Tuesday 22 July 2014

"ანგელოზების აჯანყება". ნაწილი მეორე. საღერღელის აშლა

გულწრფელად დავისხი ჩაი, მივუჯექი სამუშაო მაგიდას და დილიდან აქტიურად ვაპირებდი მუშაობას... ერთი-ორ ბლოგს გადავხედე, ელ.ფოსტა შევამოწმე, ბლოგი და ფეისბუქი შევამოწმე, ოჩოპინტრეს ბოლო პოსტი თუ ვინმემ წაიკითხა მეთქი.
სამუშაოს ნაცვლად ახალი ბლოგპოსტის წერა დავიწყე.
პარალელურად ორიოდე სიტყვით ჩავერთე ოთახში წამოწყებულ საუბარში რუსულ-ინგლისური ბარბარიზმების შესახებ.
ორი აბზაცი მიწერია ჯერ მხოლოდ და ონლაინ სლენგი მაქვს გამოყენებული თუ ბარბარიზმები, ამაზე შეეძლო ვინმეს შემდავებოდა, მაგრამ ამინდიც ისეთია, მოთენთილი და ხასიათზეც ისეთზე ვარ, პასუხის გაცემა დამეზარებოდა.
„ანგელოზების აჯანყების“ მეორე ნაწილის, დაპირებული სამი ნაწილიდან, დაწერას ვაპირებ, მგონი.
გუშინ სხვანაირად ვაპირებდი დაწყებას.
მერე იმაზეც ვიფიქრე, რომ ბლოგპოსტების წერის გარკვეული სტილი ჩამომყალიბებია: ჯერ რამეს ვიხსენებ საკუთარი თავიდან ან არ ვიხსენებ, მაგრამ აღვნიშნავ, მერე გადავდივარ სათქმელზე, ბოლოს ვუწერ დასკვნას.
მერე იმაზეც ვიფიქრე, რომ ბლოგები ზოგადად საინტერესო რამეა. საჯარო დღიურივითაა ან პერიოდული გამოცემასავით, სადაც არც რედაქტორი გყავს, არც ცენზორი, არც გამომცემელი და შესაბამისად, არც ჰონორარი გაქვს და არც შეზღუდვები.
ფოტომასალაც, სურვილისამებრ, ან შენი საკუთარი გადაღებულია ან ინტერნეტის ვრცელ ქსელში მოძიებული და ავტორ-პატრონით არც დაინტერესებულხარ, არც მიგითითებია და არც პასუხი მოუთხოვია ვინმეს.  
პოსტის დაწყებას კი ასე ვაპირებდი: ანატოლ ფრანსის შთამომავალს ერთმა ბიბლიოთეკარმა უჩივლა, რომელიც მართლაც მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სარიეტის პროტოტიპი მე ვარ და მასხრად ამიგდოო. სასამართლომ გადახედა, განიხილა, აღმოაჩინა, რომ ზემოხსენებული ბიბლიოთეკარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრის მერე ჩაუმატებია ანატოლს გონებაარეული ბიბლიოთეკარის საგიჟეთში გადაყვანის ამბების მთხრობელი თავები და სარჩელი დააკმაყოფილდა, ბიბლიოთეკარმა 5000 ფრანკი მიიღო კომპენსაციის სახით. (იმედია, თანხა სწორად მახსოვს, ან რა მნიშვნელობა აქვს).
პოსტის გაგრძელებას კი იმით ვაპირებდი, რომ ოლიმპოს მკვიდრი ღმერთებიდან დაწყებული იმდენი მომჩივანი შეიძლებოდა ჰყოლოდა ფრანსს, მისი მემკვიდრეები კი არა, მთელი საფრანგეთი ვერ გაწვდებოდა კომპენსაციების გადახდას.
ჩვენს რელიგიას უხამსად და მკრეხელურად შეეხოო, ქრიასტიანებსაც შეუძლიათ უჩივლონ ან აკრძალულ საკითხავთა ნუსხაში შეიტანონ.
