ერთ შემჩნეულ მკითხველთან და რამე წიგნი გექნება-მეთქი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი. სამუშაო მაგიდის ყველაზე დაბლა უჯრიდან სტივენ კინგის "მწვანე გზა" ამოაძვრინა პირველ დღეს.

გუშინაც ასეთივე გაჭირვებაში აღმოვჩნდი და ისევ მას მივმართე დახმარებისთვის. ამჯერად ბერნჰარდ შლინკის "წამკითხველი" შემხვდა.
ფილმი არ მაქვს ნანახი. წიგნის არსებობაც ვიცოდი, გარეკანიც მეცნობოდა, მაგრამ არც არასოდეს მიცდია მისი წაკითხვა.
русская рулетка. სასხლეტს გამოვკარი და გავარდა.
პირველი სიტყვების წაკითხვისას გავიფიქრე, რა კარგია, რომ თანამედროვე ავტორები პირდაპირ მოვლენების შუაგულში ჩაგაგდებენ და თხრობა არ იწყება მთავარი გმირის საგვარეულოს ისტორიის ვრცელი თხრობით ან გარემოს ისეთი დეტალური აღწერით, რომ იძულებული ვარ მთელი ჩემი ფანტაზია დავძაბო, არაფერი გამომრჩეს, ისე წარმოვიდგინო, როგორც აღწერს და ბოლოს ზედმეტი ვარჯიშისგან წელგაშეშებულივით და კუნთებდაწყვეტილივით დაღლილი და გაღიზიანებული აღმოვჩნდეთ მეც და ჩემი ტვინიც.

რამდენიმე გვერდის წაკითხვის მერე რას ვფიქრობდი, არ მახსოვს.
ვიცოდი, რომ აუცილებლად დავამთავრებდი.
პირადული წიგნი.
ხო, ასეთი წიგნებიც არსებობს, იმდენად პირადული, რომ მის მიერ გამოწვეულ განცდებზე და ასოციაციებზე არ ილაპარაკებ.
ვიტყვი, რომ მარიამს გუშინ წიგნი აღარ გამოურთმევია. დღეს დილით მოვუტანე.
გუშინ რაღაც ტესტირებაზე მომიწია წასვლა და ტესტი სასწრაფოდ დავწერე, მერე ვიჯექი და ვიდრე წასვლის ნებას დაგვრთავდნენ, წიგნი ამოვიღე და კითხვა განვაგრძე. დაწერილი ტესტის გადახედვაც არ მიფიქრია.
ვკითხულობდი ავტობუსშიც, სახლისკენ მიმავალი.
საერთოდ არ ვარ ის ადამიანი, ვინც წიგნზე ან ფილმზე შეიძლება ატირდეს (ეს ფენომენი კაცებისთვის და ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვის, კარგა ხნის გაზრდილებისთვის და ხანდაზმულებისთვის ერთნაირად დასაშვებია?).
წიგნის დასრულებისას მოზღვავებული ემოციებისგან თვალები მეცრემლებოდა.
საკმაო ძალისხმევა და ბრძოლა დამჭირდა, რომ თავს მოვრეოდი.
აბა ხომ არ ავტირდებოდი?
სინათლე რომ ჩავაქრე და თვალები დავხუჭე, მაინც დამისველდა წამწამები.
და განსაკუთრებით გამიჭირდა, რომ მაინცდამაინც ამ ღამით მარტოს მიწევდა დაწოლა დასაძინებლად.
დილით ვიფიქრე, რომ უსამართლოდ ვიქცეოდი, როდესაც წიგნებს ზომის ან გარეგნობის მიხედვით ვაფასებდი. თუმცა ასე ალბათ არც ვიქცევი ხოლმე. მაგრამ უნდა ვაღიარო, "წამკითხველი" სერიოზულ წიგნად არასოდეს აღმიქვია და რომ არა გუშინდელი დამთხვევა, შეიძლება არც არასოდეს წამეკითხა.
დილით წიგნი დავაბრუნე. მადლობა თავშეკავებულად გამოვთქვი, რადგან შემეშინდა, კითხვების დასმის საბაბი არ მიმეცა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ხოლმე წიგნებზე.
ვიდრე სამსახურში მოვიდოდი, ვფიქრობდი იმაზე, რა გავლენას ახდენენ ადამიანები ერთმანეთზე და ვფიქრობდი, როგორ უნდა დამემოძღვრა შვილი, რა თვალსაჩინო ექსპერიმენტებით მიმეყვანა დასკვნებამდე.
ტრანსპორტიდან რომ ჩამოვედი, ზუსტად ერთნაირად ჩაცმულმა ლამაზმა გოგო-ბიჭმა ჩამირბინა გვერდით მშვიდი, თანაბარი, სპორტული სირბილით. დაუჯერებლად ერთნაირად და შეწყობილად ვარჯიშობდნენ, და სირბილისას მარცხენა ფეხს რომ აბიჯებდნენ, რომელიღაცის ჯიბეში ხურდები ან მაჯის საათის მეტალის სამაჯური ისე სასიამოვნოდ ჩხრიალებდა, მელოდიასავით ამეკვიატა და შენობაში შესულმა უკვე ვიცოდი, რომ ამ წიგნზე დავწერდი.    










4 comments:

  1. ერთი ამოსუნთქვა იყო ეს პოსტი ^^
    იცი, რო მკითხონ მხოლოდ ერთი ფილმი მითხარიო, დაუფიქრებლად ამას ვიტყვი. ჯერ ვუყურე, მერე წავიკითხე და რამდენიმე დღე ყელში ბურთი მქონდა გაჩრილი.
    მტკივნეული ამბავია, ძალიან მტკივნეული.

    ReplyDelete
    Replies
    1. ^^ ის კიდევ ძალიან სასიხარულო ამბავია, ოჩოს ბლოგს რომ სტუმრობ ხოლმე. სტატისტიკების წყალობით ვიცი, რომ ბლოგს ყოველდღე ათეულობით წამკითხველი ჰყავს, მაგრამ კომენტარებით არ ვარ განებივრებული.

      რომ წავიკითხე, რამდენიმე დღე გავლენის ქვეშ ვიყავი მეც. ისე უცებ წამეკითხა, კიდევ მინდოდა იქ დაბრუნება და მერე ვნახე ფილმი.
      ფილმმაც მომკლა :)

      Delete
    2. გუშინ გვიანობამდე შემოვრჩი შენს ბლოგზე, თითქმის ყველა პოსტი შემომეკითხა ^^ ყველაზე რაღაცის დაწერა მინდოდა ისეთი კარგები იყო < 3 ხშირად წერე ^^

      Delete
    3. აჰმ ^^ მადლობა

      Delete