Sunday 25 May 2014

ის, რაც იღუპება, ბავშვის სულია ანუ რატომ გვჭირდება იმედი

ბერძნულიდან თარგმნა მაია კილაძემ
ანდონის სამარაკისის "გვესაჭიროება იმედი" მოთხრობების კრებულია, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაგვასწრო მისი თარგმნა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
წიგნი ცოტა ხნის წინ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სერიაში "ახალი ბერძნული ბიბლიოთეკა" გამოიცა. 
თუმცა ამავე კრებულიდან რამდენიმე მოთხრობა, ამავე მთარგმნელის მიერ გადმოქართულებული უკვე კარგა ხანია ინტერნეტსივრცეში არსებობს და წარმოდგენის შესაქმნელად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ


ვინ იყო ანდონის სამარაკისი? 
ოჩოპინტრეს მეგობრები ასე თუ ისე იცნობენ სამარაკისს (აღარასოდეს ომი). 

ქართული თარგმანის შესავალში აღნიშნულია, რომ მისი მოთხრობები ქართველ მკითხველს ალბათ ნიკო ლორთქიფანიძეს გაახსენებს. 
ადგილის და დროის დაკონკრეტებისთვის თავის არიდება, პერსონაჟები სახელების გარეშე, მოკლე წინადადებები, თხრობის უბრალო და სადა სტილი. 
თემატური სიახლოვეც შეიძლება იგრძნოთ. მითუმეტეს თუ იმასაც გეტყვით, რომ სამარაკისის და ლორთქიფანიძის ის მოთხრობები ჰგვანან ერთმანეთს, რომელსაც ერთი პირველი მსოფლიო ომის, ხოლო მეორე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წერდა. 

ახლა შეიძლება იფიქროთ, ძველი მოთხრობები ყოფილაო. ეგრეა, 50-იან წლებშია გამოცემული. მაგრამ ვიდრე ომი არსებობს, ვიდრე ადამიანები ბავშვებად იბადებიან და მერე იზრდებიან, ვიდრე ადამიანი მარტოობას გრძნობს და გვერდით სხვა ადამიანი სჭირდება, ეს მოთხრობები დროულია, აქტუალურია. 


სამარაკისი Unicef-ის კეთილი ნების ელჩი იყო. მთელი გულით და გულწრფელობით ცდილობდა ბავშვების დახმარებას. ბავშვების მიმართ მისი სიყვარული არ იყო "საჩვენებელი" სიყვარული. მისი მოთხრობების გამო მჯერა ამის. 
არ არსებობს ომი ომის წინააღმდეგო, ამბობდა. ძალადობა ძალადობას შობს. "ბავშვებს-მსხვეპლებს ნუ დავთვლით ციფრებით. ის, რაც იღუპება, ბავშვვის სულია".  


არ მახსოვს, ადრე თუ აღმინიშნავს, მაგრამ ძალიან მომწონს, როდესაც მწერალი მინიშნებებით გელაპარაკება. ან ფაქტს აღნიშნავს, ფოტოგრაფივით გაჩვენებს კადრს და გაგეცლება, დაგტოვებს შენს თავთან და საფიქრალთან. 
სამარაკისის ამ მოთხრობების მთავარი ხიბლიც ალბათ ამაშია, გიყვება მაქსიმალურად ნეიტრალურად, ისე, რომ თავს არ გახვევს მსჯელობას, ახსნას, მის პირად დასკვნებს. და მაინც, თითოეული მოთხრობიდან გრძნობ სითბოს. ავტორის სითბოს მისი პერსონაჟების მიმართ. გრძნობ, რომ უყვარს ადამიანები. 
ეს ადამიანები კი არიან უბრალო, რიგითი ადამიანები. 
ცხოვრებასთან ჭიდილში დაღლილი და ძალაგამოცლილი ადამიანები. 
აქ შეხვდებით კაცს, რომელიც ბავშვობისდროინდელ სახლს ყიდულობს, რადგან სჯერა, იქ დაიბრუნებს ბავშვბობისდროინდელ სიმყუდროვეს.
შეხვდებით ჯარისკაცს, ომში რომ გაიზარდა და მდინარეში ჩასვლისთანავე ბავშვად ქცეულს წინ რომ ასევე უფრომოდ მოცურავე მოწინააღმდეგე შეხვდა, ჰუმანურმა აზრმა, რომ ისინი ორივენი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ერთნაირები, გასროლის საშუალება არ მისცა. 
შეხვდებით ახალგაზრდა მღვდელს, რომელიც მომაკვდავთან სულის უკვდავებაზე სასაუბროდ მივა, მაგრამ იქ გაიგებს, რომ ადამიანი შიმშილისგან კვდება.
შეხვდებით კაცს, რომელიც საკუთარი თავისგან გაქცევას ცდილობს, მეორე კაცს, რომელიც უკანასკნელ კაპიკებს, უკანასკნელი სუპის საყიდლად რომ ინახავდა, ბოლოს რომ გადაწყვიტა, ლატარეის ბილეთი ეყიდა და სჯეროდა, მოვიგებო, თავის მოწესრიგებაში ხარჯავს, რომ კიდევ ერთხელ სცადოს ბედი და გასაუბრებაზე მივიდეს, რადგან უკვე წელიწადია სამსახურს ეძებს ამაოდ (უმუშევრობა მძლავრობდაო, ამატებს ავტორი). 

ნახავთ სხვა კაცსაც, სხდომათა დარბაზში "ბრტყელ-ბრტყელი სიტყვით" რომ გამოდის, საუბრობს იმაზე, რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი იყო ომში დაღუპულთა მსხვეპლი და რა დიად საქმეს ემსახურებოდა და როდესაც დარბაზში ბავშვს დაინახავს, უბრალოდ რომ დგას და გულისყურით უსმენს გამომსვლელს, ამ ბავშვის უბრალოდ იქ დგომა დააფიქრებს ბევრ რამეზე და სიტყვას ვეღარ განაგრძობს. 
ნახავთ იმ კაცსაც, ცხოვრების უსამართლობას რომ ვეღარ ერევა, მეზობლის პატარა, ავადმყოფი ბიჭუნას მდგომარეობის გაუარესებას რომ კედელს აბრალებს, ცხოვრებასთან რომ აიგივებს, გულზე რომ აწვებათ და მზეს უჩრდილავთ და ყოველდღიურად მაღლდება და შუაღამისას იარაღს გამოიტანს და კედელს დააცლის ექვსივე ტყვიას. 


ყველაზე უცნაური კი მთელ კრებულში ისაა, რომ მიუხედავად შიმშილის, სიღარიბის, სასოწარკვეთილების, უძლურების და გამოუვალი მდგომარეობებისა, სამარაკისი ახერხებს რომ სინათლის და იმედის სხივი შემოიტანოს. 

თითოეული შემთხვევა, რომელსაც გიყვება, თითქოს უკანასკნელი ზღვარია, იმის იქით უფსკრულია, მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაც იმედს გიტოვებს.  


მაინც ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს ამას. 
ალბათ სიყვარულით  














  

No comments:

Post a Comment