Tuesday 25 March 2014

მაკულატურა ხეების დასარგავად ანუ რა მოხდა 23 მარტს

დილით, სამსახურში რომ მოვდიოდი, ახალმოთიბული ბალახის სუნი იდგა.
გუშინაც, დღესაც...
მომინდა პირდაპირ გაზონზე გავწოლილიყავი, თვალები დამეხუჭა და ღრმად მესუნთქა.
როგორი სუნი აქვს ბალახს?
ლაღი, გრილი, ღია მწვანე ფერის სუნი აქვს. ფეხით სიარულის, მინდორში ჯდომის, ბავშვობაში სოფელში გატარებული დღეების, ქალაქიდან შორს გასვლის და მდინარის ან პირას შეჩერების, ტყიდან ჩიტების ხმის და თავისუფლად სუნთქვის სუნი აქვს.
მოგონებებს შეიძლება ჰქონდეს სუნი, სუნს - ფერი და ტემპერატურა.
პარსვის შემდგომი ლოსიონის და თბილი პურის სუნი ერთად მაგონებს მყუდრო ოჯახურ დილას, ან ჩემი წარსულიდან, სადაც შვილი ვარ, ან ჩემი მომავლიდან, სადაც მშობელი ვარ (მოგონებები შეიძლება მომავლიდანაც იყოს. ამაზეც დავწერ სხვა დროს).
ასე რატომ დავიწყე, არ ვიცი, მაგრამ სხვანაირად რატომ ან როგორ უნდა დამეწყო, ისიც არ ვიცი.
ის, კი რაზეც საუბარს ვაპირებ, ბავშვობიდან დაიწყო, უფრო კი ოცნებიდან.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი უცნაური ოჩოპინტრე. უცნაური იყო მანამდეც, ვიდრე ოჩოპინტრე გახდებოდა. სულ პატარობაში ნატვრის თვლების და ჯადოსნური ჯოხების იმედი ჰქონდა, მერე მათ გარეშე განაგრძო ოცნება.
იმდენ ხანს და ისე ჯიუტად უნდა იოცნებო, ვიდრე არ აგიხდებაო, - ამბობდა ხოლმე.
ეს ადრე იყო.
(ლაპარაკი სულ გრძელი და შემოვლითი გზებით რომ იცის, ეგეც ვერაა ჩვეულებრივი ამბავი).
ერთ დღეს თითქმის დაუფიქრებლად ხმამაღლა გამოთქვა სურვილი, მოდით, ვისაც რა მაკულატურა გვაქვს, კი ნუ გადავყრით, ერთად შევაგროვოთო (ალბათ იმ მეფის ამბავი გაახსენდა, ოცდაათი ვაჟიშვილი რომ ჰყავდა და ისრები კონა შეაკვრევინა) და რა თანხაც მოგროვდება, იმით ხეები დავრგათო. 

პირველი სიხარული ის იყო, რომ თურმე რამდენ ადამიანს ჰქონია გულში ასეთი სურვილი, რამდენს მოეწონა და გაეხარდა ეს ამბავი (ის კადრი გაახსენდა ოჩოპინტრეს, უამრავი ადამიანი რომ დგას, გული რომ გამალებით უცემთ, ყურები უგუგუნებთ, მაგრამ ხმის ამოღებას პირველი ვერ თაობს თითქოს ვერც ერთი და საკმარისია, ერთმა ამოიღოს ხმა, გამბედაობა ემატებათ, თითქოს ბორკილები მოხსნეს და დიდი ტალღასავით აგორდება ყველა ერთად...)
უხაროდა ოჩოპინტრეს, რომ ამდენი ადმიანი გამოჩნდა, ვინც თურმე დიდი ხანია აგროვებდა მაკულატურას, ვინც არ დაიზარა და სპეციალურად ამ დღისთვის გადმოალაგა თაროები, დაალაგა სარდაფები, შეაწუხა მეზობელ-ახლობლები და მოძებნა და მოაგროვა ყველაფერი, რისი მოტანაც შეიძლებოდა.
ამდენი ადამიანის წინაშე ჰქონდა პასუხისმგებლობა და ოჩოპინტრეც ხან სად რეკავდა, ხან ვის ეკითხებოდა, თვითონ თუ მოხვალთო, რას არ იბარებთო, სასწორი თუ გაქვთო... მაკულატურის მიმღები პუნქტების წარმომადგენლებიც ზარმაცად პასუხობდნენ, ისაო, ესაო... ოჩოპინტრე იმედს არ კარგავდა. ზუსტად რამდენი შეგროვდებოდა, არ იცოდა, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ ადამიანები მოვიდოდნენ და ბევრს მოიტანდნენ...

