Thursday 25 June 2015

წყლის ძალა და სისასტიკე


„წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა, შვილო!“ – მეტყოდა ხოლმე ბებო, რომელიც სოფელში საზაფხულო არდადეგებზე ჩასულს ჭიდან წყლის ამოღებას მთხოვდა, მე კი ამ დავალებას სიხარულით ვასრულებდი და დალოცვასაც სიამაყით გაჯგიმული ვიღებდი. თუმცაღა, მისი არსი დიდად არ მესმოდა. დროთა განმავლობაში წყლის ძალა მეტ-ნაკლებად გავიაზრე. შემდეგ უნივერსტეტში ჩავაბარე. მახსოვს, ჯერ კიდევ პირველ კურსზე, როდესაც ლექტორები გეოგრაფიის ანაბანას გვასწავლიდნენ, გვიყვებოდნენ მდინარე ვერეს სასტიკ შესაძლებლობებზე. ამის გამგონე ახალბედა სტუდენტებს სახეზე ღიმილი გვეფინებოდა.
აბა, რას წარმოვიდგენდით, რომ ამ „უწყინარ“ მდინარეს დამანგრეველი ძალა ჰქონდა და ვთვლიდით, რომ ჩვენი პედაგოგები შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, უბრალოდ აბუქებდნენ. დროთა განმავლობაში ეს უკვე არც ისე სასაცილო ჩანდა, თუმცაღა რეალობაში ახლახანს გამოცდილიც ვერ წარმოგვედგინა...
ამ თემაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, ჩემი წერილი მავანს, ალბათ, მეტიჩრობად მოეჩვენება. მე კი მას უფრო საკუთარ სისუსტეს მივაწერდი. დაგროვილი განცდების, რომლებიც მძიმე ბურთად გეჩხირებიან სადღაც ყელში, კლავიატურაზე დანთხევით, დათრგუნული ყოფის შემსუბუქებას შევეცადე. დათრგუნული კი თბილისში ყველაა. ან იყო მაინც რამდენიმე დღის წინ. რთულია იმდენად ძლიერი იყო, არ იმოქმედოს ზაფხულის ერთი, თითქოსდა არაფრით, მხოლოდ თბილისური ხვატით გამორჩეულმა დღის დასასრულმა, რომელმაც ხელაღებით მოსპო მრავალი სიცოცხლე. ამ ყველაფერზე გულგრილობა კი სიძლიერეზე მეტად, ალბათ, სხვა რამეა. სტიქია თავისთავად ტრაგედიაა. ტრაგედია კი მით უფრო მძაფრია თუ მას ადამიანების სიცოცხლე ეწირება.  სამწუხაროდ 13 ივნისის ღამეს თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა.
ბუნებას უხეშად არ უნდა შევეხოთ. ეს ადამიანებმა ვიცით. მეტიც, თეორიულად ძალიან კარგად ვიცით. თუმცაღა პრაქტიკაში სრულიად სხვაგვარად ვმოქმედებთ. ბუნება კი ამ ყველაფერზე თავისი ძალითა და ხშირად სისასტიკითაც გვპასუხობს.
თბილისში მომხდარ ტრაგედიას ბევრი რამ მოჰყვა: საზოგადოების გაერთიანება დაზარალებულთა დასახმარებლად; პოლიტიკური სპეკულაციები; საპატრიარქოს (რბილად რომ ვთქვათ) მეტად უცნაური განცხადება, ხოლო შემდეგ ყველასათვის მისასალმებელი მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერა სტიქიით დაზარალებულთა მიმართ; ახალგაზრდების საუკეთესო კუთხით წარმოჩენა და იქვე თაობათა შორის მორიგი დაპირისპირება... ერთი სიტყვით, კარგიცა და ცუდიც.
მომხდარში ვინმეს ცალსახად დადანაშაულება, ალბათ, დიდი უმსგავსობაა. ზუსტად ვერც იმას გამოვთვლით, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა იყო შესაძლებელი. ეს ვერც ვერაფერ ნუგეშს მიანიჭებს იმ ოჯახებს, რომელთაც შვილები დაკარგეს. ვერც ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახს, რომელიც თავის მხრივ უდანაშაულო მტაცებელმა დაგლიჯა. ზურაბ მუზაშვილიც მრავალთათვის უსახელო გმირად დარჩება, რომელმაც რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლო, რასაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა. რაღა თქმა უნდა, იგი გმირია, თუმცაღა ვერც ეს სტატუსი შეუვსებს მის ოჯახსა და ახლობლებს აუნაზღაურებელ დანაკლისს.
