Saturday 23 November 2013

კნუტ ჰამსუნი და კონსტანტინე გამსახურდია

კითხვა პირველი: რა საერთოა კნუტ ჰამსუნსა და კონსტანტინე გამსახურდიას შორის?
სტუდენტობისას, როდესაც ლექციებს შორის მცირე შესვენებებზე მდუღარე და ცხიმიანი ფენოვანი ლობიანით ვიწვავდით ენას, ყელსა და კუჭს, მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვიდექით, ვისხედით ან ბოლთას ვცემდით კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლის სიახლოვეს და სხვებისა არ ვიცი, მე კი ნამდვილად ვაკვირდებოდი ხოლმე მის ქედმაღლურ ჯდომას, მკაცრ სახეს, რაღაცნაირად ზემოდან რომ გვიყურებდა.
ჩემთვის, პირადად, კონსტანტინე კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ადამიანი დააცალკევო მწერლად და პიროვნებად. როდესაც იმაზე ვსაუბრობ ხოლმე, რომ მწერლის ბიოგრაფია და ცხოვრება ცალკე თემაა და მისი შემოქმედება - ცალკე, მაგალითად გამსახურდია მომყავს (ან მომყავდა). გეთნხმებით იმაში, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი გამოცდილებიდან, ცხოვრებიდან, სულიდან, გულიდან, ფიქრებიდან და ა.შ. ანუ საკუთარი თავიდან წერს. მეტიც, საკუთარი თავიდან კითხულობს და აღიქვამს წაკითხულს. მაგრამ, ვამბობ ხოლმე, წარმოდგენა არ გვაქვს ჰომეროსის ცხოვრებაზე, ასევე ბევრი სხვა ძველი ავტორის ცხოვრებაზე, არის უცნობი ავტორების ტექსტები და ისინი მაინც ახერხებენ სათქმელის ჩვენამდე მოტანას. იმის თქმა მინდა (და ვატყობ, რომ არ გამომდის), რომ ტექსტთან ერთი-ერთზე უნდა იურთიერთო, მწერლის ბიოგრაფიის, მისი კომენტარების, სხვების კრიტიკის ან გამოკვლევის წაკითხვის გარეშე და რასაც ცალკე აღებული  ტექსტი მოგიტანს და გაგაგებინებს, ისაა ღირებული. სხვა დანარჩენისათვის პუბლიცისტური წერილები არსებობს. ისეთი წერილები, მწერლების ტომეულების ბოლო ტომში რომ არის ხოლმე თავმოყრილი ან ერთი ტომით უსწრებს წინ პირად წერილებს.
სწორედ ისეთ წიგნზე ვამბობ, ხსენებული სტუდენტობისას რომ შევიძინე ბუკინისტებში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ან მიწისზედა პუნქტში: კონსტანტინე გამსახურდია, რვატომეულის მე-8 ტომი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1967 წელი.
თუმცა პუბლიცისტური წერილების გამო არ შემიძენია, როგორც მაგალითად ილიას და ვაჟას ტომეულების ტომები.
თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, მას მერე მგონი თაროზე იდო და დღეს რატომღაც მომინდა, სწორედ ეს წიგნი გადმომეღო. გამახსენდა, რომ მასში შედის „ლანდებთნ ლაციცი“, რომელიც რომელიღაც ჟანრის ერთ-ერთი იშვიათი წარმომადგენელია და მრავალი წელია უკვე ვაპირებ წაკითხვას, მაგრამ არც როდის დამიწყია. და როგორც მახსოვდა, აქვე უნდა ყოფილიყო „ფაუსტი“, ასე მახსოვდა, რომ მის გამო შევიძინე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ და „ღვთაებრივი კომედია“ ყოფილა. პუბლიცისტური წერილების სარჩევში კი აღმოვაჩინე „გვ. 134. კნუტ ჰამსუნი“. წერილი 1923 წლის 2 ივლისსაა დაწრილი, მიუნხენში“.

ვიდრე ამ წერილს მივუბრუნდებოდე, გამახსენდა, რომ ზემოთ რაღაცის თქმა მინდოდა, რაც გამომრჩა. როდესაც გამსახურდიას პიროვნებაზე ვლაპარაკობდი, იმის მოყოლას ვაპირებდი, რომ მის შესახებ არსებობს შვილის მოგონებები, რომ საშინლად მკაცრი და დაუნდობელი ადამიანი იყო. 37-ში კი, როდესაც ყველა ლიტერატორს მკაცრად გაუსწორდნენ, კონსტანტინეს არაფერი შეხებია და ეჭვი იყო, რომ ის „ჩამშვები“ იყო და ამით გადაირჩინა თავი. არც მახსოვს სად წავიკითხე, მაგრამ ისიც მახსენდება ხოლმე, რომ თვითმკვლელობამდე სულ ცოტა ხნით ადრე გალაკტიონი მოინახულა ან არც მოინახულა და ლეჩკომბინატში სხვა საქმეზე იყო. ფაქტია, ერთმანეთს გადაეყარნენ და მისმა ნათქვამმა თუ ნამოქმედარმა (მგონი, ხელი არ ჩამოართვა ან ზურგი შეაქცია), ისედაც მგრძნობიარე გალაკტიონზე ძალიან იმოქმედა... თუმცა ამ ყველაფრის მიღმა, ვაღიარებ, რომ ძალიან განათლებული და ძლიერი მთარგმნელ-მწერალია.
რაც შეეხება წერილს, კნუტ ჰამსუნზე, წავიკითხე და არ ვიცი, რა გრძნობა დამეუფლა. რამდენიმე მთავარ მომენტს გამოვყოფ:
რად მინდაო, მისი ბიოგრაფიის წაკითხვა, ან იმის ცოდნა, რომელ სოფელში დაიბადა, ან რას სწერდა პირად წერილებში მეგობრებს ჰამსუნი, - წერს კონსტანტინე, - მე ვკითხულობ მის რომანებს და ვიცი, ის თვითონაა თავის ყველა გმირში. მე ვიცნობ მას, მის ფიქრებს... ყველა მწერალი აირეკლება და აისახებაო თავის გმირებში. ყველა გმირში არის რაღაც დოზით, დადებითშიც და უარყოფითშიც.
მე ვიციო, - ამბობს გამსახურდია, - კნუტ ჰამსუნიც ასეთია, ევროპულ სენსაციებზე მეტად ის აინტერესებს, რატომ ყეფდა წინა ღამით მისი ძაღლი.
მერე ისეთი გატაცებით ლაპარაკობს ბუნების სიყვარულზე, მწვანე ბალახზე, მთებში გაჭრაზე, ყველა შემოქმედის სულიერ ტანჯვაზე, ისეთი მგრძნობიარეა მთელ ამ წერილში, თითქოს წვრილი თვალების და მკაცრად წვეტიანი ცხვირის ნაცვლად მრგვალთვალება და რბილნაკვთებიანი ბიჭი წერდა.
1923 წელი.
ნუთუ ცხოვრება გვცვლის ადამიანებს?
ეს ბოლო წინადადება დავწერე და გამეღიმა, გამახსენდა, კონსტანტინეს ეს წერილი, რომელიც ჰამსუნის სათუთ გრძნობებს ეძღვნება, მთავრდება მინაწერით:
„პ.ს. სამწუხაროა, რომ მიხრჭნილებაში გადამდგარი მოხუცი ჰამსუნი ფაშისტი კანიბალებისადმი სიმპათიით განიმსჭვალა.“          



No comments:

Post a Comment