ამბავი მოუტანეს, როგორ დაითანხმა შვილიშვილმა ბებია, ძველი წიგნები, სახელმძღვანელოები, რომლითაც ოდესღაც ბებია სწავლობდა ან ასწავლიდა, ხეების ნერგების შესაძენად ჩაებარებინათ. ხომ იცი, ის მოთხრობაო, ამ მსხლის ნაყოფს მე კი ვეღარ მოვესწრები, მაგრამ სხვები გაიხარებენო, - უთხრა. კარგიო, ბებიამ და წლობით შენახული ჟურნალ-გაზეთებიც გამოატანა.
(ოჩოპინტრეს თავისი ბებია გაახსენდა, რომელმაც ბევრი ხე დარგო სოფელში, იქ, სადაც ერთად ჩადიოდნენ ხოლმე ზაფხულობით და სადაც ბებიას სიკვდილის მერე აღარ ყოფილა. ვინ იცის, რა ბედი ეწიათ იმ ხეებს, შვილიშვილებისთვის დარგულ ხეებს...)
23 მარტი დათქმულ დროს მოვიდა. დათქმულ ადგილას და დათქმულ დროს მოვიდა ხალხიც. მოდიოდნენ ოჯახებით, პატარა შვილებით, მეგობრებით, თანამშრომლებით, სტუდენტებით, მოდიოდნენ მანქანებით, ველოსიპედებით, ფეხით... მოვიდა იმაზე ნაკლები ადამიანი, ვიდრე ველოდით, მაგრამ მოიტანეს იმაზე მეტი მაკულატურა, ვიდრე ველოდით. 927 კილოგრამი გამოვიდა აწონილ-დათვლილი (ტონას ცოტაღა დააკლდა).
მიმღებმა პუნქტმა რომ გაიგო აქციის მიზანი, აღარც წიგნების ყდების წონა გამოაკლო და დაგვპირდა კიდეც, თუ მომავალშიც გააგრძელებთ, უკეთეს ფასად ჩავიბარებთო (ახლა კილოგრამში 15 თეთრი გადაგვიხადეს, ანუ ჯამში 140 ლარი გამოვიდა). პარტიზან მებაღეებს დავუკავშირდით და შაბათისთვის იგეგმება ნერგების შეძენა-დარგვის აქცია (დეტალებს გამოვაქვეყნებთ, როგორც კი მებაღეები დაზუსტებით გვეტყვიან) და ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ მონაწილეობის მიღება ხეების დარგვაში.
რომ არ მეშინოდეს, ვინმე გამომრჩება-მეთქი, სათითაოდ ჩამოვწერდი და მადლობას გეტყოდით ყველას, ვინც მოდიოდით დიდი თუ პატარა შეკვრებით, მარტო თუ სხვებთან ერთად, ვინც აკეთებდით რამდენიმე გზას, ვინც ატყობინებდით და აგებინებდით ნაცნობებს, ვინც მოიყვანეთ ბავშვები... 

მადლობა გიორგის, ოჩოპინტრეს ახალ მეგობარს, რომელიც ბოლომდე ჩვენთან ერთად იდგა და გეხმარებოდათ თითოეულ თქვენგანს ტვირთის გადმოზიდვაში, დაგვეხმარა აწონვაში, მიმღები პუნქტის სატვირთოს დატვირთვაში და წონების დაჯამებაში.
მადლობა ჟურნალისტებს ყურადღებისთვის, დაინტერესებისთვის (სხვათაშორის, ხელცარიელები არ მოსულან).
მადლობა თქვენ, ვინც უბრალოდ ინფორმაციის გავრცელებაში გვეხმარებოდით.
ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა მოსვლა ვერ მოახერხეთ ან ვერ მოასწარით. მაგრამ აქცია განმეორდება.
და ჩვენ, ანუ თქვენ და ოჩოპინტრე, მეტნი ვიქნებით, იმიტომ, რომ მანამდე კიდევ უფრო მეტ ახლობელს ვეტყვით, რომ დღეიდანვე დაიწყოს მაკულატურის შეგროვება (სახლში თუ სამსახურში), გავაგებინებთ ჩვენს სამსახურებს (რამდენიმე სამსახური უკვე შემოგვიერთდა პირველ აქციაზე), სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს (რამდენიმე სასწავლებელმა 23 მარტს უკვე მოიტანა ნაწილი)... 

დღეიდანვე დავიწყებთ გროვებას და დაველოდებით კოდურ შეტყობინებას (ოჩოპინტრეს ის ფილმი გაახსენდა, ერთი აგენტი რომ ამბობს, ყოფილი აგენტები არ არსებობენ, ჩვენ მივდივართ სახლში და მითითებულ რადიოსიხშირეზე, რადგან რადიო ტალღები ყველაზე უსაფრთხო გზაა დაშიფრული ინფორმაციის გადასაცემად, ველოდებით კოდურ შეტყობინებას, რომლის მოსმენისთანავე ვიცით, რომ დროა).
წინ კიდევ ბევრი, ბევრი კარგი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ერთად.

პ.ს. შეიძლებოდა იმაზე ლაპარაკიც, რომ ოჩოპინტრეს არავითარი პირადი დაინტერესება არ აქვს ამ ამბავში, უბრალოდ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და ადამიანი აკეთებს ამ ყველაფერს. მაგრამ არ მგონია, ამის აღნიშვნის საჭიროება არსებობდეს.   

      


No comments:

Post a Comment