Friday 6 June 2014

აპოკრიფული პოსტი

photo by Nishe
საჭირო ინგრედიენტები:
ერთი ცალი დილიდან წაკითხული პოსტი გემრიელ საკვებზე, რომელსაც ათასერთი ღამის სამყაროში გადაყავხარ.
ზემოდასახელებული ინგრედიენტით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, ანუ ცეზამის, ალადინის, გველის პერანგის, ალქიმიკოსის, სიბრძნე ბალაჰვარისას და სხვა სიტყვა-ასოციაციების და ამბავ-ასოციაციების გახსენება.
პატარა ზომის რამდენიმე პოსტი აუხსენლი მიზეზით გაჩენილ ხანძარზე, ჭინკებზე და რამდენიმე კომენტარი გემოვნებით (რაც თავის მხრივ გვერდითი რეაქციის სახით იწვევს პატარაობისდროინდელი შეგრძნებების გახსენებას უშუქობის პერიოდში სანთლის შუქზე მოყოლილი მისტიური ამბების, უცხოპლანეტელების შესახებ, ზაფხულში კოცონის პირას მოყოლილი საშინელი ამბების, ხეების ჩრდილებიდან რომ დევები გამოდიან და გეჩვენება, სოფლის ბოლოში მდებარე სასაფლაოდან ხმები გესმის და სინათლეებს ხედავ). ზემოდან ვაყრით წვრილად დაფქვილ მითოლოგიას, თქმულებებს, უფროსი ქალებისგან მოსმენილ ცრურწმენებს, შელოცვებს.

სუფრაზე მიგვაქვს ცივად და გასაფორმებლად ვაწყობთ სხვა კონტექსტში გაგონილ სიტყვას "აპოკრიფი" (რომელსაც დიდი და სქელტანიანი ძველი წიგნების არომატი აქვს და გახსენებს ხელნაწერთა ინსტიტუტის ოთახებში ნანახ გოგოებს სქელშუშიანი სათვალეებით და მხრებში მოხრილ ქალბატონებს და ჩარჩოში სათუთად ჩასმულ პაპირუსის ნაფლეთებს).

პატარობისას, როცა სოფელში ვიყავით ერთ ზაფხულს, უმცროს ძმას რაღაცის შეეშინდა და ენა დაება.
ქალებმა იჩურჩულეს, მერე შავტარიანი დანა მოიძიეს, შავი მამალი გაკოჭეს, მგონი სკამს ქვემოდან მიაბეს თოკით შეკრული მაკრატელი, სკამზე ძმა დასვეს...
გულო ჩადეგ საგულესა და სხვა სიტყვებით შეულოცეს (ან გამოულოცეს).
არ მახსოვს, როდის გადაუარა ძმას ენის ბორძიკმა, მაგრამ იმ ზაფხულის მერე მგონი არც ერთხელ აღარ დაბმია.

მახსოვს ღამით მაშინებდა ხოლმე აგვისტოს ბოლოსკენ აჩალული ყანის შრიალი. თითქოს ვიღაც დადიოდა.
photo by Nishe

მასხოვს უფროს ბიძაშვილს შემოვლითი გზით რომ მივყავდი ხოლმე სახლის უკან, საიდანაც ისეთი პატარა იყავი, სახლს ვერ ვცნობდი და გიჟების სახლიაო მეუბნებოდა და მისი ჩურჩული და მისტიურად შთაგონებული სახე ისე დამაჯერებელს ხდიდა ამ ყველაფერს, შიშისგან ენაჩავარდნილი ვიდექი ხოლმე.

მახსოვს საღამოობით ცეცხლის პირას მოყოლილი ისეთი ამბებიც, მე კი არა, უფროსებიც რომ გაშეშებული ისხდნენ და ფოთოლიც რომ ჩამოვარდნილიყო, ვიღაცას ნერვები უმტყუნებდა და დაიყვირებდა.

მახსოვს როგორ ყვებოდნენ, რომ ვიღაცას სახლში უცხოპლანეტელი ჰყავდა და ჭერიდან ხახვებს უყრიდა.

მახსოვს როგორ მიყვარდა დეტექტივები, მაგრამ ვერაფრით მივაგენი იმ წიგნს, უფროსი დეიდაშვილი რომ სხვა უფროს ბიძაშვილ-მამიდაშვილებს უყვებოდა და მე ჩუმად ვისმენდი: მაიმუნის ხელებიან კაცზე იყო ამბავი. გოგოს რომ ეგონა, მოლანდებები ჰქონდა და სინამდვლეში ღრმა ბავშვობის წარსული აგონდებოდა. და ახალ სახლში რომ შპალერი აახია კედლებს რემონტის გასაკეთებლად, იქ ბავშვობისდოინდელი შპალერი დახვდა...

photo by Nishe
მახსოვს, სულების გამოსაძახებლად უფროსები რომ იკრიბებოდნენ და ბავშვებს არ გვიშვებდნენ იქ. და მერე ყვებოდნენ, როგორ დადიოდა თეფში და პასუხობდა მათ კითხვებს. ზოგს სჯეროდა, ზოგს არა.