სხვათაშორის, აკრძალულ საკითხავთა ნუსხა მე არ მომიგონია, აპოკრიფებზე რომ ვყვებოდი, გემახსოვრებათ, აპოკრიფების გარდა ამ ნუსხაში შედიოდა სხვადასხვა წიგნები, მსჯელობები, გარკვეულ დოგმატთა სხვადასხვა ვარიაციების მიხედვით განხილვები და სხვ. თუ სწორად მახსოვს, ამ სიას პატრიარქის ნუსხას უწოდებდნენ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში რომ ამოვიკითხე, ყველაფერს კითხულობდა, რაც კარგი იყო, შეითვისებდა, „ხოლო ჯერკუალი განაგდის“-ო, მიუხედავად იმისა, რომ არ მახსოვს, მაშინ უკვე არსებობდა თუ არა ეს ნუსხა, მაინც ისეთი განცდით დამამახსოვრდა, არც აკრძალულ ლიტერატურას გაურბოდა და მათგანაც იღებდა გარკვეულ ცოდნას-მეთქი (თუმცა, რეალურად, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ სასულიეროს გარდა, საერო ლიტერატურასაც კითხულობდა).
ჩემი აზრით, ადამიანი თუ მყარადაა თავის რწმენაში ან ურწმუნოებაში (ეს მისი არჩევანია და არჩევანის თავისუფლებას მორწმუნენი და ურწმუნონი ერთნაირად უნდა აღიარებდნენ, წესით), მაშინ მას არანაირი ლიტერატურის კითხვა არ უნდა აშინებდეს, რადგან აზრს ვერაფერი შეაცვლევინებს.
თუმცა, სადღაც ვიღაცის სიტყვები იყო გაზიარებული, მოწრმუნე ვარ და ამიტომ ცოდნას არ მივიღებ, უცოდინარი ვარ და ამით ვამაყობო.
რაღაც ვერ გაეგო ამ ადამიანს აშკარად სწორად, მაგრამ ფრანსის „ანგელოზთა აჯანყება“ რომ წაიკითხოს, საერთოდ აღარ გაეკარება წიგნს, სწავლა და ცოდნა სატანის იარაღი ყოფილა და თუ გავნათლდები, ჩემს ღმერთს და რწმენას უარვყოფო.
აი აქ უნდა ვთქვა ის, რის თქმასაც ყოველთვის ვერიდებოდი. სულ მიკვირდა, რანაირად ახერხებდნენ ღმერთის სახელით ელაპარაკათ მაშინ, როდესაც პირველ რიგში არ ცდილობდნენ გაეგოთ, რა თქვა მან, ვისი სახელითაც ლაპარაკობენ და მეორე, რანაირად შეეძლოთ ღმერთი ეძაგებინათ მათ, ვინც პირველ რიგში არ ცდილობდნენ გაეგოთ, რა თქვა მან, ვისაც აძაგებდნენ. თუკი არ იცნობ, ვიღაცის გადმოცემის მიხედვით წარმოდგენა არ უნდა შეიქმნა არავიზე-მეთქი, ჯერ კიდევ სტუდენტობისას ვამბობდი. „არ ვიცნობ, მაგრამ ვერ ვიტან“, „მე არ წამიკითხავს რა დაწერა/ არ გამიგონია, რა თქვა, მაგრამ ვიცი, რომ ასეთია მისი პოზიცია“ და მსგავსი რამეები, არასოდეს მესმოდა, ისევე, როგორც არ მესმოდა, კაცი რომ ხმალშემართული ათეისტია და სწყინს, გიორგობა რატომ არ მომილოცეო და შობას და აღდგომას მესიჯს მწერს, ღმერთმა დაგლოცოსო.
სიტყვა რომ ძალიან არ გამიგრძელდეს, პირდაპირ გეტყვით, ვისაც ჯერ წარმოდგენა არ გაქვთ, რაზეა ფრანსის „ანგელოზთა აჯანყება“ და ვერც სათაურიდან ხვდებით, რომ თუ ხმამაღალი სჯა-ბაასი და აქტიური კამათისთვის პროვოკაციული ლიტერატურული ამონარიდები გჭირდებათ რელიგიურ თემაზე, შეგიძლიათ ნახევარი წიგნი დააკოპიროთ.
