Wednesday 24 April 2013

ქალი, რომელიც იცინის

უნებურად აღმოვაჩინე, რომ ის, თუ როგორი გულმოდგინებით კითხულობ წიგნს, არაა მაინცდამაინც დამოკიდებული ავტორის ან წიგნის სიკარგესა და ღირსებებზე.
ეს მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც წიგნი ერთგვარი ან ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ საკუთარ თავთან ან ფიქრებთან ან სიზმრებთან მარტო არ დავრჩენილიყავი. წიგნთან მეგობრობა კარგია, არც კითხვებს გისვამს, არც თვალებში გიყურებს ისე, რომ გრძნობ, გხედავს და რომც გაუღიმო, კარგად ვარო, მაინც იცის, როგორ ხარ სინამდვილეში...
წიგნთან შეგიძლია ჩუმად იყო და თან უფლება მისცე, სადაც უნდა, იქ გატაროს, რაზეც უნდა იმაზე გელაპარაკოს და გადაგატანინოს ყურადღება.
იმ შემთხვევებს კი უნდა უფრთხილდე, როდესაც წიგნი ალესილი დანის პირივით გირეკლავს. ასეთმა წიგნმა შეიძლება მოგკლას.

არ ვიცი, რა შუაშია ეს შესავალი იმ ქალთან, რომელსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვხვდები სამსახურის შემდეგ, იმ დღეებში, როდესაც შვიდისთვის გამოვდივარ ოფისიდან. სხვა დროს ვერ ვმგზავრობთ ერთად, და აქედან ვასკვნი, რომ ის ყოველთვის ერთ დროს ამთავრებს სამსახურს. სად მუშაობს ან რას აკეთებს, ამაზე არ მიფიქრია. როდესაც ვხედავ, ყოველთვის მისი სახის გამომეტყველება იპყრობს ჩემს ყურადღებას. ზის წარბებაწეული და ტუჩების კუთხეებით იღიმის.
პირველად რომ დავინახე, ვიფიქრე, ეღიმებოდა. მაგრამ მხიარული ღიმილი არ არის, არც კმაყოფილი. თანაც საღამოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომღიმარი ადამიანი, მართლა გიკვირს, როდესაც ხედავ.
ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ზის. აქედან ვასკვნი, რომ ბოლო გაჩერებაზე ადის ავტობუსში (ან პირველზე) და საკუთარი სურვილით ირჩევს დასაჯდომს. თუმცა არასოდეს ზის ფანჯარასთან ან ბოლოში ან განმარტოებით. მაგრამ მისი ხმა არასოდეს გამიგონია, არც სხვის ლაპარაკში ერევა, არც უცნობებთან გამოლაპარაკების სურვილით გამოირჩევა.
ზის წარბებაწეული, და იმ დღეს ახლოს რომ ვიდექი, დავაკვირდი, კარგად დავაკვირდი, არ იღიმის, ასეთი ჭრილი აქვს ტუჩების. სევდიანი ღიმილის ანაბეჭდი სახეზე.
არც ახალგაზრდაა, არც ვნებიანი, ამიტომ არ დამიწყია მასზე საუბარი. ზის ხოლმე, თავის ფიქრებში ჩაფლული და განცდა მაქვს, რაღაც სევდიანზე ფიქრობს, ან არ ფიქრობს, მაგრამ იცხოვრა.
და არც ერთხელ არ მიცდია, წარმომედგინა, ან გამომეცნო მისი ისტორია. უბრალოდ ვუყურებ და მახსენდება "კაცი, რომელიც იცინის", მახსენდება როგორც სათაური ან მიმართვა ან კადრი.









   

No comments:

Post a Comment