Sunday 25 May 2014

ოჯახური ძალადობა

შეიძლება ბოლო დროს გახშირებულმა ან გახმაურებულმა შემთხვევებმა დამაფიქრა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ვიჯექი და ვცდილობდი, გამეხსენებინა, ბერძნულ მითოლოგიაში და ტრაგედიებში სადმე ქმარი თუ კლავს ცოლს. ვერაფრით გავიხსენე. დედა რომ შვილს კლავს, შვილი დედას, მამა შვილს, ან ცოლი ქმარს, ძმა ძმას - ასეთები კი გამახსენდა მომენტალურად. ცოლი რომ ქმრის საყვარელს კლავს, ეგეთებიც. ინცესტები, თვითმკვლელობები, ინტრიგები, სასიყვარულო სამკუთხედები, ოთხკუთხედები და ტეხილებიც.

რატომ მაინცდამაინც ბერძნულ მითოლოგიაში ვეძებდი?
იმიტომ, რომ ბერძნული მითოლოგია ტრაგიკოსების უმთავრესი შთაგონება იყო და რაც ყველაზე საინტერესოა, ოდესღაც სადღაც წავიკითხე, მკვლევარებმა ფაბულის შვიდი ტიპი გამოავლინესო და ამ შვიდ ფაბულაზეა აგებული ნებისმიერი რომანი. თავის მხრივ კი ეს ფაბულები დამუშავებულია უკვე ბერძნულ ტრაგედიებში, რომლებსაც საფუძვლად ბერძნული მითოლოგია ედო.
ის კი ალბათ უჩემოდაც იცით, რომ ანტიკური კულტურა თავის მხრივ საფუძვლად დაედო რენესანსს. მაგალითად, შექსპირის ცნობილი ტრაგედიების მსგავსება ანტიკურ ტრაგედიებთან და მათი გავლენა და ა.შ. ბევრ მკვლევარს აქვს დამუშვებული და ამაზე აღარ შევჩერდები.
ის, რაზეც დღეს დავფიქრდი და რაზეც ახლა მინდა, გესაუბროთ, ბერძნულ მითოლოგიაში გადმოცემული ოჯახური ძალადობაა.
ჩემი პირადი მოსაზრებით, ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს უფრო მისტიურ-ზღაპრული წრე, ზევსი, ჰერა და მთელი ოლიმპიელი ღმერთები თავისი ინტრიგებით, ტახტისთვის ბრძოლებით და ა.შ. და უფრო ადამიანურ-ლიტერატურული წრე, სადაც ზოგიერთი ტრაგიკოსი ისევ ღმერთებს იშველიებს, ზოგი კი უფრო მიწიერ-ადამიანური ტრაგიკულობისკენ და ამდენად, რეალობისკენ იხრება.
ერთხელ მეგობარმა მითხრა, ქართველებისნაირი სისხლიანი მითოლოგია, მხოლოდ ინდიელებს თუ აქვთო.
არ მახსოვს, მგონი, დავეთანხმე მაშინ.
მაგრამ ამ პოსტის პირველ აბზაცს თუ გადახედავთ, დამეთანხმებით, რომ არც საბერძნეთში ხდებოდა ნაკლები ამბავი.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მაგალითად კლიტემნესტრას მიერ აგამემნონის მკვლელობა უფრო რიტუალური ხასიათის იყო. როგორც ამბობენ, მეფისათვის ტახტის ჩამორთმევისას მისი მოკვლის რიტუალი არსებობდა ზოგ ადგილას.

