Thursday 24 December 2015

სალამი! თუ ამას კითხულობ, ნიშნავს, რომ...

სალამი! თუ ამას კითხულობ, ნიშნავს, რომ ჯერ არც ატომური ომის მსხვერპლი გამხდარხარ, არც მეორედ მოსვლას მოუსწრია, რაც მთავარია, ჯერ კიდევ არსებობს ჰაერში ჟანგბადი, ყოველ შემთხვევაში იმდენი მაინც, რომ შეგიძლია თავს მენტალური აქტივობის ფუფუნების უფლება მისცე.
(საშიშროებების შესახებ სათაურის წაკითხვაც საკმარისია აქ).

მაინც რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის?
იქნებ იმიტომ, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა არის. ან მერე რა იქნება, თუ საერთოდ რამე იქნა. ზოგს რეინკარნაციის სჯერა, ზოგს მარადიული სიცოცხლის, სხვადასხვა ფორმით და ვარიაციით, ზოგს კი არც რელიგიის სწამს, არც ჯადოსნობის და ისიც ხომ კარგად იციან, აქ და ამ ფორმით მაქსიმუმ 100 წელიწადი იცხოვრო და იცოცხლო ადამიანმა, ისიც იშვიათ შემთხვევაში.

მეორე (ან იქნებ პირველი) საკითხი ისაა, ამ მცირე დროში რა უნდა ვაკეთოთ? რა არის ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლის მისია, მოწოდება, მიზანი, გამართლება... რაღაც მიზეზი ხომ ჰქონდა ჩვენს დაბადებას?

ამაზე თითოეულ ადამიანს უფიქრია ალბათ, გარდატეხის ასაკში და მოხუცებულობისას მაინც.

შეიძლება დაფიქრდე და გაიხსენო, პირველად როდის გაიგე სიკვდილის არსებობის შესახებ. შეიძლება ისიც გაიხსენო, პირველად როდის შეგეშინდა ან როდის დაფიქრდი ან როდის მიხვდი, რომ შენც ასეთი ბედი გელის, სადაც არ უნდა გაიქცე, რაც უნდა აკეთო, ბოლო მაინც სიკვდილია.

კაცობრიობა ვითარდება, ტექნიკური პროგრესი, ჯანმრთელობის შენარჩუნების, სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ცდები, მცდელობები.
ფილმებიც ხომ გვინახავს, ტექნოლოგიები ისე რომ დაიხვეწება შორეულ მომავალში, ადამიანი უკვდავი იქნება, მუდმივი კლონირება და სხვა ამბები.

ძველ ზღაპრებში უკვდავების წყალი და ადუღებულ რძეში ბანაობა? ფარაონების სარკოფაგებში ძრომიალი? შელოცვები და ჯადოსნური ნივთები?

მაინც როდის დაიწყო კაცობრიობამ ამაზე ფიქრი?

ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ძველისძველ მხატვრულ ნაწარმოებში, აი იმაში, თიხის ფირფიტებზე ლურსმულად რომ წერდნენ, იმაზე უფრო ადრინდელი წიგნი რომ აღმოჩენილი არ გვაქვს და მსოფლიოს ყველაზე ძველ და პირველ ნაწარმოებად ვაღიარებთ, ადამიანი სიკვდილის შიშზე, სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე და ცხოვრების არსის და აზრის პოვნაზე გვიყვება და მსჯელობს.

ოდესღაც ვიღაცამ თქვა, ალბათ ბევრი რამე იწერებოდა, მაგრამ უძველესი დროიდან ის გადარჩა და შემორჩა და იმან მოაღწია ჩვენამდე, რაც ფასეული იყო, გავრცელებულიც, პოპულარულიც და ა.შ. ანუ ეს საკითხები, რაც ამ ნაწარმოებშია, მხოლოდ ავტორისთვის კი არა, იმ დროის საზოგადოებისთვის იყო აქტუალური.

დიახ, გილგამეშის ეპოსზე ვლაპარაკობ.

ბევრჯერ მითქვამს, ტექსტში ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მკითხველი უშუალო და პირდაპირი ურთიერთობისას იპოვის და აღმოაჩენს-მეთქი. მკითხველისთვის, ყოველ შემთხვევაში, ასეა.

ხოდა ამიტომაც, მიუხედავად იმისა, სად რა გარჩევა და მეცნიერული კრიტიკა წავიკითხე, მაინც ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, რაც მე აღმოვაჩინე და სიხარულის განცდაც მაქვს, რომ ამდენი კვლევების მიღმა, მაინც საჩემო აღმოსაჩენი იყო რაღაც.
დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი სათავისოს აღმოაჩენს.

