Sunday 4 May 2014

ვინ ჩამოახრჩო ვინი პუჰი?

ანუ მაშინ და ახლა




„გდე ნემცი, კუდა სტრელიატ“ - ეს ფრაზა გამახსენდა. თუ ციტატა ზუსტი არაა, მაინცდამაინც არაუშავს, წიგნებიდან და ფილმებიდან ფრაზებს ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე.
სხვა საუკუნეში რომ მეცხოვრა, ალბათ იგავ-არაკებით ლაპარაკი მეყვარებოდა, თუმცა ახლაც არ ვაკლებ განყენებული მაგალით-შედარებების მოყვანას. ასე უფრო ადვილია რაღაცების ილუსტრირება, საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც.
თემის წერას რომ მასწავლიდნენ, მაშინ მითხრეს (მგონი ინგლისურის გამოცდა რომ უნდა ჩამებარებინა მისაღებზე, მაშინ იყო ეგ), რომ აბზაცებს შორის გადასვლა ლოგიკური უნდა იყოს. მაგრამ ის კი არ უთქვამთ, რომ ლოგიკა ინდივიდუალური ფენომენია. ყოველ შემთხვევაში, მე რისგან რა გამახსენდება და სად გადამიყვანს, არასოდეს ვიცი.
„გდე ნემცი, კუდა სტრელიატ“ - ილია ჭავჭავაძე იმით იყო მაგარი, რომ მიმართულება აჩვენა ხალხს. ახლა ზოგს ირონიულად ჩაეცინება სროლის მიმართულების და ილიას ხსენებაზე, ზოგი გაბრაზდება, წმინდანზე ეგრე როგორ ლაპარაკობსო, ზოგს ისიც ეწყინება, რომ ვიტყვი, ჩემთვის ილია მაგარი მწერალი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მაგარი იყო სხვა რამეში. და კიდევ უფრო მაგარი იყო იმიტომ, რომ პატარა ბიჭმა უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც. ამაზე ცალკე ვილაპარაკებ მერე.
ზემოთხსენებულ ფრაზაზე ადრე გამახსენდა ან მის პარალელურად: აეროპორტში ჯგუფად მოსიარულე ხალხი, ერთი თვითმფრინავიდან რომ ჩამოვიდნენ და ერთმანეთს მიყვებიან და ყოველ მათგანს ჰგონია, რომ მის წინ მიმავალმა იცის, სად მიდის, მაგრამ რეალურად არც იმან იცის და არც კიდევ იმის წინ მიმავალმა.

და დაეხეტებიან ასე ერთმანეთს აკიდებული და ერთმანეთს მინდობილი.
ვერაა ჭკვიანური, სხვის იმედზე სიარული. მითუმეტეს თუ არც გიკითხავს, იმ სხვამ მაინც თუ იცის, სად მიდის ან რატომ.
სულხან-საბას იგავების კრებული გამახსენდა და რომ ყოველი იგავის სხვადასხვანაირად გაგება შეიძლება. ამიტომაც იგავის ბოლოს მორალს ჩამოაყალიბებინებს ხოლმე პერსონაჟებს.

პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, საერთოდ. ისტორიაშიც მოვიბრუციანებ და გეოგრაფიაშიც, პოლიტიკურ გეოგრაფიაში მითუმეტეს.
მიუხედავად იმისა, ან სწორედ იმის გამო, რომ შორს ვერ ვხედავ, დეტალებს ვაკვირდები. და დეტალები ბევრ რამეს მიყვებიან.
მე ვყვები მათ შესახებ.

აღმოვაჩინე, რომ არაფერი ისე არ ამსგავსებს ერთმანეთს ორ ქალაქს, როგორც ღამე, თუკი მას ფანჯრიდან უყურებ. ადამიანებს კი ერთმანეთს ეკონომიური მდგომარეობა ამსგავსებს. არც კულტურა, არ განათლება, არ მეზობლობა. ერები ემსგავსებიან გაჭირვების შებამისად.

