Saturday 3 October 2015

რატომ არის შერლოკ ჰოლმსი განსხვავებული და რითი ჰგავს თარგმნა სექსს

დიდი ხანია, ვაპირებდი და გპირდებოდით ამ პოსტის დაწერას, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. შეიძლება თბილი ამინდების ბრალიცაა, ჯერ კიდევ ზაფხული მგონია და შესაბამისად მოშვებულ და ზარმაც განწყობაზე ვარ.
დღეს რამ მიბიძგა, არ ვიცი. ალბათ, სხვა საქმეების გაკეთება უფრო მეტად დამეზარა და თავი პოსტის წერას შემოვაფარე.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ ორი ენა ერთმანეთზე ვერ დაიყვანება, რაც უნდა ეცადო. ყველა ენას თავისი მელოდია აქვს. სმენა კი ისეთი რამეა, შინაარსის გარდა, ჟღერადობაც იწვევს გარკვეულ ემოციას და ქმნის შესაბამის შთაბეჭდილებას და განწყობას. 
თითოეულ ენაში არსებული სიტყვები გარკვეულ ჯგუფებად იყოფა. ძირითადი სიტყვები არის ის, რომელიც ყველა ენაშია, საბაზისოა და არის: დედა, მამა, მშია, მწყურია და ა.შ. 
ანუ ის სიტყვები, რომელსაც უცხო ენის სწავლისას პირველ რიგში გასწავლიან.
ეს სიტყვებიც ყველა ენაში განსხვავდება ჟღერადობითაც და სემანტიკური ველებითაც. ანუ, პირველადი მნიშვნელობის გარდა სად გამოიყენება, რომელი სიტყვების შექმნაში მონაწილეობს და ასე და ამგვარად. "დედამიწა"-ში ქართული ენა სიტყვა "დედა"-ს იყენებს. ჩემთვის ცნობილ სხვა ენებში ამ პლანეტის სახელში დედა არსადაა ნახსენები.
უფრო თვალსაჩინო მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მისალმება ვნახოთ. ქართველები მისალმებისას გამარჯვებას ვუსურვებთ, რუსულად და ბერძნულად, მაგალითად, ჯანმრთელობას უსურვებენ. 
სექსუალური აქტის აღმნიშვნელ სიტყვებში, ჩემთვის ცნობილ ყველა ენაში ორი ინდივიდის თანაბარი მონაწილეობა ჩანს, ორივე სუბიექტია და ერთად  მოქმედებენ. ქართულ ენაში კი შესაბამის ზმნებში მამაკაცი სუბიექტია და ქალის მიმართ ახორციელებს გარკვეულ ქმედებას, ქალი ობიექტის, დამატების სახითაა წარმოდგენილი. ზმნას შეეწყობა პირები: მან მას.  
ამგვარად, ენა არა მხოლოდ გარეგნულად, ჟღერადობით განსხვავდება სხვა ენებისგან, არამედ გაცილებით ღრმა დონეზე და რაც არ უნდა ზუსტი იყოს თარგმანი, რაღაც მაინც განსხვავებულია ორიგინალისგან. 
მითუმეტეს, როდესაც საქმე მხატვრულ ნაწარმოებს ეხება, სადაც უამრავი იდიომი, სიტყვათშეთანხმება, ერისათვის დამახასიათებელი გამოთქმაა. ამას გარდა კი ავტორები სიტყვებით თამაშობენ, სინონიმების, მსგავსი ჟღერადობის მქონე სიტყვების თამაში, რაც თარგმანში მინიმუმ სქოლიოში უნდა ახსნა, ამა და ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს, ისეც შეიძლება გაიგო და ასეცო და სხვ. 

ამას გარდა, თითოეულ ადამიანს გვაქვს საუბრის ჩვენი საკუთარი დამახასიათებელი მანერა, ჟღერადობა, მელოდია, სინონიმების შერჩევის საკუთარი მეთოდი (ხშირად ქვეცნობიერი და გაუაზრებელი). ქართულ ენაში კი, სადაც წინადადებაში სიტყვათა თანმიმდევრობა საკმაოზე მეტად თავისუფალია, კიდევ უფრო გამოკვეთილი ხდება ეს თავისებურებები. 

