Saturday 10 May 2014

მეზღვაურის ცოლი

ოდისევსისა და პენელოპეს შესახებ



არ დაიჯერო, რომ ოცი წლის მერე იგივე კაცი დაბრუნდა.
ნურც იმას დაიჯერებ, იგივე ქალი დახვდა ოცი წლის შემდეგ.
ლოდინი.
ვინ თქვა, ზღვას გასცქეროდა და ელოდაო?
ვინც ელოდება, ქვად იქცევა ან იქცა.
ერთმა ცალფად გაშალა ბილიკი და იარა.
მეორემ წრეზე იარა იმდენივე, კედლებს შორის.
წასულისა და დარჩენილისთვის დრო ერთნაირად არ გადის.
და მაინც, სხვა იყო ისიც და ისიც.
ერთმა იმდენი იხეტიალა, მზისგან და ქარისგან გამოუშრა და გაუუხეშდა მზერა.
მეორის თვალწინ იმდენმა უცხომ გაიარა, მათი მზერისგან გამოუშრა და გაუუხეშდა კანი.
ქმარი სხვა ქალებთან იწვა და საღამოობით თუ ზღვას გასცქეროდა და ის ქალები ეჭვიანობდნენ, ალბათ სახლი და ცოლი ენატრებაო, ის სხვის მიწაზე მყოფი იხსენებდა, რომ სახლკარი და თავისი საკუთარი მიწა შეატოვა ქალს, რომელიც თუ ერთ დღეს ადგა და სხვას ეცოლა, მეფედაც იმ სხვას დაისვამს, მიწის პატრონიც ის გახდება, სახლისაც და ახლა თავისით ნებით მოგზაური, ყველაზე გრძელი გზა რომ აირჩია შინ მისასვლელად, ლტოლვილი გახდება და უსახლკარო.
ამიტომაც უნდა, რომ დაბრუნდეს.
ქალი ხედავს, როგორ უბერდება ტანი. მისი საძინებლის ქვეშ კი ღამეს ათენებს ასობით კაცი, ვისთვისაც იგი სასურველია.

დრო გაჰყავსო, ეჭვიანობენ კაცები, ალბათ ქმრის დაბრუნებას ელოდებაო ისევ.
ის კი დროს იხანგრძლივებდა, როდესაც არც ერთს არ ეკუთვნოდა და ყველას სურდა.
თანაც შვილის სრულწლოვნებამდე ინახავდა ტახტს. ამ ტვირთსაც მოიცილებდა მერე.
მოვიდა სხვა კაცი ოცი წლის სიშორიდან.
დახვდა ქალი ოცი წლის სიღმიდან მომზირალი თვალებით.
დიდხანს უცხოებივით უვლიდნენ ერთმანეთს.
ჯერ შორიდან ეგუებოდნენ.
არ დაიჯერო, რომ პირველივე ჯერზე ვერ იცნო.
არ პატიობდა იქნებ.
განგებ აწვალებდა, როდის გადადგამდა პირველ ნაბიჯს.
შეჯიბრი მოაწყო, ხელახლა მოაპოვებინა თავისი თავი.
მხოლოდ ერთი ღამისთვის.
ერთ ღამეს დაწვნენ ერთად.
კაცმა ისევ შორი გზის გეგმა დასახა.
არც ქალს უთხოვია, დარჩიო.
მეზღვაურები ზღვაში ღვრიან თავიან თესლს.
მეზღვაურების ცოლები ზღვას უწვებიან.
და არც ერთმა, არც ქალმა, არც ზღვამ, არც მეზღვაურმა არასდროს იცის, ვისი თესლით ავსებს ზღვა ქალებს, ჩამავალი მზისდროს რომ უწვებიან ზღვას და წელამდე რომ იწევენ კაბებს. 
და ვინ იცის, ვისზე ფიქრობენ იმ დროს ზღვის კაცები.

ან ვისზე ოცნებობენ ნაპირზე დარჩენილი ქალები. 

No comments:

Post a Comment