თუმცა, აქაც ცოტა სიფრთხილეა საჭირო, რადგან ის ფრაზები, რომელიც თქვენი პოზიციის გასამყარებლად დაგჭირდებათ, „ღმერთი ის არაა, რაც გგონიათო“ ან „ხომ ვამბობდი, არ არსებობსო“, ადამიანების დიალოგებიდან კი არა, ანგელოზების და სატანის ნათქვამიდან უნდა აიღოთ და დაკვირვებული მოპასუხე კითხვას შემოგიბრუნებთ, თუ ღმერთს არ აღიარებ, მაშინ თავისთავად არც ანგელოზებს და არც სატანას აღიარებ, რადგან მათი არსებობა ერთმანეთზეა დამყარებული და შესაბამისად, შენი მოყვანილი ამონარიდები, გამოდის, არარსებულ და გამოგონილ პერსონაჟებს უთქვამთ და საფუძლველსმოკლებულია, ხოლო თუკი მათი არსებობის მტკიცებას დაიწყებ, შესაბამისად ღმერთის არსებობასაც ამტკიცებ და ამდენად ამ ციტატებით საკუთარ თავსვე ეწინააღმდეგებიო.
თუმცა, ამ სიცხეში კამათის თავი ისედაც არ გექნებოდათ.
ამიტომ, განვაგრძობ ჩემს მონოლოგს და გეტყვით, არც ისეა ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ანატოლ ფრანსი რის ანატოლ ფრანსი იქნებოდა, ზუსტად ის ეგულისხმა, რაც სიტყვების მშრალად და ზედაპირულად შეკრებით გამოდის. რისი ამოკითხვა შეიძლება ამ წიგნში, ამას შემდეგ ნაწილში მოგიყვებით, ახლა კი მხოლოდ იმაზე შევჩერდები, მაინც ვინ არიან „ანგელოზთა აჯანყებაში“ მოქმედი ღმერთი და სატანა.
მიუხედავად იმისა, რომ მათ სრულიად ქრისტიანული სახელებით მოიხსენიებს, იერარქიებზე, ეპითეტებზე და ა.შ. მათ შესახებ ამბების გახსენებაზეც კი ქრისტიანულ ტერმინებს, წიგნების საღვთისმეტყველო დასახელებებს იყენებს, მთელი აღწერილი ამბავი ღმერთით, სატანით, ტახტისთვის ბრძოლით, აჯანყებებით და ა.შ. ანტიკურ მითოლოგიაში კარგად ცნობილი ტიტანების აჯანყება, ზევსი, დიონისე, პრომეთე და სხვა ჩემი ნაცნობი ბერძნები არიან.
რადგან მივხვდი, რომ ბევრი სიმბოლო და ქარაგმა ასეთი აშკარად გასაგები ჩემთვის იმიტომ იყო, რომ ოლიმპოელებთან ძველი ახლობლობა მაკავშირებს, ვიფიქრე, საქმე გამეიოლებინა მკითხველისთვის და მოკლედ აღმეწერა ზოგიერთი რამ.
ახლა რომ მეცნიერულ ესსეს ვწერდე, ფრანსის ფრაზებს ამოვწერდი, გვერდების მითითებით, თითოეულს შევუსაბამებდი ამონარიდს მითოლოგიიდან, გავავლებდი თვალსაჩინო პარალელებს, ამოვწერდი ეპითეტებს და გვერდით დავურთავდი რომელიმე ენციკლოპედიურ-სამეცნიერო ცნობარის მონაცემებს და ა.შ.
ახლა, რომ არ დაგღალოთ, ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო, რატომ დავასკვენი ის, რაც დავასკვენი.


            

No comments:

Post a Comment