Tuesday 6 May 2014

ჩემი ფრანგი თანამგზავრი - ცოტა რამ ზღვაზე, მოგზაურ წიგნებზე, თავისუფლებაზე, სიყვარულის ენაზე და სხვ.

დღიურს წერს ფრანგულად. ნეტავ, მე თუ მოვხვდები მის დღიურში ან რას დაწერს ჩემზე?
არ ვეკითხები.
მომწონს, რომ ფრანგულად წერს და მე ვერ ვკითხულობ ფრანგულად.
ერთი სიტყვაც არ მესმის ფრანგული.
ვეუბნები, რომ მომწონს, როდესაც ფრანგულად ლაპარაკობს. რასაც უნდა ამბობდეთ ფრანგულად, მგონია, სიყვარულზე ლაპარაკობთ-მეთქი.
ეცინება.
ჩემთვის სიყვარულის ენა იტალიურიაო.
იტალიური ჩემთვის უფრო მხიარულების ენაა, ზაფხულის საღამოების და იტალიური ეზოების, როგორიც უფრო თბილისში გვაქვს, ვიდრე იტალიაში. და კიდევ რამდენიმე იტალიური ფილმის ენაა. მდედრობითი ენაა. ფეხშიშველი და ცხელმკერდიანი იტალიელი ქალების ენა.
თუმცა ამდენი მისთვის არ მითქვამს.
ჩემს რომელიმე რეალობაში ან არარეალობაში (ესეც პირობითია) ის კაცი ვარ, რომელიც ბევრს მოგზაურობს და ბევრჯერ უყვარს, ყველა ენაზე სხვადასხვანაირად. აქ და ახლა როგორი ვარ, რა მნიშვნელობა აქვს.
ამ ამბის წერას ფონად უფრო ელენი კარაინდრუს მუსიკა მოუხდებოდა ან მანოს ხაძიძაკისის, რაიმე ისეთი, ზღვის მელოდიით. მაგრამ ვწერ და ვუსმენ ლედ ზეპელინს. საღამოა აქ, ნიავი აივნებზე ამოსულ ხეებს არხევს.
რითი გამახსოვრდება ადამიანს ამბავი? ან პერიოდი?
შეიძლება დაგამახსოვრდეს გემოთი, სურნელით, მუსიკით, ქუჩებით.
მე ხშირად მელოდიებით ვყოფდი დროს.
ისეთი დროც იყო, ჩემს ცხოვრებაში მოსული ადამიანებისგან ვიტოვებდი მელოდიებს, წიგნებს (სათაურებს და არა წიგნებს მატერიალური სახით), ფილმებს და ასე შემდეგ. ვიცოდი, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ. მაგრამ მინდოდა, რამე მეტი მესწავლა.
მაგრამ ცხოვრებაში ისეთი დროც დგება, როდესაც ყველაფერი ახალ მნიშვნელობას იძენს, ყველაფერი მხოლოდ ერთ ადამიანს უკავშირდება და მაშინ ამ ყველაფერს გაცილებით ნაკლები დატვირთვა აქვს. მთავარია თვითონ ის, შენი ადამიანი. და მაშინ ხდები მშიშარა.
მაგრამ ეს შიშიც გიყვარს.
მაღინ ამბობს, რომ თუკი ბევრი ენა იცი, სხვადასხვა პიროვნება ხარ ანუ შენი ხასიათი იმის მიხედვით იცვლება, რომელ ენაზეც ლაპარაკობ. ჩემი ფრანგული მე ჩემი ესპანური მესგან განსხვავდებაო, ამბობს.
მე ვუყუვები რამდენი განსხვავების და ეროვნული ხასიათის რამდენი ნიშნის პოვნა შეიძლება ერთ სიტყვაში "მიყვარხარ". ვამბობთ სხვადასხვა ენაზე და ვახასიათებთ.
ქართულად ამ სიტყვას უბრალოდ ვერ იტყვი-მეთქი, ვეუბნები და საკუთარ ნათქვამს ვუფიქრდები.
რამდენჯერმე მამეორებინებს.
მე ვუხსნი, რომ წარმოთქმისას მთელი სხეული მონაწილეობს. დაახლოებით კუჭის  სიღრმიდან იწყება და გულისფიცარი და ყელი ზარივით გუგუნებს.
ქართული მოსწონს. რაღაც კონკრეტული განცდა მაქვს, როგორ მესმის შენი ენა, მაგრამ სიტყვა ვერ მიპოვიაო, მეუბნება.
ჩვენ ყოველთვის ვომობდით ან ომისთვის ვიყავით მზად, უფრო შავგვრემანი ხალხი ვართ და უფრო მთის ხასიათი გვაქვს, იქნებ ეს გესმის მეთქი ენიდანაც.
საქართველო აინტერესებს რუკაზე.
ორივე მივდივართ დასკვნამდე, რომ როდესაც სხვაგან ხარ და იქიდან უყურებ შენს სამშობლოს, უფრო მეტ რამეს ხვდები, რასაც ახლოდან ვერ ამჩნევდი.
როდესაც მას ვუყვები საქართველოზე, მიკვირს, რამდენი მიფიქრია და არ ვიცოდი.