ამიტომაც ვთვლი, რომ დაღუპულთა წინაშე დამნაშავეები ზოგადად ადამიანები ვართ. შეიძლებოდა თავიდანვე მდინარე ვერეს კარგად შესწავლა და მისი ხეობის უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვის შემდეგ ათვისება (მესმის, რომ ქალაქი განვითარებას საჭიროებს), შეიძლებოდა ხეობაში, სახიფათო ადგილებში მშენებლობების აკრძალვა (მესმის, რომ ადამიანებს სახლები სჭირდებათ), შეიძლებოდა ახალი მაგისტრალის გაყვანისას ადგილის მეტად შესწავლა და სიფრთხილით მშენებლობა (მესმის, რომ ხელისუფლებას საქმის კეთება ეჩქარება), შეიძლებოდა სტიქიისას უფრო სწრაფი რეაგირება სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან (მესმის, რომ მსგავსი საგანგებო სიტუაციისას მოქმედება კიდევ უფრო რთულია), შეიძლებოდა ზოოპარკის სხვა ადგილას აქამდე გადატანაც (მესმის, რომ ქალაქის ცენტრი დამთვალიერებელთათვის მისასვლელად გაცილებით ხელსაყრელია)...
თბილისის ზოოპარკამდე თავისთავად მივედით. სტიქიისას, ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ მან მიიღო. სამი თანამშრომლის დაღუპვა და რუდუნებით ნაშენები საქმის (თანაც, როდესაც საქმე ცოცხალ არსებებს ეხება) წუთებში დანგრევა, დამეთანხმებით, ურთულესი დარტყმაა. აღარაფერს ვამბობ პოსტსტიქიურ ფსიქოლოგიურ წნეხსა და გარკვეული ჯგუფების მიზანმიმართულ ბრძოლაზე ამ ორგანიზაციის იმიჯისა და პირადად მისი დირექტორის წინააღმდეგ. „ოჩოპინტრესა“ და ზოოპარკის ურთიერთობის შესახებ ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან. ძალიან კარგი, საოცრად პოზიტიური და სასიხარულო ამბები, რომლებიც თბილისის ზოოპარკში ხდებოდა, ლამაზ წიგნად უნდა გამოგვეცა. ამ პროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ თუ არა, არ ვიცით. ამაზე არ გვილაპარაკია. ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება თბილისის ზოოპარკს, მჯერა, ისევ ავაშენებთ. აუცილებლად. უფრო მაგარსაც, ვიდრე იყო. ზურაბ გურიელიძის თაოსნობით. ზღაპარიც თავიდან დაიწყება და ზოოპარკის ახალი უფლისწულებიც დაიბადებიან. და, რაც მთავარია, საშინელი დასასრული აღარ ექნება. (იმედია, მავანი, ცხოველების ადამიანებზე წინ დაყენებას არ დამაბრალებს ამ წერილის წაკითხვის შემდეგ).
ახლა კი დავასრულებ ისედაც გაგრძელებულ სიტყვას. ბოდიშისმაგვარი წინდაწინ მოვიხადე, მათთვის კი ვინც ამ წერილის ბოლომდე ჩაკითხვა შეძლო, გავიმეორებ და ვიტყვი: ჩემი სისუსტის ბრალია, დაგროვილი განცდების ყელში გაჩხერილ ბურთად შენახვა რომ ვერ შევძელი.
„წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა, შვილო!“ – მეტყოდა ხოლმე ბებო, რომელიც სოფელში საზაფხულო არდადეგებზე ჩასულს ჭიდან წყლის ამოღებას მთხოვდა.

წყლის ძალა მოგცეთ, მისი სისასტიკე კი გაშოროთ ღმერთმა, ადამიანებო.

No comments:

Post a Comment