Martha Graham in her own dance,
 CLYTEMNESTRA, 1958.
თუმცა მე მაინც უფრო ადამიანურ-რეალურ ჭრილში მინდა მოგიყვეთ ატრიდების ამბავი. აღმოვაჩინე, რომ ყველაზე ხშირად თანამედროვე ბერძნები სწორედ ამ უცნაური ოჯახის ამბავს უბრუნდებიან.
ამბავი კი ასეთი იყო:
ოდესღაც ცხოვრობდა მეფე აგამემნონი, რომელსაც ჰყავდა ცოლი და სამი შვილი. ორი უფროსი გოგო და ახალშეძენილი ბიჭი, ორესტესი, ტახტის მემკვიდრე. მამა ამ დროს ტროას ომში გაემგზავრა. განა უბრალოდ გაემგზავრა, მთავარსარდლობა ითავა.
მისი ცოლი კი, ჭეშმარიტი მეოჯახე, დედობისა და დიასახლისობის ნიჭით გამორჩეული კლიტემნესტრა შინ დარჩა და ყოჩაღად უძღვებოდა ოჯახს.
ერთ დღეს კი აგამემნონმა შემოუთვალა, ჩვენი გოგო უნდა გავათხოვო, ავლისში ვდგავართ გემებით და წამოიყვანე იფიგენია და წამოდიო. დედა რისი დედა იქნებოდა, უფროსი გოგოს გათხოვება არ გახარებოდა, თან დასახელებული სასიძოც მოსწონდა და ზეიმით გაემართა ქმრისკენ.
იქ კი აღმოჩნდა, რომ სასიძომ არაფერიც არ იცოდა, იმიტომ, რომ ქორწილიც არ იყო დაგეგმილი. სინამდვილეში აგამემნონისთვის წინასწარმეტყველს უთქვამს, შენს შვილს თუ არ შესწირავ მსხვერპლად, გზას ვერ განაგრძობთო ტროასაკენ. ქორწილი კი საბაბი იყო, რომ კლიტემნესტრას იფიგენია იქამდე მიეყვანა.
რომ აღარ დავწვრილმანდეთ, იფიგენია სამსხვერპლოზე წაიყვანეს, კლიტემნესტრა კი ქმარს დაემუქრა, ამას არ გაპატიებო.
შინ დაბრუნდა და მოკავშირეც იპოვა, ეგისთოსი (რომელსაც თავის მხრივ ანგარიშები ჰქონდა გასაწორებელი აგამემნონთან) საყვარლად დაისვა და ქმრის დაბრუნებას დაელოდა.
ტროადან შინ მშვიდობით დაბრუნებულ აგამემნონს შეეგება ცოლი, დაღლილი იქნებიო, აბაზანა მოგიმზადეო, იარაღი ჩამოართვა, აბაზანაში შეუძღვა და იმ თავისივე ხმლით ჩაკლა გაშიშვლებული მთავარსარდალი. და ნაალაფევთან ერთად ჩამოყვანილი საყვარელი, კასანდრაც ზედ მიაყოლა.
Clytemnestra (Anastasia Hille) with Agamemnon
(Michael Gould) and Cassandra (Lilo Baur)
ამაზე აგამემნონისა და კლიტემნესტრას მეორე ქალიშვილი, ელექტრა გადაირია. უმცროსი ძმა გადამალა და შორიდან აღვივებდა მასში სიძულვილს დედის მიმართ.
საბოლოოდ, როდესაც ორესტესი წამოიზარდა და შინ დაბრუნდა, ელექტრამ დედა და მისი საყვარელი ეგისთოსი მოაკვლევინა და ამით შური იძიეს მამის გამო.
მაგრამ ორესტესს სინდისის ქენჯნა დაეწყო.
ზოგი მითი ამბობს, რომ მერე ღმერთებმა განწმენდის საშუალება მისცეს.
იმასაც ამბობენ, რომ იფიგენია სამსხვერპლო ბომონზე ღმერთებმა ირმით შეცვალეს და იფიგენია ცოცხალი დარჩა და ქურუმი გახდა.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ერთი ოჯახისთვის ზედმეტად ბევრი სისხლი და მკვლელობაა, დამეთანხმებით.
საუკუნეების მანძილზე ზოგი მწერალი ცოლს ამართლებდა, ზოგი ქმარს, ზოგი შვილს, ზოგი საყვარელს და წერდნენ და წერდნენ ერთმანეთისგან განხსვავებულ ვერსიებს.

ბერძნულიდან თარგმნა სოფიო შამანიდმა



ცოტა ხნის წინ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა სერიაში "ახალი ბერძნული ბიბლიოთეკა" გამოსცა იაკოვოს კაბანელისის ორი პიესა "წერილი ორესტეს" და "ნადიმი". ორივე პიესა ზემოხსენებულ ოჯახს ეხება.



თუ გახსოვთ ადრე მჩაგვრელ-ჩაგრულის როლების ცვლილებებზე გიყვებოდით (ვისაც არ გახსოვთ შეგიძლიათ იხილოთ აქ ). აქაც ასეთივე ჯაჭვია: კლიტემნესტრა იცავს იფიგენიას აგამემნონისგან, ელექტრა და ორესტესი იცავენ აგამემნონს კლიტემნეტსრასგან. იაკოვოს კაბანელისის ამ წიგნში კი იფიგენია ბრუნდება (აი, ირემმა რომ ჩაანაცვლა და გადარჩა) და ელექტრასგან და ორესტესისგან იცავს კლიტემნესტრას.
აქ უკვე ვაჟა მახსენდება "შენ რომ სხვას მახჰკლავ, შენც მაგკვლენ, სისხლს არ შაარჩენს გვარია". ამ შემთხვევაში საქმე გვარებს შორის მტრობაზე არაა, მაგრამ შურისძიებათა გრძელი ჯაჭვი თვალსაჩინოა. როდის უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი?
კაბანელისის იფიგენია თვითონვე ასრულებს ამ ჯაჭვს, რადგან და-ძმასთან ერთად თვითონაც სვამს მოწამლულ ღვინოს და თავს იკლავს.


Orestes (Paul Hilton)
ახლა მკითხავთ, რატომ უნდა წავიკითხოთ ეს ძალადობით სავსე წიგნიო. პიესებში ეს შესავალი ნაწილი არაა მოთხრობილი, მე უბრალოდ ვეცადე, ეს წინასწარ ჩასატარებელი სამუშაო შემემსუბუქებინა თქვენთვის. აი გაჩენილ კითხვებზე: არ ინანეს? რატომ ჩაიდინეს? როგორ გააკეთა? რატომ გააკეთა? და ა.შ. პიესები, იაკოვოს კაბანელისი და თვითონ გმირები გაგცემენ პასუხს.







და ვინ იცის, იქნებ ბევრი პარალელიც იპოვოთ დღევანდელობასთან.









  

No comments:

Post a Comment