Saturday 27 June 2015

ფობიოგრაფია "შიშის ველი"

მთარგმნელის დღიური
შიშის ველი


# # #
მშიშარა ვარ.
დღიური წინა ცხოვრების მერე აღარ მიწერია.
ახლა ამ ყველაფრის დაწერა და გამომზეურებაც მეშინია.


# # #
ადამიანების მეშინია.
იმ უსასრულო და ღრმა, ჩახლართული ემოციების, რაც ზედაპირზე არ ჩანს.

მიკვირს, როგორ შეუძლიათ ადამიანებს, იყვნენ ასეთი აგრესიულები, რატომ უნდა სურდეთ, ვინმეს ატკინონ, სიტყვით, ფიზიკურად, თუნდაც გამოხედვით ან ზემოდან ქვემოთ ყურებით.
მეშინია, იქნებ არ ვიცი და სადღაც სიღრმეში მეც მათნაირი ვარ.
ყველაზე მეტად კი იმის მეშინია, იმედი არ გავუცრუო მათ, ვინც მენდობიან.
მეუბნებოდნენ, ამბიციური ხარო.
დავიჯერე და მოვიწყინე.
მერე აღმოვაჩინე, რასაც იგებდნენ არასწორად.
ამბიციური კი არა, მშიშარა ვარ. მეშინია, ვაითუ კარგად არ გავაკეთო რაღაც, რაც მომანდეს და მშვიდად არიან, რომ მე გავაკეთებ. ვცდილობ მაქსიმალურად.
მარტივად ვიჯერებ ყველა შენიშვნას.
ყველაზე ნაკლებად ვენდობი საკუთარ თავს.
თუ მეუბნებიან, რომ რაღაც ცუდად გავაკეთე ან არასწორად, არც ვედავები.
სულელი გოგო.
თუ მაქებენ, ვერ ვიჯერებ.
ისევ სულელი გოგო.
ვიცი, რომ არასოდეს შეიძლება დავკმაყოფილდე იმით, რაც გავაკეთე.
გამუდმებით უნდა ვეცადო, გავაუმჯობესო.
ცოტა დავიღალე.
მაგრამ გაჩერება სამუდამოდ ხელის ჩაქნევას ნიშნავს.
ჯერ ადრეა.


# # #
ოჩოპინტრემ შერლოკ ჰოლმსის თარგმანი მომანდო.
მეშინია.
კონან დოილის და აგათა კრისტის დეტექტივებზე გავიზარდე.
უცნაური შეგრძნებაა, რომ შევეხო.

# # #
ორიგინალი წავიკითხე და პირველი ის ვიფიქრე, რომ მისტერ ჰოლმსი ცოტა არ იყოს, სხვანაირად საუბრობს და არა ისე, როგორც მე მახსოვდა ბავშვობიდან.
ქართულად ვკითხულობდი ხოლმე.
გადავხედე.
სხვაობას მივხვდი.
უფრო ლაღი ცინიზმი აქვს. არა სიკმაცრე, არა ქედმაღლობა, არც გამკიცხავი პოზა. ცინიზმი, ოღონდ დახვეწილი. ბრიტანული იუმორივით. ზუსტად ასეთივე ტონი აქვს თვითონ სერ არტურს. ვცდილობ, თარგმნისას ზედმიწევნით შევინარჩუნო.
წინადადებები ცოტა გრძელია, ინგლისური ენა იხდენს. ქართულადაც ასევე ვწერ, ვცდილობ, წერტილებიც დაემთხვეს. ზოგ ადგილას წინადადება ძალიან გრძელი გამოდის, აზრი ბუნდოვანი ხდება. ამ შემთხვევაში რთულ წინადადებებს მარტივებად ვანაწევრებ. განცდა მაქვს, რომ დანაშაულს ჩავდივარ.


# # #
ყოველთვის მეგონა, რომ კონან დოილი უფრო მეტად დოქტორი უოტსონი იყო. ახლა ვფიქრობ, რომ უფრო შერლოკ ჰოლმსია.
მეორე ნაწილის პირველი თავის დასაწყისმა ბეჭებზე დამდო.
აქამდე ვფიქრობდი, რომ გადავრჩით გარემოს აღწერებს.
კიდევ კარგი, მალევე გადავედით მოქმედებაზე.


# # #
პირველი და მეორე ნაწილი ორი სხვადასხვა სამყაროა.
მკითხველამდე უნდა მივიტანო ეს.
ენობრივადაც სხვანაირია.
ვცდილობ, მაქსიმალური კონტრასტი ვაჩვენო ამ ორი ნაწილის ჟღერადობაში.


# # #
ძველებურ სიტყვებს ვერიდები.
ჩვეულებრივი ენით წერს. მეც ჩვეულებრივად უნდა ვთარგმნო.
მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე.
პირველი ნაწილი: ჩვეულებრივი მეტყველება + ირონია.
მეორე ნაწილი: ჩვეულებრივი მეტყველება + თავზეხელაღებული, თავხედი კილო.
ტექსტი ბუნებრივად უნდა ჟღერდეს.
ვცდილობ, დიალოგები ცოცხალი იყოს.
დავდივარ ოთახში, ხმამაღლა ვამბობ ტექსტს, თითქოს სპექტაკლისთვის ვემზადებოდე.