ჯერ იყო და მხატვრულ ფორმას მივაქციე ყურადღება. წრიული და პარალელური განლაგება, ენქიდუ ველურიდან ქალაქელი, ცივილიზებული კაცი ხდება და მისი სიკვდილის შემდეგ გილგამეში, ქალაქელი, ცივილიზებული კაცი ველურდება.

მერე იყო და ეს შვიდი დღის და ექვსი ღამის თუ შვიდი ღამის და ექვსი დღის მონაცვლეობები.

ზუსტად ამდენ ხანს გრძელდებოდა ენქიდუს პირველი სექსუალური კავშირი ქალთან (ამ კავშირის შემდეგ ენქიდუს ველური ცხოვრება დასრულდა).
სწორედ ამდენივე ხანს დასტიროდა გილგამეში ენქიდუს, როდესაც მისი ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდა.
7+6 ხომ ცამეტია და ენქიდუ რომ მეცამეტე დღეს მოკვდა, ვითომ უბრალო დამთხვევაა?

უკვდავების საძებნელად წასულ გილგამეშს გამოცდას უწყობენ, ექვსი დღე და შვიდი ღამე იფხიზლეო, მას კი იმწამსვე დაეძინება და ექვსი ღამე იძინებს, მეშვიდე დღეს აღვიძებენ.

თქვენ შეგიძლიათ, უფრო ღრმა და საკრალური ამოხსნა და ახსნა მოარგოთ ამ ყველაფერს.

მე ღიად დავტოვე ის საკითხიც, ვინ იყო ენლილი და რატომ უნდოდა ადამიანთა გაჟლეტა წარღვნის მოწყობით? მე როგორი შთაბეჭდილებაც დამრჩა, წარღვნა მას სურდა.

სხვებს იმის აღმოჩენა, კვლევა და შედარებაც შეუძლიათ, არის თუ არა დათარიღებული ბიბლიური წარღვნა? ან დევკალიონისა და პირას წარღვნა? ან გილგამეშიანში აღწერილი წარღვნა? რა მიმართბებებია მათ შორის და სხვ.


ზომბი აპოკალიფსის აღწერა რომ ვიპოვე, ამაზე მგონი, წინა პოსტში ვწერდი (წინა პოსტი).

თანამედროვე მკითხველის და ყოველგვარი მითოლოგიური, საერთოფოლკლორული და სხვა მოტივებისგან დაცლილი მიდგომით აი, რისი დანახვა შეიძლება: იყო ერთი დიდგულა ბიჭი (ან კაცი), გილგამეში. ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ჩვენი ამირანისა და ბერძნების პრომეთესი არ იყოს, არც ღმერთებს ეპუებოდა და არც ადამიანებს.
თავის ძმაკაცთან ერთად სახიფათო თავგადასავლების საძებნელად რომ მიდიოდა, ენქიდუს სულ ბეჭებზე უტყაპუნებდა ხელს, რაო, ძმაკაც, ხომ არ შეგეშინდა, სიკვდილი რა საფიქრებელიაო?
მაგრამ ერთ დღესაც ენქიდუ მოკვდა.
იტირა და იგლოვა გილგამეშმა.
სადღაც-სადღაც იმასაც მოვკარი თვალი გარჩევებში, მეგობრობაო, ისაო, ესაო.
ამირანის, ბადრის და უსუპის ამბავი ხომ გახსოვთ? ბალახი მიუს-მოუსვა და გააცოცხლაო?
ქართულ ზღაპრებში რაც უკვდავების წყაროს წყალზე დარბის ხალხი ახლობლების გასაცოცხლებლად, მზის სათავესთან მისვლა და სხვის მაგივრად ბნელეთში ჩასვლები.
მსგავსი არაფერი უფიქრია, გულში არ გაუვლია გილგამეშს.
ისტერიკაში ჩავრდა.
ეს ის ბიჭი არ იყო, სიკვდილი რას დაგვაკლებს, თუ მოვკვდებით, სახელს დავტოვებთო რომ იძახდა?
ხოდა ახლა უცებ სიკვდილი ისე ახლოს მოვიდა, მისი მეგობარი, მისნაირი, მასთან ერთად მებრძოლი და მომლხენი კაცი მოკვდა.
განა ასე არ ვართ, ვინმეს სიკვდილს რომ გავიგებთ, ასაკით და გარემო-პირობებით ვეტოლებით და ვეზომებით, თითქოს ნიადაგს ვსინჯავთ, რამდენად შეიძლება, ჩვენს ასე დაგვემართოს.
ხოდა დაფეთდა. ყველგან სიკვდილი ელანდებოდა. ჯერ ველად გაიჭრა.
ლომები და ვეფხვები ხოცა, მე სიკვდილი დამყვება ფეხდაფეხ, თქვენ რა გიხარიათ, რას ტკბებით სიცოხლითო.
მერე ადგა და ისეთი გზა გაიარა, ადამიანს რომ ჯერ არა გაევლო.
მხოლოდ მზე რომ დადიოდა, იმ ბილიკებზე იარა, ადრენალინი და შიში მიერეკებოდა და არც დასვენება უნდოდა, ვერც რამე ან ვინმე აჩერებდა. მკვდრების მდინარეც გადაცურა. სინდბანდ მეზღვაური და ოდისეა გაგახსენდება კაცს.
მოკლედ, შეუძლებელი შეძლო და არა მეგობრისთვის. არა, ბატონო. მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი შიშის გამო, გარბოდა, მიშველეთ, სიკვდილი მომსდევს და მასწავლეთ, თავი როგორ დავაღწიოო.

