Monday 11 November 2013

451 გრადუსი ფარენჰეიტით



           დღეს ქარი იყო, მტკვარი გაივსო ფოთლებით. მე, სამსახურიდან გამოსული, ზრდასრული მოქალაქე, პატარა ბავშვივით იქით მივდიოდი, სადაც ფოთლები გროვებად ეყარა და შარაშურით ვაბიჯებდი და ვიკრიჭებოდი. საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურებ, არც გაზეთებს ვკითხულობ. ისინი თვლიან, რომ უცნაური ვარ და არ იციან, რომ კალენდარშიც არ ვიხედები. მათ აღმოაჩინეს რომ არ ვუყურებ მიმდინარე ზოგადსაკაცობრიო შოუებს და სერიალებს და პირდაპირ მითხრეს, რომ არ გამაჩნია ინტერესები, თუმცა არ იციან, რომ ცნობილ ადამიანებს ვერც სახეზე ვცნობ და ვერც სახელ-გვარზე. მე მათთვის არაფერი მითქვამს და როდესაც სკვერში გვერდიგვერდ სკამებზე დავინახე ორი ჯგუფი, ერთნი თავის ღმერთს რომ არეკლამებდნენ და მეორენი, ბალახისფერფორმიანი მებაღეები, გაზონს და ჩამოყრილ ფოთლებს რომ უვლიან, გამეღიმა და ვიფიქრე, რა საერთოა მათ შორის?
        მაგრამ მხოლოდ კითხვის დასმით შემოვიფარგლე. უახლოესი ხის ქვეშ გავლისას ნაბიჯი შევანელე და ზემოთ ავიხედე, ტოტებს და შემორჩენილ ფოთლებს შორის ცა თუ ჩანდა, შევამოწმე. და ვიფიქრე, რომ ერთ დღეს მეც დამიწყებენ თვალთვალს და ამიყვანენ აღრიცხვაზე, ან მის ფსიქოლოგს დააინტერესებს, რას ვხედავ საინტერესოს იმაში, ქალს თმაზე ახალმოთიბული ბალახის სუნი ჰქონდეს და კაცს ხელებზე - ბუხარში დანთებული ცეცხლის.
         ხო, მახსოვს, წიგნზე უნდა მელაპარაკა. მაგრამ არ ვიცი, როგორ.
შეგრძნებები?
„თუ დახაზულ ფურცელს მოგცემენ, შეაბრუნე და გარდიგარდმო დაწერე“.
          მან რა იცოდა მაშინ, ან როგორ გამოიცნო, რომ ჩვენ mp3 გვექნებოდა ჩართული, ყურებში „აზუზუნებული“ და ლაპარაკს ვერ გავაგონებდით ერთმანეთს? ან ეს პირდაპირი ტრანსლაცია და კედლის ზომის თხელეკრანიანი ტელევიზორები?
და მერე შიშის განცდა მოდის, ნუთუ ყველაფერი ახდება? ნუთუ უკვე დაწყებულია? და მე რა გავაკეთე, რომ შემეჩერებინა? ან რას გავაკეთებ?
         დამღუპველი განცდა, რომ მე ერთი ვარ და რაც უნდა ვქნა, მხოლოდ მე მავნებს ან არაფერი არ დაშავდება. სხვაც იფიქრებს, რომ თვითონ ერთია და თუ ყველამ ასე ვიფიქრეთ... ბილიკები ხომ ასე ჩნდება, ადამიანები იმდენს აბიჯებენ იქ, ვიდრე ბალახს ისე არ გათელავენ, რომ მოტიტვლებული ადგილი დარჩეს.

          ესქილე გამახსენდა კიდევ და მისი პრომეთე. რას ნიშნავს პრომეთეს კომპლექსი?  იყო ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, კიდევ რაღაცის და მერე რკინის პერიოდი.  ადამიანები ნელ-ნელა სულ უფრო მოკვდავები, აგრესიულები და დამძიმებულები ხდებოდნენ. ცეცხლთან ერთად პრომეთემ მათ ტექნიკური წინსვლა მოუტანათ, მაგრამ ამასვე მოჰყვა პანდორას ყუთი, ავადმყოფობებით, კატასტროფებით, გულგრილობით, ომით...
        ჩვენ, ზოგიერთს, უკვე გვიფიქრია ასფალტისა და ბეტონისაგან გაქცევა, რადგან პირველყოფილი ბუნება, მიწა, ხეები და ტბები მოგვნატრებია, ფეხით სიარული.
ზოგჯერ არის, გამოვრთვ მუსიკას და სიჩუმეს ვუსმენ.
       იმ გოგომ, ყველას შესახებ რომ ყველა ინფორმაცია და ჭორი იცის და ლაპარაკს იწყებს სიტყვებით „შანსი არაა“ ან „ზუსტად ვიცი...“ დღეს თქვა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა არ შემიძლია, მბეზრდებაო. მე არაფერი მითქვამს. ზოგჯერ მგონია, ჩემზეც ისევე ეჩურჩულება მეორე გოგოს, როგორც სხვებზე.
      მან რამდენჯერმე დამინახა წიგნით.
      საშიშია, ნეტა?
  

4 comments:

  1. საშიშია... :D

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ასე ვეჭვობდი :)

      Delete
  2. აუ. რა რომანტიკული ადამიანის პოსტია, ღმერთო!
    "ქალს თმაზე ახალმოთიბული ბალახის სუნი ჰქონდეს და კაცს ხელებზე - ბუხარში დანთებული ცეცხლის" ....
    "ღიმილის მტვერი" და ბუნებასთან მოლაპარაკე ქალი - მარი გამახსენა შენმა ნაწერებმა .

    ReplyDelete
    Replies
    1. არ მეგონა, რომანტიული თუ ვიყავი ^^
      მადლობა

      Delete