# # #
ქართულ ნაცვალსახელებში სქესი არ ჩანს. მკითხველი რომ არ დაიტანჯოს, ზოგგან "ქალი" და "კაცი" მიწევს ჩავწერო. ვდარდობ.

# # #
შემოთავაზებული ვარიანტი "თვალსასეირო" არ მომწონს. ძალიან ძველებურია. ალტერნატივას ვუძებნი.


# # #
თარგმნა დავამთავრე.
სამმაგი დეტექტივი წავიკითხე-მეთქი, ვამბობ.
ორმაგი თვითონაა, მესამე ფენა ჩემთვის გადმოქართულება იყო.
ვაკვირდები, როგორ ლაგდება ტექსტი ქართულად.
ნატურმოტრის ხატვას ჰგავს.
ვიდრე არ დაასრულებ, არ იცი, რა გამოვიდა.
ვკითხულობ უკვე ქართულად და ვამბობ, აჰა! აი, თურმე, როგორ გამოვიდა.
შორისდებულები ზუსტად გამომაქვს, ჟღერადობით.


# # #
წიგნი სტამბაშია.
მეშინია.
მეშინია, როგორი გამოვა უკვე დაბეჭდილი.
ყდა საშინლად მომწონს.
მეშინია, როგორ მიიღებს მკითხველი თარგმანს.
მინდა, ოჩოპინტრეს დავურეკო და ვუთხრა, ბეჭდვა შეწყვიტეთ-მეთქი.
ამისიც მეშინია.

# # #
წიგნი ვნახე.
რა კარგად გამოიყურება.

# # #
პრეზენტაციაზე ვიბლუკუნე.
არადა, როგორც წესი, ლაპარაკი არ მიჭირს ხოლმე.
თითქოს შიშველი ვიდექი და მრცხვენოდა.
ადამიანები წიგნს შინ წაიღებენ, გადაშლიან. სრულ სიჩუმეში ერთი-ერთზე დარჩებიან ტექსტთან და ჩემს სიტყვებს წაიკითხავენ. მერე რა, რომ ავტორი კი არა, მთარგმნელი ვარ. ამ სიტყვებმა ხომ ჩემში გამოიარეს.
მეშინია.
არ ვიცი, კონკრეტულად რისი.
ვხედავ, ხალხი დგას ოჩოპინტრეს სტენდთან.
წიგნებს იღებენ.
მინდა, გავიქცე.
კიდევ კარგი, ვერავინ მცნობს.


# # #
შინ მივედი თუ არა, "შიშის ველის" კითხვა დავიწყე.
ფანქრით ვზივარ.
ვშლი, ვწერ, ვასწორებ.
რა თქმა უნდა, ისევ ვდარდობ.
ოჩოპინტრეს ვურეკავ, კორექტურებია გაპარული.
მამშვიდებს, პრეზენტაციაზეც ხომ ვთქვით, რომ მეორე გამოცემისას იქნება "შევსებული და შესწორებული" გამოცემა.
შევსება არ სჭირდება, არაფერი გამომიტოვებია.
შესწორება რომ მესმის, თითქოს ცოტა ვმშვიდდები.
უფრო მეტად ვაჭრელებ ფანქრით.
არასოდეს მაკმაყოფილებს, რასაც ვაკეთებ.
ეს სწორია. მართებული დამოკიდებულებაა, ვეუბნები ჩემს თავს.

# # #
მეშინია, რომ ყოველთვის ყველა შენიშვნას დავიჯერებ, თუნდაც უსამართლოს.
კაცი მედავა, რომ ერთ-ერთ უცხო ენაში, რომელსაც მრავალი წელია ვსწავლობ (და მე რომ საკუთარ თავს ასე არ ვექცეოდე, ალბათ დიდი ხნის წინ ვაღიარებდი, რომ ვიცი-მეთქი), ასო კ არ არსებობს და მის ნაცვლა გ თუ ქ არისო. ეჭვი, რა თქმა უნდა, ჩემს თავში შემეპარა. ხელახლა წავიკითხე მთელი ფონეტიკა, შევადარე სხვა ენებს, ბევრი დრო დავკარგე კვლევაზე.
სულელი გოგო.
ხომ თავიდანვე ვიცოდი, რომ მართალი ვიყავი.
რატომ შემეპარა ეჭვი?
მშიშარა.
თარგმანზე არავინ არაფერს ამბობს.
ეს დუმილი მაშინებს.


# # #
ერთი მკითხველის შენიშვნებმა მოაღწია ჩემს ყურამდე.
დავდივარ და შეშლილივით ვიმეორებ, ნუთუ ასეთი ცუდი მთარგმნელი ვარ?
მართლა ასეთი ცუდი მთარგმნელი ვარ?
მეშინია, რომ რაღაც საშინელება ჩავიდინე.
მავიწყდება, რომ პირველი თარგმანია.
მავიწყდება, რომ იმ მკითხველს, წიგნი არ წაუკითხავს.
მავიწყდება, კიდევ რა დამავიწყდა.
მეშინია, რომ ახლა ამის დაწერითაც რაღაც დავაშავე.

როდის გავხდი ასეთი მშიშარა?




მაია კილაძე
ოჩოპინტრესთვის











  

No comments:

Post a Comment