Tuesday 22 July 2014

"ანგელოზების აჯანყება". ნაწილი მესამე. ვინ არიან ღმერთი და სატანა?

ვინ არიან ღმერთი და სატანა „ანგელოზების აჯანყებაში“?
ზევსი

ღმერთი ზევსია, მეხთამპყრობელი. ის, ვისაც სამყარო არ შეუქმნია, არამედ უკვე შექმნილი სამყაროს ტახტზე დაჯდა სამართავად მას მერე, რაც დედის დახმარებით მამას დაატოვებინა ტახტი, თუმცა მანამდე მამა ცდილობდა მის განადგურებას, რადგან თვითონ მანაც ასეთი გზით მოიპოვა ტახტი საკუთარი მამისგან და შესაბამისად შიშობდა, ჩემი ძეც ასევე მომექცევაო.
მამის მომხრეები უფსკრულში გამოკეტა ახალმა ხელისუფალმა.
ანგელოზები, უფრო სწორედ კი უფსკრულში ჩაყრილი ტიტანები სამეფო ტახტისთვის და ხელისუფლებისთვის ჯანყდებიან.
რაც შეეხება საპიროვნებას და სამგვამოვნებას, ზევსს ჰყავდა ძმები, პოსეიდონი და ჰადესი, რომლებთანაც ინაწილებდა მეუფებას, თუმცა იმის მტკიცებაც შეიძლება, რომ პოსეიდონი და ჰადესი ზევსის სახეცვლილებები არიან წყალთა და სულთა სამეუფოებში.


რაც შეეხება სატანას, იგი დიონისეა. ვაზით შემკობილი და თუ დააკვირდებით მის საქმიანობას, დიონისეს გზას იმეორებს, ადამიანებში ხელოვნების, თეატრის, დრამის დანერგვით. მისი მოგზაურობის მარშრუტიც კი დიონისეს გზაა.
დიონისე
არც მენადების ნაკლებობაა, პანიც იქვეა, ნექტერად წოდებული, მისთვის დამახასიათებელი თხის ჩლიქებით.
ბერძენი პანი თუ სასიამოვნოდ უკრავდა სალამურზე არ მახსოვს, მაგრამ ნექტერი ორფეოსივით კარგი მუსიკოსია.  
თეატრი და ტრაგედია რომ დიონისეს კულტთან და ე.წ. დიონისიებთანაა დაკავშირებული, ამაზე ნომენკლატურული ჭეშმარიტებების გამეორებით თავს აღარ მოგაბეზრებთ.

თუმცა ფრანსის სატანა უფრო მშვიდი და მშვიდობისმოყვარეა, ვიდრე ტემპერამეტიანი დიონისე, რომელიც მიუხედავად ღვინისა და მხიარულების სიყვარულისა, გამუდმებით კარგ ხასიათზე არ ყოფილა და სადაც მას დიდებით და სიხარულით არ იღებდნენ, მის კულტს არ აღიარებდნენ და თაყვანს არ სცემდნენ, ისეთ დღეს აწევდა, მტერსაც არ უსურვებ. ასე მოხდა მაშინაც, მეფემ რომ არ მიიღო და დიონისემ დედა-დედოფალი და მისი მხლებელი ქალები ჭკუიდან შეაცდინა, მენადებივით დაიწყეს როკვა, მეფე ტყის ცხოველად მიიჩნიეს და რიტუალური ცეკვისას ხელით დაფლითეს. გონს მოსული დედა ტირილით და გოდებით აგროვებდა შვილის ნაწილებს...
აპოლონი

