Tuesday 22 October 2013

ასოციაციობანა




საიდან რას მოვიტან ხოლმე, გაიფიქრა და წერა დაიწყო. არა, იმ წამსვე არ დაუწყია, მაგრამ, ხომ დაიწყო.

ასოციაცია პირველი: ჯერ Pink Floyd გამახსენდა, მაგრამ მერე დავფიქრდი, პერსონაჟები ხომ წიგნში დამწყვდეულ სულებს ჰგვანან, ყოველ ჯერზე რომ თავიდან უნდა გაიარონ თავისი ცხოვრება, ყოველ ჯერზე ხელახლა და თან ვერაფერი შეცვალონ... როდესაც წიგნზე ვფიქრობ, ვხვდები, რას მიხსნიდნენ ოდესღაც, რომ მან ყველაფერი წინასწარ იცის, ოღონდ არა იმიტომ, რომ ის თვითონ გვაკეთებინებს ასე, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გავდივართ გზას, უბრალოდ მან იცის, რა წერია ბოლო გვერდზე და სხვ.


ასოციაცია მეორე: თუმცა ეს ასოციაცია დროში წინ უსწრებდა პირველს. პირობითად მას „ცხოვრებისეული იგავი“ ვუწოდე. პატარა მწერი, ქინქლასავით პატარა (შეიძლება ქინქლაა ასეთი, არ ვიცი) იმ საბუთებზე აძვრა, რომელზეც არაფერი ესაქმებოდა. ფრთხილად შევუბერე სული. ისე ჩაეჭიდა უამრავი ფეხით და გამჭირვალე ფრთებით ფურცელს, თითქოს ეშინოდა, უფსკრულში არ გადაჩეხილიყო. ხან ჰაერში ვაქნიე ფურცელი, ხან წკიპურტი ვკარი ახლო-მახლო, მისთვის რომ არაფერი მევნო და თან ფურცლისთვის მომეშორებინა. უფრო და უფრო მეტად ეჭიდებოდა. დავანებე თავი, დამავიწყდა კიდეც. მალევე, ჩვეულებისამებრ, ფურცლები კლავიატურის ქვეშ შევაცურე და ... "ცოცხალი თავით არ მოშორდა ფურცელს", - ვიფიქრე. საშინლად დამწყდა გული. და ვიფიქრე, რომ ზოგჯერ ჩვენც ასე ვართ, მთელი მონდომებით ვცდილობთ რაღაცას, ჯიუტად ვცდილობთ ნაბიჯის გადადგმას ან რაღაცას ვეჭიდებით, და ვერც ვხვდებით, რომ სხვაგვარად ჯობდა...


ასოციაცია მესამე:  ჩემდა უნებურად აღმოჩნდა, რომ ასოციაციები ქრონოლოგიურად უკუსვლით დავალაგე. იმდღეს ვიჯექი და ვფიქრობდი (ვიღაცის პოსტი მომეწონა ბლოგზე, ვიღაცის ფოტო და ა.შ.), რა ქნას ochobooks-მა, რომ მე ვყავარ, მხოლოდ ჩემი განათლებით, გაქანებით, რაც ვარ და როგორიც ვარ და ვერ ვარ საკუთარ თავზე მეტი. უამრავი წასაკითხი წიგნით, მოსაპოვებელი ინფორმაციით...


ასოციაცია მეოთხე: წავიდა. დაიკარგა. გაქცევაო. თავის მოკვლაო. სასტიკი სამყარო. მისი თანატოლების ნათქვამი „უკვე სამჯერ ვცადე თავის მოკვლა“... 
თავის მოკვლაზე არასოდეს მიფიქრია. როდესაც სამყაროში არსებულ უსამართლობაზე ვფიქრობდი, მოღუშულ სახეებზე, მუქ ტანსაცმელზე, ნაცრისფერ ქუჩებზე, შეცვლა მინდოდა. ბრძოლა და შეცვლა. ალბათ რაღაც იდეებიც მქონდა. მახსოვს, ერთი პერიოდი ასეც ვიქცეოდი, ქუჩაში სულ ღიმილით დავდიოდი, ხომ შეიძლება ვინმეს ესიამოვნოს გაღიმებული ადამიანის დანახვა და თუნდაც რამდენიმე წუთით უკეთეს ხასიათზე იყოს-მეთქი.
მერე ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ თუ არ მეღიმება, აღარ ვიღიმი.
აღარც გმირულ საქციელებზე ვფიქრობ.
გაქცევაზე ვფიქრობდი ხოლმე, უკაცრიელ ადგილას. ოღონდ საყვარელი ადამიანის თან წაყვანაზე ფიქრი არ მავიწყდებოდა.
მაპატიეთ, რომ ეგოისტი გავხდი.
ილიაზე ვფიქრობდი წუხელ. როგორც წმინდანზე, საზოგადო მოღვაწეზე, მწერალზე ან რამე ასეთ პათეტიკურზე კი არა, როგორც ადამიანზე. ახალგაზრდობაში მასაც უნდოდა გმირული საქციელი, რაღაცის შეცვლა და არც გადაუხვია გზას. სხვა დროს შემშურდებოდა. ახლა ვამბობ, ყოჩაღ.
მერე ვიფიქრე, სხვა თუ არაფერი, იმას მაინც ვცდილობ, არავის არაფერი ვავნო. და გამახსენდა საცოდავი, კეთილი, გულუბრიყვილო ლუარსაბი უფერული ცხოვრებით (ოდესმე თუ ლუარსაბზე ვიფიქრებდი, რას წარმოვიდგენდი. დავბერდი?).

ალბათ ამიტომ არის, საღამოობით რომ ვფიქრობ ხოლმე, ხვალ მაინც გავაკეთო რამე სასარგებლო და თუ გავიხსენე, რომ დღის მანძილზე ვიღაცას გავუღიმე ან საათი მაინც ვუთხარი, თავს ვიმშვიდებ, არც ისე უსარგებლოდ გავატარე დღე. ოღონდ ამაში სხვებს ვგულისხმობ.
მაპატიეთ, თქვენ, ვისაც ჩემი დახმარება გჭირდებოდათ, მოსმენა, კეთილი სიტყვა, რჩევა, დახმარების ხელი ან გონს მოყვანა. მაპატიეთ, რომ ეგოისტი გავხდი.

No comments:

Post a Comment