კიდევ ბევრ რამეზე შეიძლება ლაპარაკი.
მაგალითად, როგორაა აღწერილი სექსუალური სცენა. მოვიდა ქალი და შვიდი ღამე და ექვსი დღე თუ პირიქით ისეთ ამბავში ჰყავდა ენქიდუ, ფეხზე რომ სცადა კაცმა ადგომა, მუხლებში ძალა აღარ ჰქონდა, რომ იტყვიან, ფეხზე ვეღარ იდგა. ქალიც ეგ ყოფილა.

რა თქმა უნდა, საინტერესო და სადავო საკითხია, რა დაასკვნა და აღმოაჩინა ბოლოს და ბოლოს გილგამეშმა? აშენებული გალავანი ტოვებს მის სახელს და ასე აგრძელებს ცხოვრებას?
წიგნად წერს საკუთარ თავგადასავალს და წიგნის დაწერით იძენს უკვდავებას?
უბრალოდ ბედს ემორჩილება და იგებს, რომ "ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი"?
იქნებ იმ ქალღმერთის თუ გრძნეულის რჩევას იჯერებს, რომ უთხრა, წადი, მეგობარო, ცოლი შეირთე, შვილები გააჩინეო. იქნებ მემკვიდრეების ყოლა და თაობიდან თაობაში შენი სისხლის გადაცემაა უკვდავება?

მე კიდევ ის საკითხი მაფიქრებს, მკვდართა მდინარეზე რომ მეტივე იყო, ქარონის მსგავსი  კაცი, გული რომ აუჩუყდა გილგამეშის თხოვნაზე და სამსახური რომ დაკარგა მის გამო, მერე ურუქში რომ გამოჰყვა და მათი მგზავრობაც ისეთივე სიტყვებითაა აღწერილი, როგორც ენქიდუს და გილგამეშის მგზავრობები, ანუ ახალი მეგობარი იპოვა?
იქნებ ამაშია რაღაც აზრი?


ოჩოპინტრეს გამოცემულ გილგამეშიანში რომ ილუსტრაციებიცაა, ხომ იცით?
წიგნის ბოლოს ვრცელი და საინტერესო განმარტებები, ახსნები, შემავსებელი ინფორმაციებია დართული.
დამატებითი გარჩევებისთვის ინტერნეტს შეგიძლიათ მიმართოთ და ლევან ბერძენიშვილის ლექცია მოისმინოთ, კონსტანტინე გამსახურდიას ლექცია წაიკითხოთ ვეფხისტყაოსანზე, სადაც ამირანთან და გილგამეშთანაც არის გავლებული პარალელები, აგრეთვე იხილოთ მიხაკო წერეთლის, გილგამეშიანის პირველი ქართული თარგმანის ავტორის საინტერესო კომენტარები, აგრეთვე მოიძიოთ გილგამეშიანის პარალელები ბიბლიასთან, ჰომეროსის ეპოსთან, ქართულ ეპოსთან და ა.შ.
წიგნი კი წიგნების მაღაზიებში შეგიძლიათ იკითხოთ. ადვილად იცნობთ, აი, ასე გამოიყურება  






No comments:

Post a Comment