Thursday 18 April 2013

არიან ქალები, რომლებიც სიყვარულისგან კვდებიან …

არიან ქალები, რომლებიც სიყვარულისგან კვდებიან … 
პირველ აპრილს დაიბადა. ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, ძლიერი, სიცოცხლით სავსე, მეოცნებე, მეომარი და ოპტიმისტი. 
ვინც თავს იკლავს, არ სცოდნია სიცოცხლის ფასი და უნდა მომკვდარიყო კიდეცო, ამბობდა. 
ცხოვრება გამუდმებით აცლიდა ფეხქვეშ საყრდენს, მაგრამ ახალს პოულობდა. გამუდმებით იწყებდა ხელახლა, ცვლიდა, არ ნებდებოდა. 
იურისტი იყო პროფესიით და საკმაოდ წარმატებულიც. ლექსებს წერდა, მაგრამ 14 წლისამ გამოაქვეყნა, მერე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ორი კრებული. მეტი არ გამოუქვეყნებია. მოასწრო მსახიობობაც, მკერავადაც იმუშავა პარიზში რაღაც მოდელების სახლში, მგონი.
ხო, ბერძენი იყო.
და კიდევ შეყვარებული იყო, ოღონდ ჩვეულებრივად კი არა, სულ–ამდე და სულ–ით.
უყვარდა შემოდგომაზე დაბადებული პოეტი, რომელიც თვითმკვლელობაზე წერდა ლექსებს.
იმ პერიოდში პოეზიის მამები პათეტიურ–პარტიოტულ პოეზიას აბატონებდნენ. სევდიანი პოეტი თავისი თვითმკვლელობებით და სხვა ლექსებით დაბლოკეს, არც ერთ ჟურნალ–გაზეთს არ გააკარეს.
ქალს მარია პოლიდური ერქვა, კაცს – კოსტას კარიოტაკისი. მარიკას და ტაკის ეძახდნენ ერთმანეთს. ერთად გადაღებული ფოტო მგონი არ დაუტოვებიათ, დღიურები კი დატოვეს.
კოსტასს პოეტური ასპარეზი რომ ჩაუკეტეს, მალევე სიფილისიც დაემართა. ექიმმა გადაწყვეტით უთხრა, ან მოკვდები ან შეიშლებიო.
მარია სთხოვდა, მაინც ერთად ეცხოვრათ. კოსტასმა გადაწყვიტა, საკუთარი თავისაგან გაეთავისუფლებინა საყვარელი ქალი.
ჯერ ზღვაში შევიდა, რამდენიმე საათს ებრძოლა ტალღებს. გამოვიდა, ჩანაწერი დატოვა, ვინც ცურვა იცის, თავის დახრჩობას ნუ ეცდებაო და ტყვია დაიხალა.
ერთი გასროლა, ორი თვითმკვლელობა.
მარია დასუსტდა, პნევმონია დაემართა, ლოგინად ჩავარდა. არც ჭამა უნდოდა, არც წამალი, არც გამოჯანმრთელება. მხოლოდ სიკვდილს ელოდა, რომელიც თავის კოსტასთან წაიყვანდა.
თავის ოცდამეცხრე აპრილს შეხვდა და იმავე აპრილის ბოლოს წავიდა.

No comments:

Post a Comment