მახსოვს როგორ მიყვარდა ამბების წაკითხვა ძველ ქვეყნებზე, მიწაში ჩამარხულ განძებზე, კლდეებში, ზღვებში, ჯუნგლებში, მიწაში ჩამალულ ქალაქებზე, აკლდამებზე, პირამიდებზე, სარკოფაგებზე...

ანატოლ ფრანსის "ანგელოზთა აჯანყება"-ს ვკითხულობ თან.
ჯერ ბიბლიოთეკის ისეთი აღწერაა, ერთ რამედ ღირს. ის ბიბლიოთეკა გამახსენდა, ცოტა ხნის წინ რომ მოვინახულე და სული და გული იქით მეწეოდა, იმ წიგნებისკენ, თაროებზე რომ ელაგა. რადგან ჩემს წინ რომელიც იდო, ხელშესახები წიგნები იყო და ის მაინტერესებდა, რომელიც შორს იყო.
ინდიანა ჯონსის რომელიღაც თავგადასავალი მახსენდებოდა, მგონი.
უძველეს წიგნებში რომ უნდა იპოვო რაღაც აკრძალული.

უჰ, როგორ გვიყვარს მერე ჩვენ ყველას ყველაფერი აკრძალული და შორეული და აუხსნელი.
ძველ ხალხს რომ თან ეშინოდა და თან ეთაყვანებოდა ელვას და ჭექას.
და რაც არ უნდა იცოდე, რომ ქანების მოძრაობა იწვევს, მაინც მისტიურ შეგრძნებას იწვევს შენში მიწისძვრა.

პავიჩის წაკითხვა მომენატრა უცებ.

ხოდა ფრანსის შესახებ ვამბობდი. აი იქ გავჩერდი, ამ უგემრიელესად აღწერილ ბიბლიოთეკაში რომ უცნაური ამბები დატრიალდა.
ჯერ რომ წიგნები თავისი თაროებიდან გადმოლაგებული ხვდებოდა ბიბლიოთეკარს და მერე რომ გაქრობა და დაკარგვა დაიწყეს და ღამით რომ დარჩა, ენახა, რა ხდებოდა...
უჰ, ამეშალა ბავშვობისდროინდელი შეგრძნებები.


photo by Nishe
თანაც ეს "ანგელოზთა აჯანყება" პატარა ამბავი ხომ არაა.
დღეს ყველაზე აუხსნელი და ამდენად მიზიდველი ხომ რელიგიაა და პრინციპში, ყოველთვის ასე იყო.
აპოკრიფების წერის სურვილს და მერე მათი წაკითხვის კიდევ უფრო დიდ სურვილს სწორედ ეს იწვევდა.
აპოკრიფები ის წიგნებია, რომელსაც გადამწერები (ან არა ისინი, არამედ სხვა ავტორები) ქმნიდნენ და ყვებოდნენ იმ ამბებს, რაც არ იყო ბიბლიაში, სახარებაში.
აი როგორც რაღაც წიგნების გაგრძელებებს წერენ ხოლმე ახლა.
ასე დაწერეს მაგალითად "ადამის წიგნი", სადაც ყვებოდნენ, რომ ედემიდან გამოყრილ ადამსა და ევას შორის, დედამიწაზე რომ დასახლდნენ, ოჯახური პრობლემები დაეწყოთ, ურთიერთობა აერიათ. ადამი რაღაც დროით მისგან წასული იყო.
ევა დარდობდა და თავს დამნაშავედ გრძნობდა.
აი იმას ვერ ვიხსენებ, ამ დანასაულის განცდის გამო ევა იყო თუ ადამი, მდინარეში რომ ჩადგა და რამდენი დღე იდგა ასე, ვიდრე ისე არ დასუსტდა, რომ გონება დაკარგა...

მითოლოგიები და თქმულებები ხომ ძალიან მიყვარდა ყოველთვის.
სხვა ქვეყნების მითოლოგიები თუ უფრო ზღაპრებს ჰგავს, თქმულებები დალიზე, მონადირეებზე, ოჩოპინტრეებზე, ოჩოკოჩებზე, ტყაშმაფებზე, წყარიშმაფებზე და ტყის სულებზე ისეთი ახლობელია, ისეთი ჩვენებურია, ისე ჰგავს ბავშვობისას მოსმენილ საოცარ ამბებს, რომ ლამისაა ისევ ხელახლა შემეშინდეს სიბნელის.
photo by Nishe

სარკეში თუ ღამის ორიდან სამ საათამდე დიდხანს ჩაიხედავ, პარალელური სამყარო იხსნება მაგ დროს და შეიძლება რამე ისეთი დაინახო, შიშისგან თმა გაგითეთრდესო.

რისთვის მოყვევი ან ჩამოვთვალე ეს ყველაფერი?

უბრალოდ,
არიან წიგნები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი შეგრძნებები აგიშალონ და ასეთი წიგნების წაკითხვა სხვანაირი სიამოვნებაა.






   

No comments:

Post a Comment