Tuesday 22 July 2014

„ანგელოზების აჯანყება“. ნაწილი მეოთხე. რისი წაკითხვა შეიძლება წიგნში ანუ მცირე კატალოგი

ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არ მიყვარს, როდესაც მხატვრული ნაწარმოები ენციკლოპედიას ემსგავსება ან პუბლიცისტურ წერილს. ხშირად ვღიზიანდები, როდესაც ავტორს ეტყობა, რომ მიღებული ინფორმაციის გადმოცემა მალევე დაუწყია, დალექვა და დაღვინება არ დაუცლია და სახელმძღვანელოს კითხულობ თუ მხატვრულ ნაწარმოებს, ვერ გაარჩევ. ყველაფერი ზედაპირზე დევს, დასკვნაც, ავტორს სუბიექტური აზრიც და დაფიქრებას არც გაცდის.

სწორედ ამიტომაც ფრანსის მადლობელი დავრჩი, რომ წიგნი თხელია და პატარა. ტექსტი საკმაოდ მოკლე, მაგრამ ტევადი.  
სტრიქონებს შორის იმდენია ჩატოვებული, რომ აგერ მეოთხე პოსტს ვწერ და ამაზე თუ შევჩერდები, კიდევ არ ვარ დარწმუნებული.


    1.      მხატვრობაზე საუბარი თუ გსიამოვნებთ, სათქვენო საკითხავს ნახავთ  
     2.      ისტორიული მიმოხილვა თუ გინდათ, არც ამ შემთხვევაში დარჩებით გულნატკენი
     3.      წიგნები და ბიბლიოთეკები გიყვართ და გესიამოვნებოდათ, გემრიელი და მსუყე აღწერა იშვიათი ბიბლოთეკის და ჭეშმარიტად წიგნოფილი ბიბლიოთეკარის შესახებ, რომელიც წიგნის გულისთვის მზადაა, მოკლას? ამასაც ნახავთ
     4.  მისტიკა და ამოსახსნელი ამბები თუ გიყვართ, სათქვენოცაა ეს წიგნი
    5.      რელიგია, მითოლოგია და ათეიზმი თუ გხიბლავთ, ნურც თქვენ გამოტოვებთ
     6.      ფრანგული სამზარეულოს შესახებ კითხვა და ქუჩების ფრანგულ-ფრანგული დასახელებები წიგნებში განსაკუთებულად სასიამოვნო შეგრძნებებს გიტოვებენ? არც ამაზე დაგტოვებთ გულნაკლულს
     7.      სასიყვარულო ინტრიგების შესახებ გინდათ წაკითხვა?
     8.      ან იქნებ იმ ქალის შეხვედრა გსურთ, სიყვარულისგან რომ შეუძლია, მოკვდეს? 
     9.      ქალის გამო დუელი?
    10.   რევოლუციები? (ცაში თუ მიწაზე)
    11.   პოლიტიკა?
    12.   ომი?
    13.   ოჯახური ურთიერთობები?
    14.   მეგობრობა და ღალატი?


პავიჩი რომ მიყვარს, გემახსოვრებათ და მისგან მახსოვს, ავტორი რომ უამრავ წიგნს ჩამოთვლის, შესაძლოა უმეტესობა მისი გამოგონილი სათაური იყოს, გადაკეთებული მაინც და არც თუ ჭკვიანურია, ბიბლიოთეკაში გავარდე მათ საძებნელად. თუმცა მთელი ანტიკური ლიტერატურის კატალოგს რომ ჩამოარაკრაკებს, ყურს და გულს უხარია.
მონასტერში წასულ დემონებზე და ანაფორებში შემალულ კუდებზე და ჩლიქებზე ისევ პავიჩი გამახსენდა და ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდიც“.
ჰომეროსი რომ ომზე ყვებოდა, მასშტაბური შეხლა-შემოხლები და ფართო პანორამები რომ მეგონა მისი დამახასიათებელი, არც დეტალები გამოტოვა და ამით არის „დიდი“, რომ ეგრეთწოდებული ეპიზოდური როლის პერსონაჟები, ნავსიკაე და ელპინორი, თითქოს უმნიშვნელო და უფერული გმირები წინა პლანზე წამოწია და მათი სატკივარიც არ დაივიწყა. ფრანსის რევოლუციებშიც უამრავი ამბავი ჩაიქროლებს უკანა პლანზე და თუ ჩაუკვირდებით, ამ ხმაურს მიუხედავად, მაინც სრულად ამოიკითხავთ.
თუმცა, რაც ძალიან მესიამოვნა და მომეწონა, მისი გულგრილი ტონია. არაერთ ეპიზოდში შეიძლებოდა გაქცეოდა კალამი მწერალს და დეტალების, ემოციების აღწერა დაეწყო. მაგრამ არ გაექცა.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ისტორიული, რეალური თუ ზოგადი ომის, რევოლუციის, აჯანყების და სისხლისღვრისა და სისასტიკის ამბის ამოკითხვა შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი რიტორიკული შეკითხვებით, შეგონებებით მონოლოგებით არ მიმართავს მკითხველს, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ის ჭეშმარიტი პაციფისტია. და მშვიდად ვერ იქნება მანამ, ვიდრე ადამიანს იარაღი ისე უყვარს და ახარებს, როგორც პატარა ბავშვს სათამაშო.       



ამავე წიგნთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ:
"ანგელოზების აჯანყება" ნაწილი პირველი. კერპების მსხვრევა
"ანგელოზების აჯანყება". ნაწილი მეორე. საღერღელის აშლა
"ანგელოზების აჯანყება". ნაწილი მესამე. ვინ არიან ღმერთი და სატანა?

No comments:

Post a Comment