Saturday 13 September 2014

სტივენ კინგი - ჯოილენდი

ჯოილენდი ეს არის ადგილი, სადაც გართობას ყიდიან.
ბავშვების გასართობი პარკია, მთელი ზაფხული მხიარული ხმებით, ბავშვების სიცილით, ხმამაღალი მუსიკით, ატრაქციონების გუგუნით, ფერადი ბუშტებით, ბატიბუტით, ლიმონათებით და რა ვიცი, რა გასართობით აღარაა სავსე.
გასართობი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბავშვებისთვის არაა. უამრავი უფროსი ტრიალებს, უამრავი ახალგაზრდა, შეყვარებული წყვილი.
და რაც მთავარია, სტაფი.
ადამიანების ჯგუფი, ვინც დილიდან დაღამებამდე ქანცის გაწყვეტამდე დაქრიან აქეთ-იქით, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყოს და კლიენტები კმაყოფილები წავიდნენ შინ.
კმაყოფილი კლიენტი მეტ ფულს იხდის.



ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ კინგს ვკითხულობ.
რა დროს მხიარულება, სიცილი და ფერადი ბუშტებია.

საერთოდ, სულ ვამბობ, არც წიგნთან უნდა დაიწყო ურთიერთობა წინასწარ შექმნილი განწყობით და არც ადამიანთან, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ასე მომივიდა.
ძირითადად, ისეთი განწყობით ვიყავი, აი ფილმებიდან რომ ჩაგვრჩა ალბათ, უკაცრიელ ადგილას ნაყინის მანქანის მუსიკა რომ ისმის, კადრი უახლოვდება, იქვე ბავშვის სათამაშო აგდია და უცებ ხედავ, კლოუნის ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ვიღაც სისხლიან ნივთს როგორ წმენდს.

არა, სტივმა რომ ყური მოკრას, რა აღარ ვიფიქრე, ალბათ თმა ყალყზე დაუდგება.
მაგრამ მას თავისი გეგმები ჰქონდა.
უნდა ვაღიარო, რომ ალბათ ამ განწყობის ბრალია, წიგნის დასრულების მერე ცოტა არ იყოს და გულნატკენი და გულნაკლული რომ დავრჩი, სიმძაფრე არ მეყო.

მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, ეს სამოცი წლის მამაკაცი (რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, ვისზეც ვამბობ), პირისპირ დამჯდომოდა და ახალგაზრდობის ამბები გაეხსენებინა და ეს მოეყოლა. თან ეთქვა, ყველაფერი სრული სიმართლეაო და თანაც სადმე კოცონთან რომ ვმჯდარიყავით, აი კარგა გვარიანად კი შევშინდებოდი.

უინტერესო იყო-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება.
საჩუქრად ავიღე და გზაში დავიწყე კითხვა, მაინტერესებდა, რა იყო და ვიდრე არ დავასრულე, ხელიდან არ გამიშვია.

ამბავი პირველად შეყვარებული და პირველად გულგატეხილი 21 წლის ბიჭის თავგადასავლით იწყება. ძალიან მომეწონა, რომ მიუხედავად იმისა, მისი განცდები გაგვაცნო, არავითარი სენტიმენტები აქ არ შემხვდრია.
ვერ ვიტან სიყვარულის ამბების სენტიმენტალურ თხრობას.
კიდევ ერთი ორი ამბავია ამ წიგნში ისეთი, სადაც ისევ და ისევ მადლობელი დავრჩი, სენტიმენტებს რომ თავი ავარიდეთ.


ჩემთვის პირველი წიგნი იყო, სადაც გუგლიც შემხვდა, ფეისბუქიც, ჰარი პოტერიც და ამან ძალიან გამახარა.

ძირითადი ამბავი კი 70-იან წლებში ხდება და ყველაზე უფრო მეტად ალბათ ამ წიგნის ფლეილისტი მომეწონა.

ძველი ფორდი, 21 წლის შეყვარებულ-გულგატეხილი ბიჭი, სანაპირო, აქა-იქ იდუმალი ამბები და pink floyd, the doors, the beatles...

მხოლოდ შემსრულებლები კი არა, კონკრეტული სიმღერები:
long cool woman in a black dress
cars hiss by my window
riders in the storm
the end
the dark side of the moon

და კონკრეტული ფრაზები სიმღერებიდან:
I'd rather see you dead, little girl, than to be with another man

this is the end, my beautiful friend

მაგრამ, სად არის დასასრული?

კინგს თუ დავუჯერებთ: "ოცდაერთი წლის ასაკში ცხოვრება რუკა, გზამკვლევი გგონია. ოცდახუთი წლისა რომ ხდები, ხვდები, რომ შეიძლება, ეს რუკა თავდაყირა გეჭირა და ისე უყურებდი. ორმოცი წლის ასაკში ამ ვარაუდის სისწორეში საბოლოოდ რწმუნდები. სამოცი წლისა კი, დამიჯერეთ, ხვდები, რომ გზა აგებნა და დაიკარგე".

No comments:

Post a Comment