ფრანსის სატანა უფრო მეტად ხელოვნების და განათლების მოყვარულია. აპოლონსაც მოგაგონებს, ადამიანებს რომ ხელოვნების და სილამაზის სიყვარულს ასწავლიდა და არფაზეც უკრავდა.
თუმცა, არც ის მახსენდება, დიონისეს ზევსთან ომი დაეწყოს. აი პრომეთესა და ზევსს კი მაინცდამაინც დაწყობილი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ.
ამირან-პრომეთეზე რომ გიყვებოდით, იქ აღვნიშნე, ჯერ კიდევ გასარკვევია (ჩემთვის, ყოველშემთხვევაში) პრომეთე ზევსთან დაპირიპირებული ტიტანი უფროა თუ ზევსის წინამორბედი ღმერთი, რომელიც კერპივით უნდა დაამსხვრიოს ზევსმა.
ასეა თუ ისე, ფრანსის La Révolte des anges ეგრეთწოდებულ პრომეთეს კომპლექსს მაგონებს, რომელიც უკვე ბევრჯერ ვახსენე და განმარტება კი არა და არ მოვაყოლე.
მოკლედ, იყო და არა იყო რა, იყო ზევსი, რომელმაც დაამხო მამამისი, რომელმაც თავის მხრივ ზევსის ბაბუის დამხობით მოიპოვა ტახტი და კი გახდა ყოვლისმპყრობელი მეუფე, მაგრამ არც ეს სამყარო იყო მისი შექმნილი და გარკვეულ მემკვიდრეობით შიშებს ისიც უძლიერებდა, რომ არც ყოვლისმცოდნე იყო. მაგალითად, იცოდა ის, რომ მამა-პაპის ბედს მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალთან შეძენილი ძე გააზიარებინებდა, მაგრამ ეს ქალი ვინ იყო და ვისთან უნდა მოეთოკა თავისი მოუთოკავი ვნება და შერწმის სურვილი, ეს კი არ იცოდა. სამაგიეროდ, იცოდა პრომეთემ.
პრომეთეს ადამიანები ძალიან უყვარდა, კეთილი დემონი იყო და ცდილობდა, მათთვის ბევრი რამე ესწავლებინა.
ადამიანებს ცეცხლის ეშინოდათ. ზევსი რომ ცაზე მეხს დააკვესებდა, მუხლებზე ემხობოდნენ ცეცხლთამბრძანებელი და ძლევამოსილი ღმერთის წინაშე და შიშით ცახცახებდნენ.
პრომეთემ კი მოიპარა ცეცხლი, ჩამოუტანა ადამიანებს და მისი „მოშინაურებაც“ ასწავლა.
ადამიანების ცხოვრება შეიცვალა. ნელ-ნელა ხელობაც ისწავლეს, თავის რჩენაც, გათბობაც და უფრო თამამებიც გახდნენ.
მკრეხელი დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო. მაგრამ ამ ოხერმა ის საიდუმლო იცოდა, რომლის გაგებაც ზევსს ყველაფრად უღირდა. ხვეწნას ხომ არ დაუწყებდა, ადგა და კლდეს მიაჯაჭვა, არწივიც გემახსოვრებათ, ღვიძლს რომ უკორტნიდა. არა და არ ტყდებოდა პრომეთე.
იცოდა, ვიდრე ის საიდუმლო იცოდა, მისი სიცოცხლე ხელშეუხებელი იყო.
პრომეთე
თან, ალბათ, იმასაც ფიქრობდა, გაუტეხელობის მაგალითი მიეცა ადამიანებისთვის.
რა მოუტანა ადამიანებს ტექნიკურმა პროგრესმა, რომელიც ცეცხლთან ერთად აჩუქა პრომეთემ?
აი ესაა ზემორე ხშირად ნახსენები პრომეთეს კომპლექსი: ტექნიკურმა პროგრესმა ბევრი სატანჯველიც გაუჩინა ადამიანებს, რაც მითოლოგიაში პრომეთეს რძალთან, მისი ძმის, ეპიმეთეს ლამაზ ცოლთან, პანდორასთან და მის მზითვთან, პანდორას ყუთთანაა დაკავშირებული.
რეალობასთან რომ გავავლოთ პარალელი, გამონაბოლქვიდან დაწყებული ათასი რამით შევუწყვეთ ხელი ახალი დაავადებების გაჩენას, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ უფრო იკლებს, ბუნებასთან კავშირი სულ უფრო მცირდება, ხეებს ვჩეხავთ საწარმოების ასაშენებლად, გლობალურ დათბობას მივესწრაფვით და ა.შ.
პანი

არც ფრანსის მშვიდობიან თუ რევოლუციონერ ფრანგებს აქვთ დაწყნარებული ცხოვრება. საუკუნეების მანძილზე სატანა-დიონისე-პრომეთე ცდილობს ასწავლოს უამრავი რამ, ღმერთი-ზევსი კი ცდილობს შიშის ზარი დასცეს და მისდამი კრძალულება, პატივისცემა და თაყვანისცემა შეუნარჩუნოს.

როდესაც წაიკითხავთ, კიდევ ერთი პარალელის გავლება შეგიძლიათ ანტიკურ ლიტერატურასთან, კერძოდ კი, ერთ-ერთ უძველეს ბერძნულ კომედიასთან, სადაც ცუდი ხელისუფლის წინააღმდეგ ყველაზე სუფთა და კეთილი მოქალაქე იწყებს ბრძოლას, დაამარცხებს, ხალხი მის მაგივრად აირჩევს წინამძღოლად და ძალაუფლების ხელში აღებისთანავე ტყუპისცალივით იწყებს წინამორბედის დამსგვასებას, ვისგანაც ხალხის ხსნას ცდილობდა.   

No comments:

Post a Comment