Tuesday 3 June 2014

ჰუმანური თამაში

„გამარჯობა, მე ოჩოპინტრე ვარ. მე არავისზე მეტი არ ვარ“. 

ვაპირებდი ვრცელი ესსეს დაწერას, ოღონდ ტენდენციური უნდა დამეწერა თუ არატენდენციური (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა ვიცი თუ არა, დარწმუნებული არ ვარ), ვერ გადავწყვიტე. ვაპირებდი ოსტატურად ჩამეხედებინა თითოეული მკითხველი თავისივე გულში და მეთქვა, რომ ცდებიან (ან ცდებით). მაგალითად, მეთქვა და მეჩვენებინა, რომ
ვიღაცაზე როდესაც ფიქრობ, რომ ბნელია და ზემოდან ქვემოთ მიმართული მზერით უყურებ, შეცდომაა. და შენ, რომლიც ამის წაკითხვაზე გაიფიქრებდი, ამათ მაინც ვჯობივარ, მე ზემოდან არავის ვუყურებო, შემდეგი წინადადებით შენ უნდა დამეფიქრებინე იმაზე, რომ მაგ ფიქრისას უკვე ვიღაცას ამეტებდი თავს... კიდევ ორმაგ სტანდარტებზე ვაპირებდი ლაპარაკს და თუ ვამბობთ, განსხავებულობის გამო არ უნდა ჩავქოლოთო ვინმე, ეს "ვინმე" შერჩევთი კი არ უნდა იყოს, არამედ ყველა და თითოეული. სადღაც იმის ხსენებასაც ვაპირებდი, რომ ამ ქვეყნიდან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ რაღაცეების შეცვლაზე, რამდენიც გინდა. იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ 1) ქება-დიდების გარდა გაგონება არაფრის გვინდა, 2) ზღვარი არაფერში ვიცით (მაგ.: თუ ერთი შტრიხი (ან ათი) დავინახეთ, ერს ან ცალკეულებს რა ნაკლი გვაქვს, საბოლოოდ ხაზს გადავუსვამთ ერსაც და იმ ცალკეულსაც (უკეთესად თქმაც შეიძლებოდა: ქაჩალზე რომ არის ანდაზა, იმ სტილში), 3) განზოგადებები ვიცით უგზო-უკვლოდ (აქ გრიგოლ ხანძთელს ვახსენებდი, ყველანაირ ლიტერატურას რომ კითხულობდა და რაც კარგი იყო, ითვისებდა, "ხოლო ჯერკუალი განაგდის". მერე ილია ჭავჭავაძესაც გავიხსენებდი და „კაცია-ადამიანი?!“-ს შესავალს. რომ სარკეში ჩახედვა ყოველთვის გვიჭირდა და თუ ვინმე სახეზე აგვაფარებდა ამ სარკეს, რასაც იქ უსიამოვნოს დავინახავდით, იმაზეც სარკის მომწოდებელს ვთხოვდით პასუხს).
მერე ჰომეროსსაც გადავწვდებოდი და მავანი ჩაგრულის დაცვას რომ იწყებს მავანი დამცველი, თუ ზედმეტებში გადავიდა, როლები იცვლება და მჩაგვრელი ჩაგრული ხდება და დამცველი მჩაგვრელი. იხ. პუნქტი 2.
კიდევ რაღაც-რაღაცების ლაპარაკს ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, ახლა ყველა ფიქრის ხელახლა გახსენება და დალაგება სასტიკად რომ დამეზარა და ვრცელი ამბის წაკითხვა თქვენ უფრო დაგეზარებოდათ. ამიტომ გამოვტოვე იმ მოთხრობის განხილვაც, ახალგამოსულ თარგმანში რომ არის, ერთი ჯარისკაცი მოწინააღმდეგეს მდინარეში ბანაობისას რომ გადააწყდება, ნაპირზე ასვლას და იარაღის აღებას რომ მოასწრებს, მაგრამ არ ესვრის, რადგან იმ დროს დაფიქრდება, რომ ასე დედიშობილა, სამხედრო ფორმის გარეშე, ორი ჩვეულებრივი ადამიანი დგას ერთმანეთის პირისპირ, ორი თანასწორი ადამიანი და ვიდრე ეს ამ ჰუმანურ ფიქრებშია, ის მეორე შუბლში დაახლის ტყვიას.
მერე იმაზე ლაპარაკსაც ვაპირებდი, რატომაა, რომ არ გვიკვირს მგელი თუ მგლურად იქცევა, წყალს წყლის თვისებები აქვს მაგრამ ადამიანი რომ ადამიანურად იქცევა, გული გვიჩუყდება და დაჯერება გვიჭირს (ანუ სიტყვა „ადამიანური“ კომპლიმენტია).
ალბათ კიდევ რაღაცების წერას ვაპირებდი, მაგრამ არ მახსოვს.
მახსოვს, რომ იმის თქმაც მინდოდა, სექსუალური ცხოვრება და რელიგია, ეს ორადორი რამეა ყველაზე პირადული და ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ დავიბადე, გავიზარდე, ვბერდები და ნამდვილად მოვკვდები ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტს სწორედ ამ ორ რამეზე ვსაუბრობთ (მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა ან ერთი ან მეორე).
ბოლოს კი ვაპირებდი ერთი ჰუმანური თამაში შემომეთავაზებინა და მეთქვა, ვცადოთ და ვნახოთ, რამდენად შევძლებთ-მეთქი (თუმცა მანამდე ალბათ იმასაც ვიტყოდი, რომ მანქანის ზომა პიროვნების და პიროვნულობის ხარისხს არ განსაზღვრავს, არც ფორმა, არც თანამდებობა და ზოგჯერ ლოკოკინები მახსენდება, მთელი უსაფრთხოება რომ ნიჟარაშია. და ნიჟარის გარეშე დარჩენილი როგორია. იმის თქმასაც ვაპირებდი, რომ წიგნებმა მასწავლეს, არ შეიძლება ერთი შეხედვით ან მილიონი შეხედვით, თუკი მხოლოდ ცალი მხრიდან უყურებ, რამე დასკვნის გამოტანა).
ბოლოს უნდა დამეწერა სტატუსი: „გამარჯობა, მე ოჩოპინტრე ვარ. მე არავისზე მეტი არ ვარ“.
მერე დამერთო ფოტო წარწერით: All humans are equal (შეიძლება ინგლისურ წარწერაში შეცდომაც დამეშვა. არაუშავს).
და მეთქვა, აი ჰუმანური თამაშიც: უნდა გაიზიარო ფოტო და ზემოხსენებულ სტატუსში შენი საკუთარი სახელი ჩასვა.
შევძლებთ?
გადავლახავთ საკუთარ თავებში ამ პატარა ან დიდ გორას ან უფსკრულს და ვიტყვით, რომ ისინიც, ესენიც და სხვებიც და ჩვენც თანაბარი ვართ?
„გამარჯობა, მე ოჩოპინტრე ვარ. მე არავისზე მეტი არ ვარ“.




No comments:

Post a Comment