უძველესი ტექსტების კვლევისას, როგორიცაა, მაგალითად ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეა" ან არც ასეთი ძველი, მაგრამ არც თუ ახალი, მაგალითად, რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", გარკვეული დონეზე მკვლევარები სტატისტიკის მეთოდსაც იყენებენ, ანუ ადგენენ ავტორისათვის დამახასიათებელ წერის/მეტყველების მანერას, ხშირად გამოყენებულ სიტყვებს და ა.შ. და საეჭვო მონაკვეთებს ამ თარგთან შედარებით ამოწმებენ, იმისათვის, რომ დარწმუნდნენ, ესა თუ ის მონაკვეთი მართლა ავტორისეული, პირველადი ტექსტია თუ შემდეგდროინდელი და გადაწერისას ინტერპოლატორების მიერ ჩართული. 

ახლა წარმოიდგინეთ, ორი ასეთი ინდივიდუალური მანერის მქონე და თანაც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანის თანამშრომლობა. ვგულისხმობ ავტორს და მთარგმნელს. 
ეს კავშირი სექსს ჰგავს, ოღონდ კონკრეტული, რეპროდუქციული მიზნით. ნაყოფი უკვე თარგმნილი წიგნია, რომელიც დედასაც ჰგავს და მამასაც და მაინც ინდივიდუალურია და თავისთავადი. ამ კავშირისას დედის როლში მთარგმნელი გამოდის, რომელმაც ახალი არსება უნდა შვას, მიუხედავად იმისა, რა სქესისაა მთარგმნელი. 
აქვე უნდა გავითვალისწინოთ რედაქტორის მნიშვნელოვანი როლი, რომლის ხელიც აუცილებლად ეტყობა უკვე მკითხველამდე მისულ წიგნს.
ალბათ რედაქტორს ძიძა-აღმზრდელის ფუნქცია აქვს ამ შეთხვევაში. 

ახლა კი მთავარი კითხვა: თუკი ერთი კონკრეტული ავტორის წიგნებს ვკითხულობთ მხოლოდ ერთი კონკრეტული მთარგმნელის მიერ თარგმნილს, ის, რაც ჩვენ მწერლის სტილად და ენად და დამახასიათებლად მიგვაჩნია, მწერლისაა თუ მთარგმნელის?

ქართველი მკითხველის თვალი და ყური წლების მანძილზე შეეჩვია ერთი მთარგმნელის მიერ თარგმნილ შერლოკ ჰოლმსს, რომელ მთარგმნელსაც დიდ პატივს ვცემ გაწეული შრომისთვის და ძალიან მადლობელი ვარ, რადგან მე თვითონაც ამ თარგმანებით გავიცანი და შევიყვარე ბეიკერსტრიტელი დეტექტივი. 
ახალი თარგმანი ყველა შემთხვევაში განსხვავებული იქნებოდა მკითხველისთვის.

თუმცა, უცნაური ის არის, რომ ოჩომ პირველ წიგნად სწორედ შერლოკის ის თავგადასავალი არჩია, რომლის მიმართაც მკითხველებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. 
ინგლისურენოვან საიტებზე, ფორუმებში და ა.შ გადავხედე და უმეტესი კომენტარები ერთი სათაურის ქვეშ ერთიანდება "not enough Holmes"  - ჰოლმსი დაგვაკლდაო, წერდა ყველა. ორიგინალში, სერ არტურ კონან დოილის ტექსტში და არა თარგმანში. 
მეორენი აღნიშნავენ, რომ სიუჟეტურად საუკეთესო და დინამიური ისტორიაა.