აინტერესებს, ევროპა ვართ თუ აზია.
მეცინება. ეს ის კითხვაა, რომელიც ეგრე ადვილი საპასუხო არაა-მეთქი.
გასაყარზე ვართ, ორივე ვართ და არც ერთი.
ხასიათში ევროპაც გვაქვს და აზიაც.
და სადაც ვართ, ეს იყო ალაბთ საუკუნეების მანძილზე გამუდმებული ომების მიზეზი-მეთქი.
უცნაურიაო, მითხრა ერთხელ, როდესაც შენს ქვეყანაზე ლაპარაკობ, ვხედავ რომ ძალიან გიყვარს და თან ბევრ რამეს აკრიტიკებო.
ეგაა-მეთქი სიყვარული, იცოდე რა არის კარგი და რა ცუდი. სამწუხაროდ, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც კრიტიკის მოსმენა არ გვიყვარს. მედლების მეორე მხარეების დანახვა არ გვიყვარს-მეთქი. თუკი არ იცი, რა სუსტი წერტილი გაქვს, რა არის გამოსასწორებელი, როგორ გამოასწორებ-მეთქი. სარკეში თუ არ ჩაიხედე, საიდან გეცოდინება, როგორ გამოიყურები? (აქ ილია გამახსენდა და "კაცია-ადამიანი?!"-ს შესავალი, მაგრამ აღარაფერი მითქვამს).
მისი სახელი ზღვას ნიშნავს.
ისეთი ფრანგი არაა, ფილმებში რომ მინახავს.
ლათინურად როცა წერს თავის სახელს, ქართული გამოთქმით მარინე შემიძლია წავიკითხო. მის ენაზე მაღინ ჰქვია.
ფრანგი და ქართველი ინგლისურად რომ ვსაუბრობდით და საბერძნეთში ვსეირნობდით, აკროპოლისის ძირში შვედური წიგნი ვიპოვეთ.
სკამზე იდო გამომწვევად.
პირველ გვერდზე კალმით ეწერა ტელეფონის ნომერი და სახელი.
დავათვალიერეთ და ისევ იქ დავტოვეთ, რომ თავისი საქმე გაეკეთებინა.
სახლში მოსულებმა ვცადეთ გაგვეგო, რა წიგნი იყო ან რაზე იყო.
ჩემთვის ნაცნობ ენებზე ვერაფერი ვიპოვე.
მაღინ უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა.
შვედი მწერლის წიგნია, მაგრამ პირველად ფრანგულად დაწერა 2006 წელს, შემდეგ თვითონვე გადათარგმნა შვედურად 2013 წელსო.
სრულიად ახალგაზრდა წიგნი ყოფილა.
"თვითონვე გადათარგმნამ" ორივეს ნაბოკოვი და მისი ლოლიტა გაგვახსენა, რომელიც სხვათაშორის ჩვენი ბერძენი მასპინძლის თაროზეც დევს ბერძნულ ენაზე.
წიგნის პირველ გვერდზე წაწერილმა ნომერმა პავიჩის "ხაზარულის სიტყვისკონა" გამახსენა და მოვუყევი. ეს არ იცოდა.
მერე min frihet-ის აღწერა მოძებნა ფრანგულად.
წიგნს "ჩემი თავისუფლება" ჰქვია.
ავტორი უმეტესად მოგზაურობაზე წერს.
განსაკუთრებით ზღვაზე.
ეს წიგნი მასზეა.
მთავარი გმირი მდიდარია და თავისუფალი.
შეუძლია იმოგზაუროს, რამდენიც უნდა.
არავინ მოძებნის, არავის მოენატრება.
წიგნის მთავარი თემა თავისუფლებაა.
უფრო სწორედ კი დილემა.
რა დილემა?
არჩევანი თავისუფლებასა და იმას შორის, რომ გყავდეს საყვარელი ადამიანი, შვილები, მეგობრები, შენი დაწერილი წიგნები...
ან უფრო სწორედ, როგორ უნდა მოახერხო ეს ყველაფერი ერთდროულად.
რაღაც ასეთი ეწერა აღწერაში.
ჩვენ ორივეს მაქს ფრიშის "ჰომო ფაბერი" გაგვახსენდა.

ვუსმენ ზეპპელინის Babe I'm Gonna Leave You
სხვა ქვეყნის ღამეა სხვისი სახლის ფანჯრებს მიღმა.

ვფიქრობ, მარტოსული ადამიანისთვის საკუთარი სახლიდან შორს ყოფნა იქნებ უფრო ბუნებრივიც იყოს, უფრო დამამშვიდებელიც.
როდესაც იცი, მას კალთაში თავს იმიტომ ვერ ჩაუდებ, რომ შორს ხარ.
თორემ რა გაუძლებს განცდას, რომ ახლოს ხარ და მაინც გენატრება.
ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ხელებს ტანზე იკრავ მაგრად, რომ მისი პირადი სივრცე არ დაარღვიო.






















No comments:

Post a Comment