Thursday 18 April 2013

მილან კუნდერა "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე"

გერმანელებს ერთი გამოთქმა აქვთ: einmal ist keinmal და ნიშნავს, რაც ერთხელ მოხდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ არც მომხდარა. 
და რადგან ერთხელ ვცხოვრობთ, გამოდის, არც გვიცხოვრია? 

ასე დაიწყო და მიიქცია ჩემი ყურადღება მილან კუნდერამ და მისმა "ყოფის აუტანელმა სიმსუბუქემ"



ფილმის ანოტაციას გადავაწყდი სადღაც და სასიყვარულო სამკუთხედის ამბავს გვიყვებაო... ახალი წაკითხული მქონდა და მით უფრო არ დავეთანხმე. 
კითხულობ და ხვდები, არავითარი სამკუთხედი, ეს უამრავი მონაკვეთია, რომლებიც იმ სიტყვებისაგან შედგება, რასაც ავტორი გადის გზად ერთი პერსონაჟიდან მეორემდე. 
ყოველი მომენტის, ყოველი მოვლენის მდედრობითი და მამრობითი აღქმებით. 


"ტერეზა პატარა ბავშვად ეჩვენებოდა, რომელიც ვიღაცამ ფისით ამოგლესილ კალათში ჩააწვინა და მდინარეს მიანდო, რათა ტომაშს თავისი ლოგინის ნაპირზე გამოეყვანა"
ტერეზა გრძნობდა, რომ საკუთარ სისუსტეს იყენებდა. სხვა იარაღი არ ჰქონდა. იმასაც გრძნობდა, რომ მათი ურთიერთობა მის სიყვარულზე იდგა და არ შეიძლებოდა, ფეხი დასცდენოდა. ტომაში კი... თუმცა თავად სხვაგვარად ფიქრობდა. 


შვილები არ ჰყოლიათ, ჰყავდათ ძაღლი, რომელსაც კარენინი ერქვა, თუმცა მდედრი იყო და რომელიც ტომაშმა აჩუქა ტერეზას, რადგან მის სიყვარულს მარტო ვერ უძლებდა.
ჰყავდათ უამრავი ქალი, ტომაშს – ცხოვრებაში, ტერეზას – კოშმარულ სიზმრებში და როდესაც ხელები უკანკალებდა, ტომაში მაგრად იჭერდა და ხელებს უკოცნიდა, ვიდრე კანკალი არ გაუვლიდა.
გარშემო იყო ჩეხეთი, თავისი პოლიტიკით, რუსული ოკუპაციით და უამრავი უხილავი მიკროფონით...
ტერეზა და ტომაში სულ უფრო და უფრო დაბლა ჩადიოდნენ, სიმსუბუქის ან თავისუფლების ძებნაში ალბათ.


ეს არის წიგნი, რომელიც არ ძალადობს შენზე. მისი თხრობის ტემპი და რიტმი მშვიდია. არსად გეჩქარება არც შენ, არც ავტორს. არ გიჩნდება სულსწრაფობის განცდა, გაიგო რა მოხდა შემდეგ, რადგან ავტორი ჯერ გეუბნება რა მოხდა და მერე გიყვება – როგორ. თითოეული ემოციის, ფიქრის თუ თეორიის არა სწორხაზოვან და ერთპიროვნულ დინებას გახვევს თავზე ავტორი, არამედ თანაბარი სიმშვიდით მოაქვს მდედრული და მამრული აღქმა და იმდენად, რომ ბოლომდე ვერ ამოვიცანი, ქალივით გრძნობს თუ მამაკაცივით. 


ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხე და ჩამრჩა ან ჩამიტოვა. 







No comments:

Post a Comment