როგორც არაერთხელ ვთქვით და აღვნიშნეთ, საბჭოთაკავშირულ გამოცემებში "შიშის ველი" არ იყო შესული. მიზეზი თანამედროვე რუსული თარგმანის შესავალში რამდენიმე იყო აღნიშნული, ერთი ის, რომ პროფკავშირებს ცუდად წარმოაჩენდაო, მეორე, მასონებზე საუბარი არ შეიძლებოდაო, მესამე ის, რომ კრებულების რედაქტორები და მკითხველები არ იღებდნენ ამ წიგნს იმის გამო, რომ მასში შერლოკზე უფრო ბრწყინვალე სხვა გმირია და ამის გამო წიგნმა პოპულარობა ვერ მოიპოვაო.
და მართლაც, აქ შეხვდებით კაცს, რომელიც ჰოლმსს მიმართავს, თქვენისთანა ბრწყინვალე გონების პატრონიც კი მოტყუვდა ჩემი ხრიკითო. 
ამას გარდა, ჰოლმსი დასაწყისში და ბოლოში ჩანს, წიგნის მთელი ერთი ნახევარი კი სხვა ამბავს ეთმობა.
საბოლოოდ კი, ისე ჩანს, რომ ჰოლმსის ჩარევამ სასიკეთო შედეგი არ მოიტანა. 

რატომ?
მიზეზების შესახებაც მრავალი ვარაუდი წავიკითხე და ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ალბათ ისაა, რომ დოილს კიდევ ერთხელ ჰქონდა სურვილი, თავისი გმირისგან გათავისუფლებულიყო.
როგორც გახსოვთ, ერთხელ მოკლა და იფიქრა, გავთავისუფლდიო, მაგრამ, როგორც ამბობენ მკითხველების, გამომცემლების და სერ არტურ კონან დოილის დედის დაჟინებით, ჰოლმსი გაცოცხლდა და დიდხანს იმოღვაწევა.

ჩემთვის (და ალბათ არა მხოლოდ ჩემთვის) შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი პირველი დეტექტიური სერიალია (წიგნის სახით ვგულისხმობ, ფილმად არ მინახავს). ისეთივე სტილით ვითარდება, როგორც ის თანამედროვე სატელევიზიო დეტექტიური სერიალები, მე რომ მომწონს: მთავარი გმირის ერთი ისტორია გასდევს ლაიტმოტივად, რომელიც შიგადაშიგ ზოგიერთ სერიაში უფრო გაშლილად არის ნაჩვენები, დანარჩენი საქმეები კი ერთ სერიაში იწყება და იქვე მთავრდება, ჰა და ჰა, ზოგჯერ ორ სერიაზე გადანაწილდეს. 

ასეთივე ამბავი იყო ჰოლმსის თავგადასავლებში. 
დოილი წერდა სხვადასხვა ამბებს და პარალელურად გამოსცემდა ჟურნალ-გაზეთებში სერიებივით.
დაწერის თარიღები არ ემთხვევა სიუჟეტის განვითარების პერიოდს და ზოგი უფრო ადრინდელ ამბავს ჰყვება, ზოგი უფრო შემდეგდროინდელს. ასე რომ, დაწერის თარიღების მიხედვით თუ დავალაგებთ, თანმიმდევრულ ისტორიას ნამდვილად ვერ მივიღებთ.
ალბათ ამის გამოც არის, რომ დოილს გარკვეული დეტალები არეული აქვს, რომელსაც არაერთხელ აღნიშნავენ ხოლმე. 
რა გასაკვირია, რომ ასე იყოს, როდესაც ამდენი წლის მანძილზე წერ, ყველა დეტალს რა დაგამახსოვრებინებს.

"შიშის ველი" ისე სრულდება, რომ გინდა თუ არ გინდა, გაგრძელებას ელოდები. 
ეს წიგნიც ჰოლმსისა და მორიარტის ამბავს ეხება.

გადავხედე, მოვძებნე, დალაგება ვცადე და ასე გამოვიდა: ჰოლმსის და მორიარტის ამბავი შვიდ ტექსტში ნაწილდება. დაწერის თარიღების მიხედვით ასე ლაგდება: 1893, 1903, 1903, 1904, 1914-15 (შიშის ველი), 1917 და 1924. 
სიუჟეტური თანმიმდევრობა გაცილებით რთული დასალაგებელია. მაგრამ ოჩოპინტრე ამასაც მიხედავს და ქართულად თარგმნილ-გაწიკწიკებულს, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის ჩაგაბარებთ.    


No comments:

Post a Comment