როდესაც პირველად ჩამოვედი ამ ქვეყანაში, წლების წინ, ნაცრისფერი სახლების და შავ ტანსაცმელში გამოწყობილი თბილისიდან ჩამოსულს, მოღუშული სახეების ქალაქიდან ჩამოსულს დამამახსოვრდა ამათი ღიმილი. ლაღი, გულღია ღიმილი. მიკვირდა ხალისიანი და დაუზარელი გამყიდველების და კონსულტანტების ნახვა, თავაზიანი და გულთბილი მოპყრობა.
გუშინ ჯიხურში ხმაც ძლივს გამცა გამყიდველმა. პარკი რომ ვთხოვე ნაყიდი ნივთების ჩასადებად, ზანტად დაიწყო ძებნა და თან ისეთი მიმიკებით, მაწუხებო, სახეზე ეწერა. ისეთი გაოგნებული გამოვბრუნდი, სწრაფი კვების მომსახურების ობიექტის თანამშრომელი ერთი შეხედვით მომღიმარი გოგოს რისხვაც დავიმსახურე.
ადრე აქაური სისუფთავეც მიკვირდა, გაკრიალებულ ქუჩებში რომ გავიარე და ჩემს ქალაქს შევადარე, სადაც მაშინ ჯერ კიდევ ფანჯრებიდან ყრიდნენ ნაგავს და სანაგვე ურნებთან უფრო მეტი ნაგავი ეყარა, ვიდრე შიგნით.
ახლა აქაური ქუჩების მაშინდელ თბილისურ ქუჩებთან მსგავსებამ გამაკვირვა.
თომას მანი გამახსენდა სანაგვეების დანახვაზე, „ჯადოსნურ მთაში“ რომ ამბობს, სნეულება მორალისგან ათავისუფლებდათო. გაჭირვებაც ასეა ალბათ.
ადრე ვერ წარმოვიდგენდი აქ ქუჩაში მოწყალების მთხოვნელს თუ ვნახავდი ვინმეს. ახლა ბევრი შემხვდა. ისეთებიც შემხვდნენ, არაფერს რომ არ გთხოვენ, მაგრამ გარეთ სძინავთ, ცენტრალურ უბანში საწოლები აქვთ მოწყობილი.
ისეთებიც ვანახე, ქუჩაში რომ მოლასლასებდნენ და ყველაზე მეტად ჰგავდნენ კნუტ ჰამსუნის „შიმშილს“.
დილით გამაღვიძა ხმამ, რომელიც ძალიან ჰგავდა ნაცნობ შეძახილს „ვიბარებ რადიატორებს“. თბილისში ვინც ცხოვრობთ, აუცილებად გეცოდინებთ ეს ხმა, მანქანით დადის, რუპორში იძახის და ძლივს არჩევ სიტყვებს (ან ადრე დადიოდა). ეს ხმა თავის ენაზე იძახდა: „ვიბარებ ძველმანებს. სკამებს, ლითონს... რაც გაქვთ...“ და გამახსენდა გალაკტიონის ჩანაწერი, მისი დღიურიდან. მეძველმანეს რომ ჩააბარა ქურთუკი. და „მთელი დღეა ვწევარ. ასე უფრო ადვილია შიმშილის ატანა“.

წარწერები კედლებზე. აქ მთელი ისტორიაა. დავდივარ, ვკითხულობ და განცდა მაქვს, ქალაქი მიყვება თავის ამბავს, მელაპარაკება.
Πρωτοβουλία - ეწერა პლაკატზე. ეს სიტყვა „ინიციატივას“ ნიშნავს, მაგრამ მე გამახსენდა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

ღამით გამაღვიძა ხმამ, რომელიც ძალიან ჰგავდა 90-იანი წლების თბილისის ღამის ხმას. სროლა და ყვირილი. რამდენიმე წუთში ყველაფერი ჩაჩუმდა. დილით ჩვეულებრივ რიტმში გაგრძელდა ცხოვრება.

ადრე ერთმა ბერძენმა მეგობარმა მითხრა, ჩვენი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ოღონდ ჩვენ თითქოს ოცი წლით გისწრებთ. რაც ჩვენთან ოცი წლის წინ ხდებოდა, თქვენთან ახლა ის ხდებაო.
ამინდს თუ დააკვირდები, აქ ორი კვირით გვისწრებენ. მერე ჩვენთანაც მეორდება ხოლმე.

მე რომ იმ ქალაქზე მომეყოლა, რომელიც ჩვენსაზე უარესია, ან ყველაფერი აწყობილი აქვთ და ბევრად გვჯობიან, აზრი არ ექნებოდა.
მე გიყვებით ქალაქზე, რომელიც გვგავს.

საღამოს ბუკლეტი დამხვდა.
„აირჩიე დრახმა, უარი თქვი ევროზე“.
 და ჩამონათვალი, რომელიც ალბათ საარჩევნო რეკლამაა, რეალურად კი იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელსაც არ ელოდნენ და თავს დაატყდათ:
რომ ისევ იპოვო სამსახური და თავი დააღწიო სიღატაკეს.
რომ დააზღვიო შენი პენსია ან ხელფასი.
რომ გქონდეს დაუყოვნებლივი და უფასო სამედიცინო მომსახურება.
რომ გადაარჩინო შენი სახლი და ფული ყადაღას.
რომ შენი შვილები არ წავიდნენ ემიგრაციაში.
რომ შეიძინოს ღირებულება შენმა მიწამ და ქონებამ...

სხვა კედელზე ნახატი დამახვედრა ქალაქმა წარწერით: „ადრე ტანკებით. ახლა ბანკებით“.


და ვიფიქრე, იქნებ ის დროა, ერთი წამით შევჩერებულიყავით და გვეკითხა, სად მივდივართ. „გდე ნემცი?“

ადრეც ვთქვი, ორი რამე იყო ჩემი აზრით ისეთი პირადული, ხმამაღლა რომ არ უნდა გელაპარაკა: რწმენა და შენი სექსუალური ცხოვრება.  თუმცა მთელი ერი მხოლოდ ამ ორი თემის განხილვით და ამაზე კამათით ვართ გართული.

ბოლო იგავი: იყო და არა იყო რა, ბავშვს ერთი უფროსი საჩხარუნოთი ართობდა, მეორე კი ისე ათავებინებდა ფაფას, რომელიც ბავშვს სულაც არ უნდოდა, რომ საჩხარუნოთი გართული პატარა აზრზეც ვერ მოდიოდა.

თქვა რუქამ არაკი და ოდეს განასრულა, მსმენელთ ჰკითხეს, რის თქმა გინდაო, რუქავ, მაგ არაკით.

ხოლო მან მიუგო, მე ამბავი ეგე გიუბნეთ, ხოლო მორალი თავად მონახეთო. 

No comments:

Post a Comment