Monday 15 April 2013

აღარასოდეს ომი!

უნისეფის კეთილი ნების ელჩის, ბერძენი მწერლის, ანდონის სამარაკისის წერილი

აღარასოდეს ომი!

„უკანასკნელი ღამეებია,
არ ვხედავ სიზმრებს.
მეშინია უკვე, სიზმრების ნახვის,“ –
თქვა რვა წლის ბავშვმა კოსოვოდან.
ბავშვმა ხელახლა გადაიტანა განვლილი ომის საშინელება სიზმარში. ჩვენ როგორ ვბედავთ სიზმრების ნახვას?
„ომი ომის წინააღმდეგ“. უთვალავჯერ დაწერა და გახმიანდა ეს მოწოდება–სლოგანი. და მაინც, ომი ცხოვრობს და ბატონობს და ასახიჩრებს ყოველივეს: ადამიანთა სიცოცხლეებს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მონაპოვარს, კულტურულ მემკვიდრეობას, გარემოს.
უკუნითი უკუნისამდე ომი. ტრაგიკულად გაგვიცრუვდნენ იმედები, რომ ომი აღარასოდეს მოხდებოდა.
„ომი – ყოველივეს მამა“ – თქვა ჰერაკლიტოსმა. მამა, რომელიც ნთქავს საკუთარ შვილებს. უკვე შევეჩვიეთ, აქ არის ყველაზე დიდი საშიშროება. მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო ომები და სამამულო განხეთქილებებია, ისინი რაღაც ბუნებრივად და გარდაუვალად მიგვაჩნია.
ომის მსხვერპლთა სიაში უპირატესობა ბავშვებს ეკუთვნით. მათ ვხედავთ ტელევიზიით, ამ გზით ისინი ჩვენს სახლებში შემოვიდნენ, მაგრამ ნეტავ ჩვენს სულში თუ შემოაღწიეს?
ბავშვები, რომლებსაც საკუთარ სიმაღლეზე დიდ იარაღს აძლევენ და გზავნიან, რომ შეწყვიტონ სხვა ადამიანის სიცოცხლე და დაიხოცონ თვითონაც. ბავშვები, რომლებსაც მოყვასის მიმართ სიძულვილით ჟღენთენ. მაგრამ ბავშვი ფიქრობს მშვიდობაზე, მასზე ოცნებობს, მას ხატავს, მას უმღერის.
ბავშვებს–მსხვერპლებს ნუ დავთვლით ციფრებით. საკმარისია, მხოლოდ ერთი ბავშვიც კი დაიკარგოს ამგვარად, მაშინ ჩვენი სამყარო, ვითომ კულტურული, ვითომ ქრისტიანული, დამარცხებულია. ის, რაც იღუპება, ბავშვის სულია.

No comments:

Post a Comment