Monday 25 May 2015

რძიანი ჩაი ბრიტანულად და 90-იანი წლები ჩვენებურად

რძიანი ჩაი ალბათ მთელი მსოფლიოსთვის ლონდონთან ან ინგლისის რომელიმე სხვა კუთხე-კუნჭულთან ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის არც თუ ისე შორეული ან საკმაოდ შორეული 90-იანი წლების გემო აქვს.
წლებია, აღარ დამილევია.
არა მგონია, მშობლებს ბრიტანეთის სიყვარული გახსენებოდათ მაშინ, როდესაც რძიანი ჩაი მოიგონეს. ამ სასმელს სხვა დატვირთვა ჰქონდა. რძე ცოტა იყო და ყველა ბავშვს რომ ჰყოფნოდა, ჩაის ურევდნენ. მხოლოდ მდუღარე წყლით შევსებას ასე სჯობდა. და შემთხვევით, სამეფო კარის სასმელს გვასმევდნენ თურმე. 
არც ახლა მახსენება ხოლმე ლონდონი.
სამაგიეროდ, მახსენდება, როგორ გვიკითხავდა დედა გრაფ მონტე კრისტოს უჩვეულო თავგადასავალს, სამ თუ ოთხ ტომს რომ მოიცავდა და ფანქრის სიმსხო ფანარს თითივით აყოლებდა ნაწერს. ზოგჯერ, როცა თვალები უკვე ძალიან ეტკინებოდა ხოლმე, მე ვენაცვლებოდი. 
მრავალი ცივი და ბნელი საღამო გადაგვატანინა ამ წიგნმა და დღემდე მადლიერების განცდა მაქვს. 
მახსენდება ისიც, რომ სანთლის ნაღვენთს შანდალზე ვაგროვებდით, მერე მამა ადნობდა და ხელახლა ასხამდა სანთელს, ეტყობა, ესეც ძვირი სიამოვნება იყო. კუსტარულად დამზადებული სანთელი ჯიუტობდა, ალი ხტოდა და ციმციმებდა. ასეთ დროს განსაკუთრებით მიჭირდა ალგებრა-გეომეტრიის უამრავი სავარჯიშოს წერა, მათემატიკის მასწავლებელს კი არ ანაღვლებდა ჩემი სანთელი პარპალებდა თუ არა და საშინაო დავალებას ყოველთვის ბლომად გვაძლევდა. 
შეიძლება, ამის ბრალიცაა (ნაწილობრივ მაინც) ახლა რომ ბუნდოვნად ვუყურებ სამყაროს, თუ თვალები არ მოვჭუტე ან სათვალეს არ ვთხოვე დახმარება. 
კიდევ მახსოვს გარკვეული შიში, რომელიც მხოლოდ დიდებმა იცოდნენ. რაღაცების ან ვიღაცების მიმართ, რაზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ და როდესაც ოთახში ბავშვები შევდიოდით, ჩურჩულსაც წყვეტდნენ. 
მახსოვს ისიც, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობოდნენ "ომში ნამყოფ" მეზობლებს და უბნელებს, შინ რომ იარაღი ჰქონდათ და აი, ნერვები კი წესრიგში - ვეღარ. 
მახსოვს თამაში "ქურდი ზონაში" და ახლა რომ ვუფიქრდები, თამაშის მთელი აზრი ის იყო, პატარებს სწორად "ბაზარი" გვესწავლა და ზეპირად და უშეცდომოდ გვცოდნოდა პასუხი კითხვაზე "ტორტი გირჩევნია თუ კაი ბიჭობა". 
ქუჩაში დადიოდა ბევრი "ძმაო" და "დაიკო". 
და კაი ბიჭებს თუ ფული აკლდებოდათ, უნდა მიგეცა. 
უბანში საჭირო ხალხის სახელები და გვარები უნდა გცოდნოდა და "ჩერეზ ნაცნობი" მაინც ყოფილიყავი. 
თუ საქმის კეთება გინდოდა (ჯობდა, არ გდომებოდა), მხოლოდ სახელ-გვარების ცოდნა და გამარჯობა, რა თქმა უნდა, არ კმაროდა. 
რა შუაშია ახლა ამ ყველაფრის გახსენება?
იქნებ ფერადი მაისურების და პასტელის ფერის კედების პალიტრაში ისევ მოჭარებულ შავ ფერებს დააბრალოთ, მაგრამ მიზეზი სხვაა. 
მიზეზი "შიშის ველია". 
სად შერლოკ ჰოლმსი და სად თბილისური 90-იანები, ხომ? 
საერთოდ არ  მიყვარს და არ მესმის რევიუს წერისას წიგნის შინაარსის მოყოლის მუღამი. 
მითუმეტეს, როდესაც საქმე დეტექტივს ეხება. 
თანაც ახალ ნათარგმნს და ჯერ მკითხველამდე მიუსვლელს. 
"სპოილერებს" მინდა მოვერიდო. 
ამ ეტაპზე მაინც. 
ჯერ სხვა მკითხველების ემოციებს და შთაბეჭდილებებს დაველოდები. 
იმის თქმა კი ახლავე შემიძლია, რომ ბავშვობაში წაკითხული ჰოლმსოსტორიებისგან განსხვავებულია ან შეიძლება, მე წავიკითხე სხვანაირად. 
როგორც წინა პოსტებში ვამბობდი, წიგნის უკანა მხარეს აღმოვჩნდი, შორეული ჰოლმსი სულ-სულ ახლოს იყო. 
თითქოს კონან დოილის ხელნაწერებიც კი ვნახე. 
როგორც მთარგმნელი ამბობს, შერლოკი კი არ გაჩვეულებრივდა ჩვენთვის, ოჩოპინტრეებისთვის, არამედ ქართულის სწავლაში დავეხმარეთ.
მგონი, ნიჭიერი გამოდგა ამაშიც. 

რაც შეეხება წიგნს, მაქსიმალურად ვეცადეთ, კომენტარები მინიმუმამდე დაგვეყვანა, რადგან არ გვინდა, მკითხველებზე ზემოქმედება მოვახდინოთ და მათი ფიქრები რომელიმე კონკრეტული მიმართულებით წავიყვანოთ. 
უნდა ვაღიარო, აქამდე არასოდეს დავკვირვებივარ და ახლა აღმოვაჩინე, რომ სერ არტურ კონან დოილი რეალობისა და გამონაგონის ისეთ ნაზავს გვთავაზობს, გამუდმებით ზღვარზე დადის, თავგზას გიბნევს, რა მართლა იყო და რა გამოიგონა. 
კომენტარებში რამდენიმე სახელი, დასახელება და ა.შ. ჩამოვიტანეთ და განმარტებების დართვის მაგივრად უბრალოდ მივანიშნეთ, როგორ იწერება ინგლისურად. დაინტერესებული მკითხველი ან გუგლს ჰკითხავს, ან, თუმცა, არ მგონია, ვინმემ სქელყდიანი ენციკლოპედია გადაშალოს, ინტერნეტი მაინც უფრო მოსახერხებელია.

გარკვეული პარალელები კი კომენტარებშიც არ გვიხსენებია, რადგან გვსურდა, მკითხველებისთვის დაგვეტოვებინა ძებნისა და აღმოჩენის სიამოვნება. 
ოჩოს აზრით, შერლოკოფილებს გამოძიების სურვილი აუცილებლად ექნებათ.        

No comments:

Post a Comment