Thursday 25 April 2013

ჰესე

იმ ასაკიდან უკვე კარგა ხანია გავიზარდე, როდესაც რომელიმე წიგნის წაკითხვა ადრე იყო. იმდენადაც კი გავიზარდე, რომ მივხვდი, თითოეული წიგნის წაკითხვას სწორი დროისა და სულიერი მდგომარეობის თანხვედრა სჭირდება. ალბათ ამიტომ არის, რომ ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ხოლმე ან ზოგიერთ წიგნს თვეების მანძილზე თან ვატარებ, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდებ, გავაფურცლავ, დავხურავ, ან რამდენიმე გვერდს წავიკითხავ და მერე მივატოვებ და უცებ ერთ დღეს ისე ძალდაუტანებლად, პირიქით, მოწყურებულზე რომ წყალს დალევ, ისე ვიწყებ კითხვას და ბოლო სიტყვის წაკითხვამდე ვერ ვანებებ თავს.
ამ დროს ვამბობ ხოლმე, რომ სწორ დროს წავიკითხე.
photo credit: Henti Smith  
იმასაც ბევრჯერ მივხვდი, არიან წიგნები, რომელსაც ისე კითხულობ, რომ გახსოვს, შენ შენ ხარ, საკუთარი ცხოვრებით, შეხედულებებით, საკუთარი შეცდომებით თუ ახირებებით, წიგნი და იქ მოთხრობილი ამბავი, თავის პერსონაჟებით და თავიანთი რეალობით, კი სხვა სამყაროა და შენ როგორც მესამე პირი და დამკვირვებელი, უყურებ, კითხულობ და ა.შ. მაგრამ წიგნს ხურავ და თქვენი გზებიც იყოფა. ასეთი წიგნები საშიში არ არიან. საშიში ის წიგნია, რომელშიც შედიხარ და ან უკან ვეღარასოდეს ბრუნდები, ან თუ გამოხვედი, ივიწყებ ლაპარაკს და არავინ იცის, საიდან დაბრუნდი. ეს წიგნები ისევე მოქმედებენ, როგორც ლურჯი ფერი შებინდებისას ან გამთენიისას, როცა ყვავები იწყებენ ჩხავილს და სარკეში ყურებისას გრძნობ, რომ მარტო შენ არ იხედები. 

ასეთი წიგნები ალბათ იმ სიზმარსაც ჰგვანან, რომელსაც ხშირად ნახულობ. 

პერიოდულად, გარკვეული თერაპიის სახით ან მაშინ, როდესაც ვგრძნობდი, რომ ჩემში ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო, საკუთარ თავში ჩავბრუნდებოდი, ჩავიძირებოდი, მერე კი ისე ამოვდიოდი ზედაპირზე, როგორც ტბიდან ამოყვინთვისას (ცურვა მხოლოდ სიზმარში ვიცი და არც იქ ვყვინთავ ოდესმე). 
არ ვიცი, რატომ დაემთხვა, რომ ორივე წიგნი ზაფხულში წავიკითხე, ალბთ არც აქვს ამას რამე მნიშვნელობა. მაგრამ მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ორივეჯერ შემცვალა. 
პირველი "ტრამალის მგელი" წავიკითხე. როგორც აბრეშუმის პერანგზე ხელის ჩამოსმა, ისე რბილად მივყავდი სიტყვებს. 
წიგნების შინაარსს ან ფრაზებს ან სიუჟეტებს არ ან ვერ ვიმახსოვრებ. მახსოვს ცალკეული დეტალები ან შეგრძნებები. 
მახსოვს ფრაზა "მაგიური თეატრი".
მახსოვს, როგორ მივდივარ ნახევრადგანათებულ და ხალხმრავალ დერეფნებში, ნიღბები, მხიარული ხმაური, ყურები მიგუგუნებს, ყველაფერი ფერადია და უცხო. ხალხმრავლობა მღლის. ვიღაცას ვეძებ... 
მახსოვს გრძელი პალტო მაცვია, შუა ხნის მამაკაცი ვარ, კიბეზე ვზივარ, ფართო და ჩუმი სადარბაზოა, ნათელი, რადგან დიდი ფანჯრებიდან შემოდის სინათლე. ბინების წინ დიდ ქოთნებში მწვანე მცენარეებია. მეზობელი მოხუცი ქალი გამოდის და რაღაცას მეუბნება. მე მყუდროდ ვზივარ... 

დიდი ხნის მერე გავიაზრე, რომ მაშინ ჩემს თავში რომ ჩავბრუნდი, ისე ღრმად მომიწია ჩასვლა, ვეღარასოდეს ან აღარასოდეს ამოვედი. 


ალბათ დამთხვევაა, რომ მან, ამ წიგნის შემდეგ რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ჰესეს სხვა წიგნი მათხოვა (თუმცა ეს ამბავი არ იცოდა) "ნარცისი და გოლდმუნდი". 
მრავალი თვის მანძილზე წიგნი თან ვატარე. საზღვარი რომ გადავიარე და შორს წავედი, თან მქონდა, მაგრამ ისე დავბრუნდი, მანამდე დაწყებულ ათ გვერდს ვერ გადავცდი. კიდევ ცოტა ხანს ვიარეთ ასე და ერთ დღეს ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი. 
ალბათ ერთ ღამეში წავიკითხე ან ერთ დღეში წავიკითხე, არ მახსოვს, იმიტომ რომ დროის დანაწევრებას ვერ ვგრძნობდი. 
მახსოვს, რომ ძალიან ემოციურად იმოქმედა. 
თხოვნაც მახსოვს, რადგან ასე მოქმედებს, ნუ წაიკითხავო.
მახსოვს პატარა ქოხი ტყეში ან ტყის პირას. მკვდარი ქალაქიდან გამოყვანილი გოგო, ერთად ცხოვრებაზე და ბედნიერებაზე რომ ფიქრობს, და ზამთრისთვის ემზადება. და რომ მეშინია, არ გაიგოს, რომ არავინ აპირებს მასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას, რომ ერთ დღესაც მასაც მიატოვებენ და მახსოვს სიხარული იმის გამო, რომ მანამდე მოკვდა, ვიდრე მიატოვებდნენ... 

საერთოდ არ მიყვარს მარტივი და ცალფა წიგნები. 
თუ არ წაგიკითხავთ, და არ გეშინიათ, გირჩევთ:
ჰერმან ჰესე "ტრამალის მგელი" 
ჰერმან ჰესე "ნარცისი და გოლდმუნდი" 




   
  

No comments:

Post a Comment